"ვიმედოვნებთ, უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა ჩვენი თანამოქალაქე გათავისუფლდება"

05-03-2021 17:33:39 კონფლიქტები

"ვიმედოვნებთ, უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა ჩვენი თანამოქალაქე გათავისუფლდება", – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ ერგნეთში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

"დღევანდელ შეხვედრაზე უმთავრესი საკითხი იყო უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების გათავისუფლების საკითხი. ეს საკითხი დავსვით ძალიან აქტუალურად, მოგეხსენებათ ის მაღალი ხარისხის საერთაშორისო მხარდაჭერა რაც დღევანდელ შეხვედრაზეც იყო მკვეთრად გამოხატული. ვიმსჯელეთ კონკრეტულ ფორმებზე და გააკეთა შეთავაზება, რომ ამგვარ შემთხვევებში გამოყენებულ იქნას ჰუმანიტარული პერსპექტივაში. ამ ეტაპზე, კონკრეტულ თარიღებთან საუბარი გაგვიჭირდება, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ უკანონო პატიმრობაში ყველა ჩვენი თანამოქალაქე დაუბრუნდება ოჯახს. მათი პოზიციაა, რომ ჩვენ ამ საკითხზე კონსულტაციებს აუცილებლად გავაგრძელებთ, თუმცა კონკრეტული თარიღების დასახელება არ მიგვაჩნია უპრიანად ამ ეტაპზე. შედეგიანობაზე საუბარი უპრიანი იქნება მაშინ, როდესაც ყველა ჩვენი თანამოქალაქე დაუბრუნდება ოჯახს და აღმოიფხვრება უკანონო დაკავებების მახინჯი პრაქტიკა", -აღნიშნა ირაკლი ანთაძემ.

მისივე თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე "უკანონო ბორდერიზაციისა და წვრთნების საკითხებიც" განიხილეს:

"განვიხილეთ ოკუპირებულ რეგიონში და მის მიმდებარედ დაფიქსირებული ყველა ინციდენტი. ამ კონტექსტში განვიხილეთ უკანონო ბორდერიზაციის პროცესი. დისკუსია შედგა ჩორჩანას თემაზეც. ჩვენი პოზიცია არის უცვლელი. ეს არის სტანდარტული საპოლიციო პოსტი და მისი დანიშნულებაა უსაფრთხოების გარემოს ხელშეწყობა. დაისვა ასევე უკანონო წვრთნების საკითხი. შეხვედრის მიმდინარეობისას ისმოდა აფეთქებების ხმა. ეს არის ნეგატიური და დესტრუქციული მოვლენა და ეს მუდმივი სტრესის ქვეშ ამყოფებს მოსახლეობას. ამგვარ მოვლენებზე ცენტრალური ხელისუფლების პოზიცია არის უკიდურესად ნეგატიური. ჩვენ შეურიგებელი ვართ უკანონო წვრთნების მიმართ. პოზიცია რაც ჩვენ მოვისმინეთ არ იყო რაციონალური. რაც შეეხება ჰუმანიტარულ პრობლემებს, ჩვენი პოზიციაა, კოვიდრეგულაციების სრული დაცვით გაიხსნას და აღდგეს თავისუფალი გადაადგილება“, – განაცხადა ანთაძემ.

გარდა ამისა, ანთაძე დაინტერესდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები სამოქალაქო აქტივისტის თამარ მეარაყიშვილის მდგომარეობით. „მას ჰქონდა საყოფაცხოვრებო ხასიათის პრობლემები, რაც ამ ეტაპისთვის აღმოფხვრილია“, - დასძინა მან.

სუს–ის ცნობით, "აქცენტი ასევე, გაკეთდა არჩილ ტატუნაშვილის სასტიკ მკვლელობაზე, დავით ბაშარულის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების საკითხსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მიმდინარე უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის შემთხვევებზე".

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელი ზვიად ზვიადაძე ამბობს, რომ შეხვედრაზე ცენტრალურმა ხელისუფლებამ დააყენა ადგილობრივი მოსახლეობისთვის სამედიცინო სერვისის გაწევის საკითხი:

„მათგან პასუხად მივიღეთ ის, რომ ერთი თვის წინ ე.წ. უშიშროების საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გადმოსვლის პროცედურები შეამსუბუქეს, რომლის თანახმად, ცხინვალის ნაცვლად ახალგორში მიიღებდნენ გადაწყვეტილებას მოქალაქეების გადაადგილების საკითხზე. ჯერ–ჯერობით პრაქტიკაში ჩვენ ამას ვერ ვხედავთ, მიუხედავად ამისა, იმედს ვიტოვებთ, რომ გამომდინარე დღევანდელი შეხვედრის პათოსიდან, შესაძლოა, ახალგორში მცხოვრებ ადამიანებს ბევრად უფრო მარტივად მიეცეთ გადმოსვლის საშუალება, თუმცა ამას გადაჭრით ვერ ვიტყვით“.

დე ფაქტო ხელისუფლება კვლავ უარს აცხადებს ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან ადგილზე ადამიანებისთვის სამედიცინო სერვისების გაწევის საკითხზე.

„რჩება მხოლოდ „წითელი ჯვრის საზოგადოება“, რომელიც, რა თქმა უნდა, სრულად ვერ მოიცავს... თან არის სპეციფიკური მექანიზმი და სახელმწიფოს ნაკლებად აქვს შემხებლობა. მაქსიმალურად მიმდინარეობს მუშაობა ის ხალხი გადმოვიყვანოთ, ვისაც სჭირდება სამედიცინო სერვისის მიწოდება, ხოლო მათ, ვისაც ადგილზე სჭირდება დახმარება, იქ მივაწოდოთ სერვისი“, - თქვა ზვიადაძემ.

ზვიადაძე განსაკუთრებით გამოყოფს ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრებთა მდგომარეობას:

„ეს ადამიანები იმყოფებიან დისკრიმინირებულ მდგომარეობაში. არ აქვს მნიშვნელობა ქართველია თუ ოსი, თვითონ ახალგორის რაიონი არის მიტოვებული და მცხოვრებლები ვერ იღებენ ელემენტარულ სამედიცინო სერვისებს“.

ამჟამად ოკუპირებულ ცხინვალში უკანონო პატიმრობაში არიან მოქალაქეები: ზაზა გახელაძე, გენადი ბესტაევი, რამაზ ბეღელური და ლაშა ხეთერელი.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრის წინასწარ თარიღად 2021 წლის 23 აპრილი განისაზღვრა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები