რატომ “ვჩეხავთ” ნანატრ ხიდს, რომელიც აფხაზეთის მიმართულებით გაჩნდა

03-03-2021 16:13:41 კონფლიქტები

აფხაზეთის წინა - რაულ ხაჯიმბას დე ფაქტო ხელისუფლების ყოფილი კორუმპირებული ჩინოსნების, ამჟამად კი პრორუსული ოპოზიციის მოთხოვნით აფხაზურმა “პარლამენტმა” დღეს “საქართველოსთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების აკრძალვის” საკითხი უნდა გადაწყვიტოს.

ინფორმაციისთვის:

    • გუშინ, 2 მარტს ომის ვეტერანთა აფხაზურმა ოპოზიციურმა ორგანიზაცია “არუაამ” განცხადება გაავრცელა და მოუწოდა “ყველას, ვინც აღშფოთებულია აფხაზი ჩინოსნის საქართველოში ვიზიტითა და სოცქსელში გავრცელებული ვიდეოთი, რომელიც აფხაზეთის მტრის – საქართველოს სადღეგრძელოს შეიცავს”, საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილიყვნენ. დღის 12:00 საათისთვის სოხუმის ცენტრში მდებარე მოედანზე ოპოზიციური ორგანიზაციების – “სახალხო ერთობის”, «არუუას», «აფსადგილის», «აბააშის» წევრებმა და მხარდამჭერებმა დაიწყეს შეკრება. მათ ცოტა ხნის წინ გადამდგარი “პრეზიდენტის” ოდიოზური თანაშემწე ახრა ავიძბა და მოქმედ დე ფაქტო ხელისუფლებაზე სხვადასხვა მიზეზით განაწყენებული სხვა რიგი ცნობადი ფიგურებიც შეუერთდნენ. როგორც ჟურნალისტებს “არუაას” ლიდერმა თემურ გულიამ განუცხადა, “ხალხი მოედანზე იმასთან დაკავშირებით შეიკრიბა, რომ სოცქსელში გაჩნდა ინფორმაცია საქართველოში აფხაზეთის პრეზიდენტის თანაშემწის – ბენურ კვირაიას ვიზიტის შესახებ და ვიდეო, რომელზეც კვირაია საქართველოს და მისი ქართველი მეგობრის – აფხაზეთისა და აფხაზი ხალხის მტრის სადღეგრძელოს ამბობს და მისი სახელობის პარკის გახსნის პირობას დებს”.
    • 13.00 სთ-ისთვის შეკრებილები “პარლამენტისკენ” დაიძრნენ. იმ დროისთვის “პრეზიდენტ” ასლან ბჟანიას პრეს-სამსახურმა უკვე გაავრცელა განცხადება იმის შესახებ, რომ 19 თებერვალს ბენურ კვირაიამ საკუთარი ნებით დატოვა “საგარეო ეკონომიკური კავშირების დარგში პრეზიდენტის თანშემწის” თანამდებობა, შესაბამისად, ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ის კერძო ვიზიტით იმყოფებოდა და რომ მისთვის დე ფაქტო ხელისუფლებიდან არავის არაფერი დაუვალებია.
    • ოპოზიციის ოთხი წარმომადგენელი (“სახალხო ერთობის” ხელმძღვანელი ასლან ბარციცი, “არუაას” ლიდერი თემურ გულია, პარტია “აფსნის” ხელმძღვანელი ვიტალი გაბნია, “არუაას” წევრი, გალის რაიონის დე ფაქტო ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი თემურ ნადარაია) “პარლამენტის” სპიკერთან შესახვედრად შენობაში შევიდნენ. ოდნავ მოგვიანებითმათ “აფხაზეთის ეროვნული მოძრაობის” ლიდერი ადგურ არძინბაც შეუერთდა.
    • ამ შეხვედრის განმავლობაში “პარლამენტის” წინ ვითარება დაძაბული იყო, ოპოზიციისა და დე ფაქტო ხელისუფლების მხარდამჭერებს შორის რამდენჯერმე მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება.
    • შეხვედრის დასრულების შემდეგ მომიტინგეებთან “სპიკერი” ვალერი ქვარჩია, ასევე თემურ ნადარაია გავიდნენ და აცნობეს, რომ ხვალ – ანუ 3 მარტს პარლამენტარები “შექმნილ ვითარებას” გაფართობულ სხდომაზე განიხილავდნენ. «ჩვენც აღგვაშფოთა ინფორმაციამ ამ ვიზიტისა და ვიდეოს შესახებ. 3 მარტს კრიპტოვალუტის უკანონო მოპოვების საკითხზე ვაპირებდით მსჯელობას, თუმცა 2 მარტის მოვლენებთან დაკავშირებით გადავწყვიტეთ, მათზე ვიმსჯელოთ», – განაცხადა ქვარჩიამ. თავის მხრივ, თემურ ნადარაიამ აღნიშნა, რომ “დიდი ხანია, არსებობს ექს-პრეზიდენტ სერგეი ბაღაფშის განკარგულება საქართველოსთან ვაჭრობის აკრძალვის თაობაზე, მაგრამ ოპოზიცია მოელის, რომ პარლამენტი 3 მარტს განიხილავს დამატებით დადგენილებას პოლიტიკური საკითხის გადაწყვეტამდე – ანუ საქართველოს მიერ დამოუკიდებელი აფხაზეთის სტატუსის აღიარებამდე მასთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების აკრძალვის შესახებ”. ამასთან, მან დააზუსტა, რომ “რაც შეეხება ენგურჰესს, ეს ცალკე თემაა”.

რას გადაწყვეტს “პარლამენტი” – დღეს შევიტყობთ. მანამდე კი გთავაზობთ, გავერკვეთ, რა პროცესებთან გვაქვს რეალურად საქმე.

რას წარმოადგენს და რა რეალური მოტივები ამოძრავებს აფხაზურ ოპოზიციას

ბოლო დღეების მოვლენების შემხედვარე საქმეში ჩაუხედავმა ადამიანმა შეიძლება, იფიქროს, რომ აფხაზურ ოპოზიციას რაღაც “ეროვნული სულისკვეთება”, “პატრიოტული გრძნობები”, ან თუნდაც რაიმე პოლიტიკური ხედვა ამოძრავებს. თუმცა რეალურად, საქმე სულ სხვაგვარადაა - ბევრად მარტივად: ოპოზიციონერთა უმეტესობას ყოფილი დე ფაქტო ჩინოსნები და მათთან დაახლოებული პირები წარმოადგენენ, რომლებიც რაულ ხაჯიმბას “ხელისუფლებაში” კარგად ითბობდნენ ხელს რუსეთიდან “აფხაზეთის განვითარებისთვის” გამოგზავნილი ფულით, ახლა კი ამ შემოსავლის გარეშე დარჩენილები რევანშს ლამობენ. ამის გამო ისინი ოპტიმალურ პარტნიორებს წარმოადგენენ აფხაზეთის საბოლოო ანექსირების მსურველი კრემლისთვის, რომელსაც არაფერში აწყობს ამჟამინდელი – თბილისთან "დიალოგისა და სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის" მსურველი დე ფაქტო ხელისუფლება ასლანა ბჟანიას გუნდის სახით.

“აქცენტი” უკვე წერდა, რომ ოპოზიცია, რომელიც მეტწილად “ხელისუფლებაში” ყოფნის დროს რუსული ფულით გამდიდრებული ყოფილი კორუმპირებული ჩინოსნებითაა დაკომპლექტებული, 11 მარტისთვის მოსკოვის დახმარებით აფხაზეთში მორიგი “რევოლუციის” მოწყობას გეგმავს.

ხოლო იმას, რომ აფხაზურ ე.წ. ოპოზიციას მხოლოდ ჯიბეების კვლავ გასქელების სურვილი ამოძრავებს, ადასტურებს “აქცენტის” მიერ დღეს დილით სოხუმიდან მიღებული ინფორმაციაც: საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ბოლო – 25 თებერვლის ვიზიტამდე კვირაიასთან, როგორც ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ აფხაზ ბიზნესმენთან მისული იყო ორი ყოფილი დე ფაქტო მაღალჩინოსანი, ამჟამად ოპოზიციონერები ვიტალი გაბნია და ადგურ არძინბა რუსეთის ФСБ-ს (უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის) წარმომადგენელთან ერთად. აღნიშნულმა პირებმა ბიზნესმენს განუცხადეს, რომ “დღეს-ხვალ ხელისუფლებაში ბრუნდებიან” და “დაკრიშვის” სანაცვლოდ მის ბიზნესებში 50%-იანი წილი მოსთხოვეს. კვირაიამ კატეგორული უარი განაცხადა, რის შემდეგაც ოპოზიციონერები მას სწორედ იმ ვიდეოს გავრცელებით დაემუქრნენ, რომელიც სოცქსელში ბოლო ორი დღეა, ტრიალებს.

ამგვარად, ცხადია, რომ ის ვიდეოც, რომელიც რეალურად, არახალია და გასულ წელსაა გადაღებული, თანაც არა ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზ, არამედ აფხაზეთში - კვირაიას სახლში, ე.წ. ოპოზიციის მიერაა გავრცელებული ხალხში შფოთის გამოსაწვევად და რევანშის წამოსაწყებად.

კვირაიას არგუმენტები და საპასუხო კითხვები აფხაზურ ოპოზიციას

თუმცა თუ გუშინდელი ინტერვიუებითა და კომენტარებით ვიმსჯელებთ, ოპოზიციონერების ზეწოლას ბიზნესმენზე არ უმოქმედია. იგი დარწმუნებულია, რომ ეს სკანდალი ჩაწყნარდება. კვირაია ამბობს, რომ საქმიანობას აგრძელებს, არც ქართველ პარტნიორებთან აპირებს ურთიერთობების შეწყვეტას და ამას აფხაზეთის ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანის ერთადერთ გზად მიიჩნევს.

“ვთვლი, რომ სამშობლოს პატრიოტი ვარ და ყველაფერს ვაკეთებ, რაც ჩემზეა დამოკიდებული, რომ ჩემი პატარა, მრავალტანჯული აფხაზეთის, ჩემი აფხაზი ხალხის ყოფა გავაუმჯობესო. სწორედ ამ მიზნით შევქმენით აფხაზეთის ტერიტორიაზე, კერძოდ ჩემთან – სქურჩას ტბის მიდამოებში და 1874 ჰა მიმდებარე ტერიტორიაზე თავისუფალი ეკონომიკური ზონა. თავად თეზ-ის იდეა კი გულისხმობს შავი ზღვის აუზის ყველა ქვეყანასთან შეთანხმებას, რადგან თურქეთს, მაგალითად, რომელიც ბოსფორს ფლობს და შესაბამისად, ინტერესი არ გააჩნია, თავისუფლად შეუძლია, მნიშვნელოვანი პრობლემები შეგვიქმნას, მაგალითად, დააკავოს ჩვენი ხომალდები, რომლებმაც ჩვენთან ტვირთები უნდა შემოიტანონ და მთელი ეს ბიზნესი გაგვინულოს. ქართული მხარე სადღეისოდ მსოფლიოს მასშტაბით ნებისმიერი ბიზნესმენის აფხაზეთში შემოსვლას ბლოკავს, გააჩნია რა კანონი "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ", რომელიც ჩვენც გვეხება. ამის გამო სერიოზული ფულის მქონე ვერც ერთი უცხოელი ბიზნესმენი ვერ შემოვა აფხაზეთში, რადგან მაშინვე დაექვემდებარება სანქციებს. ჩემი, როგორც თეზ-ის (შპს “სქურჩა-ჰორიზონტი”) ხელმძღვანელის ამოცანაა, შევქმნა ნოყიერი ნიადაგი ამ სფეროში ინვესტიციების მოსაზიდად, რათა აფხაზეთში შემოვიდნენ სერიოზული კომპანიები, რომლებსაც შეუძლიათ, ააშენონ, მაგალითად, სასტუმროები «Marriott», «Hyatt», «Hilton»... ჩემთან [იგულისხმება ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე – რედ.] ჩამოვიდა ახლო მეგობარი, კამპანიონი, რომელსაც ყოველი წუთი აქვს გაწერილი და მთელი წელი ვეხვეწე, ჩემთან ერთად ჩასულიყო თბილისში იმ ადამიანების, იმ ბიზნესმენების მოსაძებნად, რომლებიც დაგვეხმარებოდნენ, რამენაირად გავლენა მოგვეხდინა საქართველოს პოლიტიკაზე, რათა ჩვენს თეზ-ზე სანქციები არ ვრცელდებოდეს და ინვესტიციების მოზიდვა შევძლოთ. ამაში მდგომარეობდა ჩემი საქართველოში ვიზიტისა და აქ დაბრუნების მიზანი” – ამბობს კვირაია “Эхо Кавказа”-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

ამასთან, იგი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მიუხედავად “პრეზიდენტ” ბჟანიას სურვილისა, ქართულ მხარესთან დიალოგი და სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორობა დამყარდეს, იგი უკრძალავდა კვირაიას, სანამ “პრეზიდენტის თანაშემწის” თანამდებობას იკავებდა, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასულიყო. თუმცა მიზანი აფხაზი ბიზნესმენისთვის თანამდებობაზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა და 18 თებერვალს ბჟანიასთან შეხვედრის შემდეგ 19-ში მან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა, უკვე 25-ში კი ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გამოემართა:

“პრეზიდენტს ვკითხე, თუ უფლებამოსილებას მოვიხსნი, შევძლებ კერძო ვიზიტად წასვლას-მეთქი? მიპასუხა, “ეგ უკვე შენი საქმე იქნება, წადი, როგორც კერძოები მიდიან და მოაგვარე საკითხებიო”. ანუ, ის არც არაფერში დამხმარებია, არც არავისთვის მიუმართავს, არც არაფერი დაუვალებია. თავად მივმართე სახელმწიფო უშიშროების კომიტეტს, უკვე როგორც კერძო პირმა, რომ გამოვეშვი და წავედი ჩემივე მანქანით”.

აფხაზი ბიზნესმენი ირწმუნება, რომ საქართველოში შეხვდა მხოლოდ ბიზნესმენებს, ქართველ პოლიტიკოსებთან კი კონტაქტები არ ჰქონია:

“არავითარ პოლიტიკოსებს არ გადავჩეხივარ. ვესაუბრე მხოლოდ ბიზნესმენებს, რომლებიც თავადაც არიან დაინტერესებულები შემოსავლებში და ამასთანავე, შეუძლიათ, გავლენა მოახდინონ საქართველოს პოლიტიკაზე, მის კანონმდებლობაზე და დაგვეხმარონ შეზღუდვების მოხსნაში”.

ასლან ბჟანიას გუნდის ინიციატივას ქართულ მხარესთან დიალოგისა და სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ჩამოყალიბების თაობაზე პრორუსული ოპოზიციური ძალები “ეროვნული ინტერესების ჩაბარების” ბრალდებით პასუხობენ და მოსკოვის დახმარებით თავისი რევანშისტული ზრახვებისთვის იყენებენ – “ეს დაუშვებელია, სანამ საქართველო აფხაზეთს არ აღიარებს და ძალის არგამოყენების შესახებ შეთანხმებას არ გაგვიფორმებსო”. კვირაია კი საპასუხოდ აცხადებს, რომ არის არა პოლიტიკოსი, არამედ ბიზნესმენი და ამ საკითხსაც ბიზნესმენის პოზიციიდან უდგება:

“არ ვიცი, რას აწერს თუ არ აწერს ხელს საქართველო პოლიტიკურ ნაწილში, რას აღიარებს და რას არა, - ეს პოლიტიკური საკითხებია, მე კი ბიზნესმენი ვარ და ჩემი ამოცანა ინვესტიციების მოზიდვაა. ამდენად, ვთვლი, რომ თუ ქართული მხრიდან ვიპოვით ადამიანებს, რომლებიც აფხაზეთის ტერიტორიაზე ბიზნესის წარმოებაში იქნებიან დაინტერესებულები, თუ მონაწილეობას მიიღებენ აფხაზეთის ტერიტორიაზე მათ ბიზნესში, ისინი გარკვეულწილად გავლენას მოახდენენ ეკონომიკაზე. ეს ხომ საქმიანი ხალხია, ბიზნეს-სამყარო. საქართველოსთვის, რომელსაც თავადაც არ აქვს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები, რუსეთი ვაჭრობის კუთხით პირველ ადგილზეა! ასე, რომ არ ვიცი, აპირებს თუ არა საქართველო რამის აღიარებას, რამის ხელმოწერას – ჩემი საქმე ინვესტიციების მოზიდვაა. არა ქართულის – ეს იქნება ევროპული, ამერიკული, შესაძლოა, რუსული ინვესტიციები, მაგრამ ეს ხალხი სანქციებს არ უნდა დაექვემდებაროს, რადგან სანამ სანქციები მუშაობს, კაპიკსაც არავინ მოგვცემს”.

ამასთან, აფხაზი ბიზნესმენი ამბობს, რომ არავითარი აფხაზური კანონი არ დაურღვევია და ამ მხრივ რეალურად, ვერავითარ შარს ვერ მოსდებს ამჟამინდელი ოპოზიცია, რომელიც ცდილობს, თავი მასზე მეტ პატრიოტებად წარმოაჩინოს.

კვირაია აფხაზ ოპოზიციონერებს საპასუხო ბრალდებებს უყენებს და რიგ კითხვებსაც უსვამს:

“მე ამ ადამიანებს ვიცნობ და როცა სკანდალი ჩაცხრება, ტეტ-ა-ტეტ შევხვდები. მანამდე კი შევახსენებ იგივე თემურ ნადარაიას, ყველაზე მეტად რომ აქტიურობს: როცა მას ქართველები კლავდნენ მაშინდელ განთიადში, ახლა – ცანდრიფშში, ჩემი არ იყო ის ერთადერთი ჯგუფი, რომელიც შევიდა და გამოათრია? დღეს რატომღაც ირკვევა, რომ ისაა ერთადერთი პატრიოტი, რომელიც აფხაზეთისთვის პრობლემებს წყვეტს! მინდა, ვკითხო მთლიანად “არუაასაც”: ჩემო ძვირფასო თანამემამულეებო, ვეტერანებო, თქვენ რას სთავაზობთ აფხაზ ხალხს? რა კონცეფცია გაგაჩნიათ, რომელიც აფხაზეთს განვითარების შესაძლებლობას მისცემს? თუ მუდამ რუსეთის დოტაციებზე გვთავაზობთ ყოფნას, რომელმაც ამ სავალალო მდგომარებამდე მგვიყვანა?! არც საქართველოში წავალ, არც ინდოეთში – არსად, ოღონდ მომეცით რაიმე გარანტია, რომ ინვესტორები თავად ჩამოვლენ ჩემთან! 250 ადამიანი მყავს დასაქმებული და მაძლევთ გარანტიას, რომ ხვალ-ზეგ ისინი ისევ იქნებიან ხელფასებით უზრუნველყოფილი? 5 წელი თავად იყავით ხელისუფლებაში და იქნებ დაგვისახელოთ - მე კი არა, ხალხს რაიმე მიღწევა, რაიმე, რაშიც წინ წაწიეთ აფხაზეთი, აფხაზი ხალხის ცხოვრება!”.

თბილისის რეაქცია

“როგორ აღმოჩნდა თავის დროზე ეთნიკური ქართველების წინააღმდეგ დანაშაულის ჩამდენი პირი ენგურს გადმოღმა და სად იყო ამ დროს ქართული სუს-ი”? “რომელი პორტის დაფინანსებაზე იმართებოდა მოლაპარაკებები კვირაიასთან”? "ვინ უნდა ისარგებლოს იმ თავისუფალი ეკონომიკური ზონით, რომელსაც ის ხელმძღვანელობს”? - ეს კითხვები დაისვა 2 მარტს ზოგიერთი ჩვენი კოლეგების მიერ ერთ-ერთ ტელესიუჟეტში.

ანუ, მთელს ამ ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვნად მათ ეს ეჩვენათ და არა, მაგალითად, ის, რომ ადამიანს, რომელიც თავის დროზე ქართველების წინააღმდეგ იბრძოდა, დღეს ქართველებთან (და არა რუსეთთან!) თანამშრომლობის, პარტნიორობის, საერთოდაც ურთიერთობის სურვილი აქვს; არა ის, რომ ეს ადამიანი არა უბრალოდ ერთ-ერთი უმსხვილესი ბიზნესმენია სადღეისოდ ოკუპირებულ აფხაზეთში, არამედ საკმაოდ გავლენიანი პირიც, რომელიც დაახლოებულია მოქმედ დე ფაქტო ხელისუფლებასთან და აქედან გამომდინარე, ქართულმა მხარემ მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს კვირაიას შესაძლებლობები იმ სამშვიდობო პოლიტიკის ფარგლებში, რომელიც თბილისს დიდი ხანია, აქვს დეკლარირებული.

დაახლოებით იგივე რეაქციას ავლენდნენ ქართველი ინტერნეტ-მომხმარებლები 2 მარტს სოცქსელშიც.

ეს ყველაფერი იმ მწვავე პრობლემაზე მიუთითებს, რომელიც საქართველოს აფხაზეთის, იქ სადღეისოდ არსებული რეალური ვითარების, აფხაზეთის მიმართ რუსეთის უახლოესი გეგმების შესახებ ინფორმირებულობის კუთხით უდგას. უმრავლესობას ჰგონია, რომ ოკუპირებულ რეგიონში ახალი დიდად არაფერი ხდება: გრძელდება რუსეთის კონტროლი, ოკუპაცია, ქართველების მიმართ ტოტალურად მტრული დამოკიდებულება, ქართულ მხარესთან თანამშრომლობის კატეგორიული ტოტალური არსურვილი – ანუ ყველაფერი ის, რაც წლების განმავლობაში ხდებოდა.

რეალურად კი, მდგომარეობა ყველა ამ მიმართულებით კარდინალურად არის შეცვლილი:

  • რუსეთის კონტროლი კი არ გრძელდება, მოსკოვი ოკუპაციიდან ანექსიაზე გადავიდა და თუკი უდიდესი ზეწოლის ქვეშ მყოფი აფხაზური “პარლამენტი”, ვერ გაუძლებს რა ამ პრესინგს, მოსკოვის მიერ ჯერ კიდევ 2019 წლის დეკემბერში გამოგზავნილი “ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური სივრცის ფორმირების შესახებ” 45-პუნქტიანი პროგრამის რატიფიცირებას დასთანხმდება, რომლის რეალიზებისთვის კრემლმა სოხუმს 2-წლიანი ვადა განუსაზღვრა, 2 წელიწადში აფხაზეთი რუსეთის მორიგ ახლადმიერთებულ შემადგენელ ნაწილად იქცევა;
  • ქართველების საფრთხედ აღქმა აფხაზეთის მოსახლეობის დიდ ნაწილში დღემდე ძლიერია და მაინც, ვითარება იცვლება – იცვლება რუსეთის მიმართ დამოკიდებულების მკვეთრი გაუარესების პარალელურად: მნიშვნელოვნადაა შემცირებული აფხაზეთის იმ მოქალაქეთა რაოდენობა, რომლებიც მოსკოვს კვლავ “მეგობრად” და “სტრატეგიულ პარტნიორად” თვლიან. რატომ? - იმიტომ, რომ რუსეთმა აფხაზეთს კორონავირუსული პანდემიის პირობებში ფაქტობრივი სამედიცინო ბლოკადა მოუწყო, ფინანსური დახმარება შეუწყვიტა, უპირველეს რისკ-ჯგუფში შემავალ აფხაზ პენსიონერებს კი ბარათები დაუბლოკა და “სბერბანკის” ფილიალებთან რიგებში დგომა აიძულა; იმიტომ, რომ ფსოუზე “საზღვრის” ჩაკეტვით კრემლმა აფხაზეთს ჯერ გასული ტურისტული სეზონი ჩაუგდო, მერე – ციტრუსების, ხოლო ახლახანს - მიმოზის რეალიზების შანსი; იმიტომ, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთის ძალოვანი უწყებები თავისი ოფიციალური და არაოფიციალური ბაზებისთვის საუკეთესო მიწებს სიმბოლურ ფასად იღებენ, ელექტროენერგიას კი, რომელსაც რუსეთი აფხაზეთს ლამის სამმაგ ფასად აწვდის, რუსი სამხედროები აფხაზებისგან თავად აფხაზეთის მოსახლეობაზე ბევრად იაფად მოიხმარენ; იმიტომ, რომ რუსეთმა უმძიმეს ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფ აფხაზეთს თავის დროზე ვითომ "რკინიგზის აღსადგენად" გამოყოფილი კრედიტის ერთიანად გადახდა მოსთხოვა, ხოლო როცა განუცხადეს, რომ ამას ფიზიკურად ვერ შეძლებდნენ - ვალის "თავად რკინიგზით გასტუმრება"'; იმიტომ, რომ რუსმა ძალოვანებმა გალის რაიონში, მთელს "სასაზღვრო" პერიმეტრზე, აფხაზეთის ტერიტორიის სიღრმეში 1,5 კმ სიგანის ტერიტორია მავთულხლართებით "თავისად" მოინიშნეს და ის მცოცავი ოკუპაცია, რომლის შედეგად ქართველების საკარმიდამო ნაკვეთები ორადაა გაყოფილი და საქონლის მოსაბრუნებლად გადასულ ადგილობრივებს "საზღვრის დარღვევის გამო" აჯარიმებენ, რუსეთმა ახლა უკვე თავად აფხაზებს მოუწყო; იმიტომ, რომ აფხაზეთის საერთაშორისო აღიარების დაპირებული პროცესი შეწყდა და არავითარი მნიშვნელოვანი პერსპექტივა ამ მხრივ არ ჩანს; იმიტომ, რომ რუსეთის მიერ აფხაზეთის თავის ფინანსურ ნემსზე მიზანმიმართულმა შესმამ ოკუპირებული რეგიონი ღრმა ეკონომიკურ კრიზისამდე მიიყვანა; იმიტომ, რომ ბოლო თვეებში მოსკოვი დაუფარავ ზეწოლას ახორციელებს დე ფაქტო ხელისუფლებაზე აფხაზეთში მიწის, სხვა უძრავი ქონებისა და სტრატეგიული ობიექტების რუსეთის მოქალაქეების მიერ პრივატიზების საკანონმდებლო აკრძალვის გაუქმებისა და ე.წ. ორმაგი მოქალაქების დაშვების მისაღწევად... აი, ამ ყველაფრის შემხედვარე, ბევრი ადგილობრივი მიხვდა, რას წარმოადგენდა და წარმოადგენს რუსეთი აფხაზეთისთვის რეალურად.
  • ამ ფონზე გაჩნდა მზერის რუსეთიდან სხვა მიმართულებით გადატანის ბუნებრივი აუცილებლობა, ხოლო ერთადერთი რეალური მიმართულება თბილისია, როგორც სოხუმის ბუნებრივი პარტნიორი რუსული ანექსიის არდაშვების საქმეში.
  • ამ ვითარებაში ასლან ბჟანიას დე ფაქტო ხელისუფლება თბილისთან დიალოგისა და სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის აუცილებლობაზე ალაპარაკდა. უკვე რამდენიმე თვეა, ხან თავად ბჟანია, ხან დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შამბა აჟღერებენ ამ ინიციატივებს და ჩივიან, რომ თბილისი საპასუხოდ დუმს. იმ აფხაზი ბიზნესმენების რაოდენობა კი, რომლებიც თბილისთან თანამშრომლობის სურვილს იჩენენ, ბოლო პერიოდში იზრდება, ისევე, როგორც ქართული პროგრამის “ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ” ფარგლებში განათლების უცხოეთში მიღების მსრუველი აფხაზი ახალგაზრდების რიცხვი…

ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ თავად აფხაზეთს მინიმალური რესურსიც კი არ გააჩნია, მოსკოვის ანექსიურ გეგმებს შეეწინააღმდეგოს და კრემლის საბოლოო გეგმის განხორციელებამდე სულ ორიოდ წელიწადია დარჩენილი. აფხაზები ჯერ უძლებენ, თუმცა ვითარება უკვე ზღვარზეა. ამასთან, რუსულ საქმეს წარმატებით ემსახურება მოსკოვის მიერ გამოკვებილი აფხაზური ე.წ. ოპოზიციაც, რომელსაც მარტის პირველ ნახევარში “რევოლუცია” აქვს დაგეგმილი.

არ ვიცი, კიდევ რა არის საჭირო იმისთვის, რომ თბილისი, რომელიც შიდა პოლიტიკური ომებითაა დაკავებული, სამშვიდობო პოლიტიკის ფარგლებში სასწრაფო გააქტიურების აუცილებლობას მიხვდეს! ჩვენ კი – ჟურნალისტებმაც და იმ რიგითმა ინტერნეტ-მომხმარებლებმაც, “კლავიატურის ლომებად” რომ არიან ქცეულები და ჰგონიათ, აფხაზეთისა და აფხაზების თუ გინებით, თუ დაცინვით საქართველოს ერთიანობის საქმეს შეუწყობენ ხელს, რეალობა უნდა გავიაზროთ და მტრის კი არა, მართლაც ჩვენს წისქვილზე დავიწყოთ წყლის სხმა, თანაც აქტიურად!

ახალი ამბები

სხვა სიახლეები