ბჟანიას ყოფილი თანაშემწე: „საქართველოში ინვესტიციების მოსაზიდად ვიყავი და კიდევ წავალ“

02-03-2021 18:21:35 კონფლიქტები

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას ყოფილი თანაშემწე, ბიზნესმენი ბენურ კვირაია საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მის ვიზიტთან დაკავშირებით აგორებულ სკანდალს ეხმიანება და აცხადებს, რომ “საქართველოში ადრეც დადიოდა და მომავალშიც ივლის აფხაზეთისა და მისი ხალხის საკეთილდღეოდ”.

როგორც კვირაიამ აფხაზურ ტელევიზიასთან ინტერვიუში განმარტა, ეს იყო მისი კერძო ვიზიტი, რომლის მიზანს წარმოადგენდა აფხაზეთში ინვესტიციების მიზიდვა და ამასთან დაკავშირებით იგი რუს მეგობარ ბიზნესმენს უნდა შეჰხვედროდა.

«მე ვხელმძღვანელობდი შპს «სქურჩას» - ეს თავისუფალი ეკონომიკური ზონაა. თავად თეზ-ის იდეოლოგია კი ითვალისწინებს იმას, რომ აქ უნდა იყოს თავისუფალი ვაჭრობა, მსოფლიო სავაჭრო ცენტრი. ამ მიზნით წავედი საქართველოში და წავალ მომავალშიც” – განაცხადა კვირაიამ.

ამასთან, ბიზნესმენი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე “პრეზიდენტ” ბჟანიას დავალებით არ წამოსულა.

“მე ვიყავი ასლან ბჟანიასთან 18 თებერვალს და ვთხოვე, მისგან წავსულიყავი, მაგრამ უარი განმიცხადა და თქვა, რომ სანამ მისი თანაშემწე ვიყავი, საქართველოში არ წავიდოდი. 19 თებერვალს ჩემი მოწმობა ჩავაბარე და საქართველოში წავედი. ეს იყო ჩემი პირადი, კერძო ვიზიტი, რათა ჩვენს სამშობლოში დიდი ინვესტიციები მოვიზიდო. მინდა, ავაშენო პორტი, დიდი სასტუმროები, მინდა, ჩამოვიტანო აფხაზეთში დიდი ფული, რომ ჩვენმა ხალხმა ამოისუნთქოს და საკადრისად იცხოვროს და არა ისე, როგორც ახლა, რომ ჩვენს ბავშვებს ჰქონდეთ საკადრისი განათლება, ხოლო პედაგოგებს – ნორმალური ხელფასი, რომ ჩვენს სახლში წესრიგმა დაისაგუროს… მე ამისთვის ვიბრძოდი თავის დროზე, ამისთვის ვიღწვი ახლაც, ამისთვის დავდიოდი საქართველოში და ვივლი კიდევ” , – განაცხადა კვირაიამ.

იხილეთ ასევე: ვემსახურები რუსეთს! - კორუმპირებულმა პრორუსულმა აფხაზურმა ოპოზიციამ რევანში წამოიწყო

კორუმპირებული პრორუსული ოპოზიციის ბრალდებების საპასუხოდ კი მან აღნიშნა, რომ 1989 წლიდან აფხაზურ “განმათავისუფლებელ მოძრაობაში” იმყოფებოდა, მონაწილეობდა ყველა ოპერაციაში, ომის დასრულების შემდეგ კი “ყველაფერს აკეთებს სამშობლოს კეთილდღეობის მისაღწევად”.

«ყველას, ვინც ცდილობს, რაღაც ფორმით წარმომაჩინოს, ვეპატიჟები აქ: ჩამოვიდნენ და ამიხსნან, რომ არ იციან, რას ვცდილობ და რას ვაკეთებ, როგორ იყენებენ ჩემს მიმართ მსგავს რიტორიკას? მინდა, იმ პარტიებს, რომლებმაც ხმაური ატეხეს, ისიც ვკითხო, გააჩნიათ კი რაიმე პროგრამა, რომელიც აფხაზურ ეკონომიკას გააჯანსაღებდა, ან სოციალური პროგრამა ჩვენი ბავშვებისთვის, ქალებისთვის? თუ უბრალოდ უნდათ, მუდმივად რუსეთის დოტაციებზე ვიმყოფებოდეთ?! ანდაც რა, მე ერთადერთი ვარ, ვინც საქართველოში ჩამოვიდა? აფხაზეთიდან საქართველოში გასულ წელს 5000-მდე მოქალაქე იყო ჩამოსული, იქ ჩვენი მოქალაქეები მკურნალობენ!” - აღნიშნა მან და დასძინა, რომ არანაირი პარტიის ან მოძრაობის წევრი არაა და არ თვლის თავს ვალდებულად, თავისი ქმედებები რომელიმე პარტიას შეუთანხმოს.

პრორუსული ოპოზიციის მოთხოვნით კვირაიას ვიზიტისა და "შექმნილი ვითარების" თემებს ხვალ აფხაზური "პარლამენტი" განიხილავს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები