როგორ აფასებენ პოლიტიკოსები დასავლეთიდან 2008 წლის ომზე ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას

22-01-2021 13:11:12 საგარეო პოლიტიკა

2008 წლის აგვისტოს ომიდან 13 წლის შემდეგ – 21 იანვარს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს რიგით მეორე სახელმწიფოთაშორის დავაზე გადაწყვეტილება გამოაქვეყნა და ევროკონვენციის ხუთი მუხლის დარღვევა, მათ შორის – წამება და მკვლელობები დაადგინა.

გადაწყვეტილებას ევროპელი პოლიტიკოსები ეხმიანებიან.

NATO–ს გენმდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, სტრასბურგის გადაწყვეტილება აძლიერებს დასავლეთის რუსეთისადმი მოწოდებებს:

„NATO მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენტიტეტს საერთაშორისო აღიარებულ საზღვრებში.

ჩვენ ვაგრძელებთ მოწოდებას რუსეთის მიმართ, გააუქმოს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარება და გამოიყვანოს ჯარები. ადამიანის უფლებათა სასამართლოს დავესესხები, სადაც რუსეთი დადანაშულებულია ადამიანის უფლებათა დარღვევაში. ეს მხოლოდ აძლიერებს ჩვენს მოწოდებას რუსეთის მიმართ შეესაბამებოდეს საერთაშორისო სამართალს და პატივი სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას“.

"მივესალმები სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას რუსეთის პასუხისმგებლობაზე ქართველების უკანონო დაკავების საქმეზე, მათ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობაზე, ქართველი სამხედრო ტყვეების წამებასა და სამხრეთ ოსეთში საკუთარი სახლებიდან საქართველოს მოქალაქეების განდევნაზე- რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის დროს. ბრალდების მიხედვით, რუსეთი დამნაშავეა!" - წერს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს ლინკევიჩუსი "ტვიტერზე".

სასამართლოს გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში აფასებს ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდიც.

"საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" - ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო. სამართლიანობამ პოლიტიკაზე გაიმარჯვა. რუსეთმა დაარღვია საერთაშორისო სამართალი,"- წერს მარინა კალიურანდი.

სპეციალური განცხადება გაავრცელდა საქართველოში აშშ–ის საელჩომ.

“სასამართლომ გადაწყვეტილება მკაფიოდ საქართველოს სასარგებლოდ მიიღო და რუსეთი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მრავალი მუხლის დარღვევაში პასუხისმგებლად ცნო, მათ შორის ცალკეული პიროვნებების დაკავებასა და წამებაში და საქართველოს მოქალაქეებისთვის სახლებში დაბრუნების უფლების ჩამორთმევაში.

სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ რუსეთის მთავრობამ არ ჩაატარა სრული ან შესაბამისი გამოძიება იმ მოვლენებისა, რომელიც მოხდა საომარ მოქმედებამდე და მას შემდეგ.

სასამართლოს გადაწყვეტილება კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებს საერთაშორისო საზოგადოების მოთხოვნას, რომ რუსეთმა შეწყვიტოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აშკარა დარღვევები.

განსაკუთრებით საგანგაშო და მიუღებელია რუსეთის მცდელობები, გააკონტროლოს და გამოიყენოს საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონები ბორდერიზაციის გზით, თვითნებური დაკავებებით, ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის გადაკვეთის შეზღუდვითა და სოციალურ-ეკონომიკური და სამხედრო „ხელშეკრულებების” დადებით საქართველოს ორ რეგიონთან.

ეს ქმედებები საფრთხეს უქმნის საქართველოს ამ ტერიტორიებზე მცხოვრები ხალხის სიცოცხლეს, კულტურასა და პირად თავისუფლებებს და არ აძლევს მათ იმ უფლებებით სარგებლობისა და შესაძლებლობების გამოყენების საშუალებას, რაც საქართველოს ყველა მოქალაქისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი”, – ნათქვამია განცხადებაში.

სასამართლოში გამარჯვებას ულოცავს საქართველოს ევროპარლამენტარი ანდიუს კუბილიუსი.

"პირველ რიგში, ვულოცავ საქართველოს და მათ, ვინც საქართველოს წარმოადგენდა, დაერწმუნებინა სასამართლო. ჩვენ ყველამ ვიცით რომ საქართველო სიმართლის მხარესაა, რუსეთი კი პასუხისმგებელია იმაზე, რაც გააკეთა, თუმცა ამის სასამართლოში დამტკიცება ძალიან მნიშვნელოვანია.

რა თქმა უნდა, მთავარია, რა შედეგი მოყვება ამ ყველაფერს, აიძულებენ თუ არა რუსეთს, შეასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილება. ვიცით, რომ რუსეთში პუტინია, მისგან იმის მოლოდინი, რომ გადაწყვეტილებას შეასრულებს, გულუბრყვილობა იქნებოდა, თუმცა გადაწყვეტილება გადაწყვეტილებაა. დარწმუნებული ვარ, პუტინი რუსეთს სამუდამოდ ვერ მართავს, დარწმუნებული ვარ, ოდესმე იქ დემოკრატიის დრო მოვა და მაშინ ეს გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება", - ამბობს კუბილიუსი.

უკრაინაში აშშ-ის ყოფილი ელჩი, ანალიტიკური საბჭოს ევრაზიული ცენტრის დირექტორი ჯონ ჰერბსტი რუსეთ–საქართველოს 2008 წლის ომის თაობაზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECHR) გადაწყვეტილებას საქართველოსთვის დიდ გამარჯვებად აფასებს:

"ეს არის დიდი გამარჯვება საქართველოსთვის: ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ ომის დროს დაარღვიია საერთაშორისო სამართლის რამდენიმე მუხლი. მათ შორის, ის, რომ რუსეთი ხელს უშლის იძულებით გადაადგილებული პირების საკუთარ სახლებში დაბრუნებას. ეს ხსნის გზას ინდივიდუალური პირებისთვის, რომ მათ კრემლის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევისთვის, რუსეთის წინააღმდეგ სასამართლოს კომპენსაციის მიღების მოთხოვნით მიმართონ" - განუცხადა "აქცენტს" ანალიტიკოსმა.

[განახლებადი]

იხილეთ ასევე:

ახალი ამბები

სხვა სიახლეები