Accentnews.ge
უკიდურესი პოლიტიკური პოლარიზაცია, გავლენები ქართულ დემოკრატიაზე - ექსპერტების მოსაზრებები

უკიდურესი პოლიტიკური პოლარიზაცია, გავლენები ქართულ დემოკრატიაზე - ექსპერტების მოსაზრებები

31/03/2021 19:54:18 ანალიზი

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების საარჩევნო კამპანიამ ნათელი გახადა საქართველოში არსებული უკიდურესი პოლიტიკური პოლარიზაცია. თუმცა, 2018 წლის შემდეგ განვითარებული პოლიტიკური მოვლენები ასევე აჩვენებს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პოლარიზაცია შეუქცევადად ღრმავდება. მრავალფეროვანი და პლურალისტური მედია გარემოს მიუხედავად, როგორც 2018 წლის საპრეზიდენტო, ასევე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ხასიათდებოდა პოლიტიკური პარტიების მიერ წარმოებული ნეგატიური კამპანიით, შესაბამისი ხისტი რიტორიკით და მედია საშუალებების აშკარა მიკერძოებულობით – ამ ყველაფერმა კი ამომრჩევლებს გაურთულა ინფორმირებული არჩევანის გაკეთება. დემოკრატიის მაჩვენებლების გაუარესების ფონზე, პოლიტიკური პარტიების მიერ გამოყენებული ნეგატიური კამპანიის და მედია მანიპულაციების პარალელურად, საქართველოში პოლიტიკურ პოლარიზაციას ხელი ასევე შეუწყო 2021 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგით გამოწვეულმა პოლიტიკურმა კრიზისმა. ბარიერგადალახულმა ოპოზიციურმა პარტიებმა არ აღიარეს არჩევნების შედეგები და პარლამენტის საქმიანობაში მონაწილეობის მიღებაზე უარი განაცხადეს, თუ არ იქნებოდა ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული ხელახალი არჩევნები. მაშინ როდესაც, არსებული მდგომარეობა მხარეების მიერ აღქმულია როგორც ნულოვანი – ჯამის თამაში, სადაც ნებისმიერი დათმობა განიხილება როგორც დამარცხება, მსგავს პოლარიზებულ გარემოში მოქალაქეები უპირატესობას ანიჭებენ საკუთარ ვიწრო ინტერესებს ზოგადი დემოკრატიული პრინციპების სანაცვლოდ. შესაბამისად, ეს ფაქტორი ასუსტებს ინსტიტუტებსა და არჩეულ პოლიტიკოსებზე საზოგადოებრივ კონტროლს.

უცხოელ დიპლომატთა კორპუსი, რომელმაც მხარეებს შორის უკვე რამდენიმე შეხვედრას გაუწია ორგანიზება, ერთადერთი ინსტიტუტია, რომელიც ჯერ კიდევ ახერხებს ოპოზიციისა და მართველი პარტიის მოლაპარაკების მაგიდასთან შეკრებას. თბილისში ვიზიტის დროს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი პირადად ჩაერთო მიმდინარე პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის ძებნის მცდელობაში და ამ თემაზე სამუშაოდ სპეციალური წარმომადგენელიც კი გამოგზავნა. ამან გარკვეული იმედის ნაპერწკალი გააჩინა. თუმცა, ამ კომენტარის შედგენის მომენტში მხარეებს შორის დაპირისპირება ჯერ კიდევ ღრმავდებოდა, რაც გამოიხატა მთავრობის მხრიდან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის, ლიდერის დაპატიმრებითა და ძირითად საკითხებზე მთავრობასა და ოპოზიციას შორის პოლიტიკურ კომპრომისზე წასვლის სურვილის არ არსებობით.

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი აქვეყნებს ამერიკის შეერთებული შტატებიდან და საქართველოდან ექსპერტების მოსაზრებებს ზემო აღნინშნულ საკითხზე. კერძოდ, ექსპერტებმა უპასუხეს შემდეგ შეკითხვებს:

  1. თქვენი აზრით, ღრმა პოლიტიკური პოლარიზაციის სტატუს ქვოს შენარჩუნების შემთხვევაში, რა პოტენციური რისკები არსებობს ქართული დემოკრატიისათვის?
  2. რა შეიძლება იყოს ის ნაბიჯები, რომელიც უნდა გადადგას როგორც მმართველმა, ასევე ოპოზიციურმა პარტიამ იმისათვის, რომ შემცირდეს არსებული ან მომავალში შესაძლო კრიზისი და დაიწყოს დეპოლარიზაცია?

ჯული ა. ჯორჯი, ასისტანტ-პროფესორი, ქვინს კოლეჯი, ნიუ იორკი: ქართულ პოლიტიკაში არსებული ძალთა ბალანსი, როგორც ხშირად ყოფილა, გადახრილია დომინანტი მმართველი პარტიის მხარეს. პოლიტიკური ძალთა ბალანსის ეს ტენდენცია საკმაოდ ხანგრძლივ ისტორიას მოიცავს და გამოცდილია "საქართველოს მოქალაქეთა კავშირის", "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" და ახლა უკვე "ქართული ოცნების" მმართველობის პირობებში. აღნიშნულმა ტენდენციამ ისეთი პოლიტიკური ატმოსფეროს ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი, როდესაც მმართველ პარტიას შეუძლია, სახელმწიფო მართოს ძალაუფლების კონტროლის მრავალი მექანიზმის გარეშე. ასეთმა რეალობამ ხელი შეუშალა ძლიერი ოპოზიციისა და ქართველი ხალხის წინაშე რეალური დემოკრატიული ანგარიშვალდებულების მქონე პოლიტიკური ინსტიტუტების აღმოცენებას.

ყველაფრის მიუხედავად, პოლიტიკური კონკურენციის გაძლიერება ამომრჩეველს აძლევს მისთვის მნიშვნელოვანი საკითხების და ინტერესების იდენტიფიცირების მექანიზმებს, დებატების გარეშე არ არსებობს ინფორმირებული ანგარიშვალდებულება. თუმცა, პოლიტიკური ანგარიშვალდებულების სისტემა საქართველოში არის მყიფე, რადგან მოსახლეობისთვის არ არის ნათელი გზა, თუ როგორ მოახდინოს არსებულ პოლიტიკურ გარემოში ცვლილებებზე გავლენა. მიუხედავად იმისა, რომ "ქართული ოცნების" წარმატებამ 2012 და 2013 წლის არჩევნებში და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ ამომრჩეველთა ნებისადმი დამორჩილებამ, გააჩინა ხელისუფლების ცვლილების ალტერნატიული და სტაბილური გზის პოვნის მოლოდინი და აგრეთვე, იმედი საქართველოში ნამდვილი დემოკრატიის დაბადებისა, ეს მიღწევები დღეს საფრთხის ქვეშაა. დაცვას საჭიროებენ ის დემოკრატიული ნორმები, რომელსაც ეს მოვლენები გამოხატავდნენ.

არჩევნებში დასაბუთებული პრობლემების ზრდიდან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა მიიღოს ზომები საარჩევნო ადმინისტრაციის დეპოლიტიზაციისკენ. არჩევნები და პარტიული მხარდაჭერის გამოხატვა დემოკრატიული მმართველობის წესებსა და ნორმებს უნდა შეესაბამებოდეს. მმართველი პარტიის პასუხისმგებლობაა, უზრუნველყოს სამართლიანი გარემო და თავი შეიკავოს ადმინისტრაციული რესურსების საკუთარი სარგებლისთვის გამოყენებისგან, რაც საქართველოში დემოკრატიული პროცესის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია. საქართველოს მოსახლეობაში ქვეყნის განვითარების ტრაექტორიის მიმართ პესიმიზმი იზრდება, რაც მიანიშნებს უნდობლობასა და გაურკვევლობაზე და ამავდროულად, მთავრობისგან გაუცხოებაზე. პოლარიზაციის აღმოფხვრის თვალსაზრისით, პოლიტიკურ ხელმძღვანელობას კანონის უზენაესობის დამოუკიდებლობისა და პოლიტიკური მიუკერძოებლობის დაცვით, თავისუფალი და ღია მედია ლანდშაფტის უზრუნველყოფით, და საქართველოს მოსახლეობაში ანგარიშვალდებულების მოლოდინის შექმნით ბევრი რამის გაკეთება შეუძლია.

ლორა თორნტონი, გლობალური პროგრამების დირექტორი, დემოკრატიისა და საარჩევნო დახმარების საერთაშორისო ინსტიტუტი: ქართული პოლიტიკა გაჭედილია უმაღლესი თამასის ნულოვანი - ჯამის მენტალობაში. პოლიტიკური პარტია, რომელიც არჩევნებში გაიმარჯვებს,იწყებს შურისძიებას - ყოფილი მმართველი პარტიის მომხრეები კარგავენ სამსახურს, პოლიტიკური ოპონენტები კი ან უნდა გაიქცნენ, ან ციხე ემუქრებათ. ახალი პარტიის გამარჯვებით არჩევნებამდე არსებული ყველაფერი უნდა მიეცეს ცეცხლს და პროცესები დაიწყოს ახლიდან. ამან შექმნა სისტემა, სადაც მმართველმა პარტიამ არ უნდა წააგოს და შესაბამისად, იმისთვის, რომ დარჩეს ხელისუფლებაში, უნდა მიმართოს ყველა ზომას - სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენებას, სასამართლოს საქმიანობაში ჩარევას, დაშინებას, სამოქალაქო საზოგადოებაზე თავდასხმას.

ყველა პოლიტიკური პარტიის მიმართ საზოგადოების იმედგაცრუება მოამწიფებს მოქალაქეთა მხარდაჭერის მოპოვების შესაძლებლობას დემოკრატიის მტრებისათვის, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ულტრა მემარჯვენე, ქსენოფობიური პოპულისტური მოძრაობები, რომლებიც მოსახლეობას გათავისუფლებას პირდებიან „პოლიტიკა როგორც ყოველთვის“-გან, სოციალური კეთილდღეობას, და მტრების მარტივ სიას, რომელთაც ყველაფერი დაბრალდება (უცხოელები, LGBTQ თემი, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობები) გამარჯვების შანს მოიპოვებენ. მოსალოდნელია, რომ ქართველები შეტრიალდებიან „ძლიერი მართველისკენ“ უბრალოდ იმისთვის, რომ შეაჩერონ მთელი ეს ხმაური. ეს შეიძლება მრავალმხრივ გამოიხატოს. მაგალითად, არალიბერალურმა მოძრაობებმა შეიძლება არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა და მოიგონ. ხოლო როდესაც ძალაუფლებაში მოვლენ, დაიწყონ დემოკრატიის დემონტაჟი (სამოქალაქო საზოგადოების, მედიის, ოპოზიციის და ა.შ. შეზღუდვა). ამ ყველაფრის უკან კი ძალიან ბედნიერი იქნება კრემლი, რომელიც არალიბერალური მოძრაობების მხრიდან დემოკრატიის დანგრევის მცდელობებს პირდაპირ თუ არაპირდაპირ, დეზინფორმაციული კამპანიებითა თუ სხვა ჰიბრიდული აქტივობებით, მხარს დაუჭერს.

მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე მოვლენებზე ყველა პარტიას აქვს პასუხისმგებლობა, ამ მოჯადოებული წრის გარღვევის პასუხისმგებლობის მთავარი წილი სახელისუფლებო პარტიას ეკისრება, ვინაიდან, პოზიციიდან გამომდინარე, მათ შეუძლიათ პოლიტიკური პოლარიზაციის და პოლიტიკური კრიზისის შემცირება. ხელისუფლებამ ეს პროცესი შეუძლია დაიწყოს ნდობის აღდგენის რამდენიმე ისეთი სწრაფი მექანიზმის ინიცირებით, როგორიცაა ნიკა მელიას გათავისუფლება, სამოქალაქო საზოგადოებაზე თავდასხმის აღკვეთა, რიტორიკის ცვლილება. ძალაუფლების სტრუქტურის ფუნდამენტურ ცვლილებებს, მაგალითად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ფუნქციონირებაში შეტანილ ცვლილებებს ,ასევე, შეუძლია ამ პროცესში წვლილის შეტანა. აგრეთვე, აუცილებელია მთავრობის მხრიდან სახელმწიფო რესურსების სისტემურად ბოროტად გამოყენებისა და ივანიშვილის საჯარო სივრცეში დომინანტური როლის პრობლემის გადაწყვეტა.

მას შემდეგ, რაც ქართული ოცნება გადადგამს მშვიდობისკენ მიმართულ პირველ ნაბიჯებს, ოპოზიციამ უნდა დაიკავოს თავისი ადგილები პარლამენტში და აღიაროს, რომ მიუხედავად საფუძვლიანი შეშფოთებისა არჩევნების მიმართ (და ისინი უნდა გამოსწორდეს), მას არ შეუცვლია შედეგები. ყველა პოლიტიკურ პარტიას სჭირდება შიგნიდან ცვლილებები. ქართული პარტიები არ არიან ინკლუზიური, წარმომადგენლობითი და დიდი ხანია ერთი და იმავე სახეების გავლენის ქვეშ არიან. ახალმა ლიდერებებმა- მათ შორის ქალებმა, ახალგაზრდებმა და ნაკლებად წარმოდგენლილმა ჯგუფებმა - უნდა აიღონ მართვის სადავეები. ეს ეხება არა არამხოლოდ პარტიის ლიდერებისა და კანდიდატების შერჩევის, არამედ, ასევე გადაწყვეტილებების მიღების პროცესებს პარტიის შიგნით - თუ როგორ ხდება პოლიტიკის შემუშავება, შიდა არჩევნები, პარტიების ყოველდღიური ფუნქციონირება და ზოგადად, როგორია პარტიული კულტურა.

დოქტ. ლინკოლნ მიტჩელი, ნიუ იორკსა და სან ფრანცისკოში მოღვაწე პოლიტიკის ანალიტიკოსი, ექსპერტი და მწერალი: მე არ გამოვიყენებდი სიტყვა პოლარიზაციას საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების დასახასიათებლად. პოლარიზაცია გულისხმობს საზოგადოებაში ღრმა განხეთქილებას პოლიტიკური საკითხების გარშემო, მაგრამ საქართველოში სიტუაცია უფრო უკეთ შეიძლება გაგებულ იქნას, როგორცექსტრემალური პარტიული მიკერძოებულობა. საქართველოში პოლიტიკური რეალობის აღქმა იფილტრება პარტიული კუთვნილების სენტიმენტებით, მაშინ როდესაც პოლიტიკური საკითხები, რომლის შესახებაც პოლიტიკურ პარტიებს განსხვავებული მოსაზრებები აქვთ, საზოგადოებისთვის არც ისე მნიშვნელოვანია. ეს არ ნიშნავს რომ ქართული დემოკრატიისათვის საფრთხე არ არის რეალური. შინაარსობლივად ერთი და იმავე არჩევნების გამეორება, ერთი და იმავე შედეგებით და ერთი და იმავე პარტიული რეაქციით ამ შედეგებზე ყოველ თუ ყოველ შემდეგ წელს ასუსტებს საზოგადოებრივ ერთიანობას, რომელიც უზრუნველყოფს დემოკრატიის ფუნქციონირებას. ეს გარემოება, პოლიტიკურ ლიდერებს კიდევ უფრო მეტად უბიძგებს საკუთარი ვიწრო პოლიტიკური დღის წესრიგისკენ. მიუხედავად ამისა, ჩვენ გვაქვს იმედი, რადგან კომპრომისისთვის მრავალი შანსი არსებობს. მოკლევადიან პერსპექტივაში, ეს შეიძლება იყოს ნიკა მელიას ციხიდან გამოშვებაზე შეთანხმება და საარჩევნო რეფორმის დაჩქარება ოპოზიციის პარლამენტში შესვლის სანაცვლოდ, რომელიც ორივე მხარის კეთილსინდისიერი მოქმედებების შემთხვევაში, შედარებით ადვილი მისაღწევია.

ორი რამ არის აქ გასათვალსწინებელი. პირველი, ვადამდელი არჩევნები კიდევ უფრო გააღრმავებს კრიზის, რადგან დიდი ალბათობით ქართული ოცნება ისევ მოიგებს და ერთიანი ნაციონალური მოძრაობა უფრო ძლიერად უპასუხებს - შესაბამისად არსებული კრიზისი კიდევ უფრო გაძლიერდება. მეორე, არსებული კრიზისის გადაწყვეტისთვის ხელისშემშლელია ბიძინა ივანიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის ქართული პოლიტიკის ცენტრში ყოფნა. მანამდე, სანამ ისინი გააგრძელებენ ასეთი მნიშვნელოვანი როლის - თუნდაც სცენის მიღმა - თამაშს, ყოველი არჩევნები იქნება წარმოდგენილი როგორც ამ ორ ინდივიდს შორის ჯახი, ხოლო პარტიებს შორის კომპრომისი, პარტიული მიკერძოებულობის შემცირება, თუ ზოგადად წინ წასვლა იქნება ძალიან რთული.

ლევან ცუცქირიძე, აღმასრულებელი დირექტორი, მრავალპარტიული დემოკრატიის აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი: ღრმა პოლარიზაციის გაგრძელებას შეუძლია მიგვიყვანოს მხოლოდ ერთადერთ შედეგამდე: საქართველო კიდევ ერთხელ გადაიქცეს არშემდგარ სახელმწიფოდ. ეს იქნება ტრაგიკული შედეგი ეფექტიანი დადემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის მრავალწლიანი მცდელობების შემდეგ. ეს შედეგი შეიძლება იყოს გარდაუვალი, თუ გავითვალისწინებთ იმ შემასუსტებელ ეფექტს, რასაც არსებული კრიზისი ახდენს სახელმწიფო ინსტიტუტებზე. პოლიტიკურ კლასში არსებული ღრმა განხეთქილება ძირს უთხრის ქართული საზოგადოების ზოგად დემოკრატიულ სტრუქტურას. მოწოდებებს, რომ „დაასრულებ“ ან„გაანადგურებ“ კონკურენტ პოლიტიკურ პარტიას, აქვს პოტენციალი, რომ ქვეყანა შეიყვანოს სერიოზულ სამოქალაქო არეულობამდე და სამოქალაქო ომამდეც კი, ვინაიდან პოლიტიკური პარტიების დღეს არსებული მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი მხარდაჭერა ვერ „განადგურდება“ სამოქალაქო დაპირისპირების და შესაბამისი, მძიმე შედეგების გარეშე. მილიტარისტულ რიტორიკას, რომელსაც პოლიტიკური ლიდერები ხშირად იყენებენ საკუთარი მხარდამჭერების მობილიზებისა თუ საკუთარი თავის როგორც ნამდვილ, „ძლიერ“ ლიდერად წარმოჩინებისათვის, შეიძლება ქვეყნისათვის ტრაგიკული შედეგები მოყვეს. არსებული კრიზისი მოგვარებული უნდა იქნას ორმხრივი დათმობის შედეგად. პოლიტიკური პარტიების„წითელი ხაზები“ უნდა გადაიხედოს და პარტიული თუ პირადი ინტერესების ნაცვლად უნდა გაივლოს იქ, სადაც ჭეშმარიტი ეროვნული ინტერესებია. მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის პირობებში და საზოგადოებაში სოციალ - ეკონომიკური და პოლიტიკური სტატუს ქვოს მიმართ მზარდი უკმაყოფილების ფონზე, პოლიტიკურმა პარტიებმა მსგავსი ნაბიჯები საკუთარი პოლიტიკური გადარჩენისთვის უნდა გადადგან. ხანგრძლივ პერსპექტივაში, პოლიტიკურ პარტიებს შორის მართლმსაჯულებისა და სამართალდამცავი სისტემის დეპოლიტიზაციისათვის, ისევე როგორც ნამდვილად დამოუკიდებელი და ეფექტური საარჩევნო ადმინისტრაციისთვის ჭეშმარიტი კონსენუნსია გამოსაწრთობი.

წყარო: საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S