მელიას საქმის „უხერხულობანი“ – ყოფილი პროკურორის და მოსამართლის ანალიზი

16-02-2021 17:34:46 ,

საქართველოს მე–10 მოწვევის პარლამენტის 88 დეპუტატმა „ქართული ოცნებიდან“ ენმ–ის თავმჯდომარის ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი მოუხსნა, რაც ხელს უხსნის პროკურატურას, სასამართლოს მელიასთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართოს. როგორც პროკურორი აცხადებს, შესაბამისი მოთხოვნა სასამართლოს დღესვე წარედგინება. თავად „ქართული ოცნების“ დეპუტატები გადაწყვეტილებას მართლმსაჯულების აღსრულების მოტივაციით ხსნიან, თუმცა განსხვავებული მოსაზრებები აქვთ იურისტებს. ყოფილი პროკურორი და მოსამართლე მაია მწარიაშვილი რამდენიმე „უცნაურ“ გარემოებაზე ამახვილებს ყურადღებას, რაც მისი ხედვით, საქმეში პოლიტიკური მოტივების არსებობაზე მიუთითებს. მათ შორისაა მელიასთვის იმუნიტეტის უკვე მეორედ მოხსნა.

„პარლამენტმა ორჯერ დააპატიმრა მელია“

„პარლამენტმა ორჯერ დააპატიმრა მელია. კი ამბობენ, „ვეხმარებით მართლმსაჯულების განხოციელებასო“, მაგრამ პროკურატურა პარლამენტს სთხოვს თანხმობას პატიმრობაზე და არაფერ სხვაზე. მათ თანხმობა სწორედ პატიმრობაზე გასცეს. ვიყავი პროკურორი, სისხლის სამართლის მოსამართლე და არაერთხელ მქონია შეხება დაკავება–პატიმრობასთან. ეს პროფესიონალისთვისაც კი ემოციურად, სამართლებრივად ძალიან მძიმე გადაწყვეტილება, პასუხისმგებლობის ტვირთია. მარტივი არ არის ადამიანის პატიმრობაზე გადაწყვეტილება და ეს პროფესიონელებსაც უჭირთ. ძალიან მიკვირს, რომ ამას საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები ერთხმად აკეთებენ – კოლექტიური აზროვნების პარლამენტი იძლევა პატიმრობაზე თანხმობას ორჯერ“.

ორი გირაო

მწარიაშვილი ამბობს, რომ გადაწყვეტილებას მართლმსაჯულების განხორციელებასთან საერთო არაფერი აქვს და ამ კონტექსტში აღკვეთის ღონისძიების გამოყენების არსს განმარტავს:

აღკვეთის ღონისძიება ძირითადი საქმის ბოლომდე მიყვანის მიზნებისთვის გამოიყენება, რომ განაჩენი აღსრულდეს, ბრალდებული არ მიიმალოს, მტკიცებულებები არ განადგურდეს და ა.შ. ის ძირითადი საქმე ყველას დაავიწყდა, სასამართლოში გაშვებულია, მაგრამ სადღაც აგდია, ჩაკარგულია და იქნება მოლოდინის რეჟიმში, როდის მოვა მისი განხილვის ხელსაყრელი დრო და მთელი ბატალიები მიდის აღკვეთის ღონისძიების გარშემო, რომელიც სრულიად არარელევანტური გახდა ძირითად საქმესთან მიმართებაში.

როდესაც სასამართლომ მელიას თავდაპირველად შეუფარდა გირაო, დამატებითი ვალდებულებებით დატვირთა და გზაში დააწიეს ელექტრონული მონიტორინგი, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძველი მაშინ საერთოდ არ იყო: გარემოებების მამტკიცებელი, რომ ის მიემალება გამოძიებას, გაანადგურებს მტკიცებულებებს, ჩაიდენს ახალ დანაშაულს, ამდაგვარი არაფერი მომისმენია პროკურატურისგან. სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და აღკვეთის ღონისძიება დახუნძლა დამატებითი ვალდებულებებით, რამაც შემდეგ პრობლემები შექმნა. მიუხედავად იმისა, რომ მელიას თანხმობის გარეშე სახლის დატოვება და განცხადებების კეთება აუკრძალეს, ის ამას აკეთებდა და არაერთხელ, ვიდრე ელექტრონულ სამაჯურს მოიხსნიდა. თუმცა პროკურატურა ამბობს, „სანაქებოდ ასრულებდა ამ ხნის განმავლობაშიო“, თუმცა არაერთი საჯარო გამოსვლა გვახსოვს“.

მწარიაშვილი განმარტავს, რომ გირაო ყოველთვის არჩევანია და მას საერთო არაფერი აქვს სამართლის უზენაესობასთან:

„ეს არ არის ჯარიმა. შემიძლია, გადავიხადო, შემიძლია, არ გადავიხადო – ეს ჩემი არჩევანია. ამისთვის სასამართლო ვადას მიდგენს“.

მწარიაშვილის შეფასებით, კიდევ ერთი უხერხულობა, რომელიც საქმეს თან ახლავს, სწორედ პირველი აღკვეთის ღონისძიების შემდეგ განვითარებული მოვლენებია: ის იშველიებს კანონს და განმარტავს, რომ აღკვეთის ღონისძიების პირობების დარღვევისას გამოიყენება უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიება, რაც უდავოდ პატიმრობაა:

„ამ ნორმის ამგვარი განმარტების პრაქტიკა [როგორც მელიას საქმეში წარიმართა], არც ერთ სხვა საქმეში არ არსებობს – ხელისუფლებამ იფიქრა და დაკავების უხერხულობა ამ გზით აიცილა თავიდან“.

მწარიაშვილი იმ გარემოებაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომ კანონი იცნობს გირაოს შემცირებას და არა გაზრდას. ამ კონტექსტში ის იხსენებს, რომ სასამართლომ მეორე ჯერზე მელიას გირაოს სახით 70 000 ლარი შეუფარდა და არა 40 000, რაზეც ამჯერად აპელირებენ. ამდენად, მისთვის ამ ოდენობის თანხის გადახდა უნდა მოეთხოვათ, ვინაიდან, კანონის თანახმად, პირველ ჯერზე გადახდილი 30 000 ლარი იმთავითვე უნდა მიმართულიყო ბიუჯეტში.

„სასამართლოს მოუწევს, თავის არსს დაუბრუნდეს“

ამასთან, მწარიაშვილი განმარტავს, რომ გირაო და დამატებითი ვალდებულებები ერთმანეთისგან განსხვავდება:

„დაიკარგა მთავარი ამბავი – გირაო და დამატებითი ვალდებულებები. ელექტრონული მონიტორინგიც დამატებითი ვალდებულებაა. დღეს გვეუბნებიან, რომ მელიამ დაარღვია არა აღკვეთის ღონისძიების ძირითადი პირობები, არამედ – დამატებითი ვალდებულება – ელექტონული სამაჯური მოიხსნა. სასამართლოს მოუწევს, თავის არსს დაუბრუნდეს, აღკვეთის ღონისძიების რეალურ ბუნებაზე იმსჯელოს – თუ რას ემსახურება ის:

ძირითადი ხაზი გადის, „მელიას ვასწავლით ჭკუას, რომ პატივი სცეს სახელმწიფო ინსტიტუტებსო“, მაგრამ აღკვეთის ღონისძიების მიზანი არაა, ეს პატივისცემა გასწავლოს. სწორედ ესაა აცდენა. სასამართლო უნდა დაუბრუნდეს საწყისს და იმსჯელოს, რამდენად ემსახურება აღკვეთის ღონისძიება მიზანს“.

მწარიაშვილის ანალიზით, თუ სასამართლო თავს „აიტკივებს“, სხვა გადაწყვეტილებას მიიღებს, ხოლო თუ არ აიტკივებს, ძალიან მშრალად შეაფასებს მოვლენებს, როგორც აღკვეთის ღონისძიების პირობის დარღვევად და გამოიყენებს უფრო მკაცრ ღონისძიებას:

სასამართლოს ძალიან ფართო დისკრეცია აქვს და თუ ის კანონის ფართო ინტერპრეტაციის გზით წავა, შეიძლება, ითქვას, რომ ამ საქმეში აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძველი არ არსებობს, მით უმეტეს, მეორე გირაოს დროს სასამართლომ ელექტრონული სამაჯური აღარ გამოიყენა და არც პროკურატურამ მოითხოვა. ანუ, რისთვისაც მას გირაო დაუმძიმეს, თქვეს, „საჭირო აღარ არისო“ და ახლა კვლავ სამაჯურია აქტუალური თემა“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები