ღარიბაშვილმა უკრაინელი კოლეგა თბილისში მოიწვია: რაზე ისაუბრეს პრემიერ–მინისტრებმა

07-05-2021 16:21:59 საგარეო პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალს ვიდეოკონფერენციის ფორმატში შეხვდა.

როგორც საქართველოს მთავრობის პრეს–სამსახურის მიერ გავრცელებულ რელიზში ვკითხულობთ, პრემიერებმა საქართველოსა და უკრაინას შორის არსებულ მეგობრობასა და სტრატეგიულ პარტნიორობაზე ისაუბრეს, „რომელიც მრავალსაუკუნოვან ისტორიულ და კეთილმეზობლურ ურთიერთობებს ემყარება“.

ამასთან, რელიზის თანახმად, ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და უკრაინის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და ამ მიმართულებით კიდევ უფრო ეფექტური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე:

„უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ქართველ კოლეგას, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში, საერთაშორისო არენაზე უკრაინის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

უკრაინის საზღვრებთან და დროებით ოკუპირებულ ყირიმში ბოლო დროს რუსეთის სამხედრო გააქტიურებაზე საუბრისას, საქართველოს მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ გამოხატა ქართული მხარის შეშფოთება მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და დაადასტურა საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“.

რელიზის მიხედვით, საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და უკრაინას შორის არსებულ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია ერთობლივი ძალისხმევა, რათა უფრო მეტად განვითარდეს და გაღრმავდეს ორ ქვეყანას შორის არსებული ეკონომიკური თანამშრომლობა.

„მხარეებმა იმსჯელეს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესში მიღწეულ პროგრესზე და აღნიშნეს, რომ ალიანსში გაწევრიანება ორი ქვეყნის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა შავი ზღვის უსაფრთხოების კუთხით თანამშრომლობას და შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობას საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უკრაინელი კოლეგა, მისთვის ხელსაყრელ დროს, ოფიციალური ვიზიტით თბილისში მოიწვია“.

შეგახსენებთ, რომ აპრილის პირველ ნახევარში საქართვლოს და უკრაინის პრეზიდენტებმა ტელეფონით ისაუბრეს.

როგორც ოფიციალურ რელიზში იყო აღნიშნული, ორივე ქვეყნის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობა და ამ მიმართულებით ნატო-სა და ევროკავშირის მაღალი დონის შეხვედრებზე საქართველოს და უკრაინის ერთობლივი მიზნების წარდგენის საჭიროება.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ აღნიშნულ საკითხებზე სამუშაოდ გამოიყენებენ უკრაინაში საქართველოს პრეზიდენტის მომავალ ვიზიტს.

იხილეთ ასევე: შავი ზღვა და საქართველო–უკრაინის მიზნები – ექსპერტების ანალიზი

მზარდი დაძაბულობის ფონზე კალიურანდი, ჰერბსტი და ბლენკი უკრაინა-საქართველოს შორის გაძლიერებული პარტნიორობის მნიშვნელობაზე მიუთითებენ

ახალი ამბები

სხვა სიახლეები