საქართველოს სამოქმედო გეგმა ევროკავშირში წევრობის განაცხადის წარმატებისთვის – კუბილიუსის ანალიზი

21-05-2021 14:53:58 ევროპა ,კომენტარი

ლიეტუველი ევროპარლამენტარი, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე ანდრიუს კუბილიუსი აცხადებს, რომ ევროპარალამენტში მხარს უჭერენ საქართველოს განაცხადს, ევროკავშირს გაწევრიანების თაობაზე 2024 წელს ოფიციალურად მიმართოს.

ამასთან, ევროპარლამენტარი "აქცენტთან" იმ ნაბიჯებზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც მისი ხედვით, საქართველოსთვს მიზნის მიღწევის პროცესში წარმატების მომტანი იქნება.

"საქართველოს გაცხადებული აქვს, რომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადს 2024 წელს გააკეთებს. პირველი, ეს ძალიან კარგი ნაბიჯია და ჩვენ განზრახვას მხარს ვუჭერთ, თუმცა ეს კარგად უნდა იყოს მომზადებული: საქართველომ უნდა განავითაროს შესაძლებლობები, დაუახლოვდეს ევროკავშირის კანონმდებლობას; მას უნდა ჰქონდეს დეტალური გეგმა პრიორიტეტებით და ბიუჯეტით, განახორციელოს ევროკავშირის კანონმდებლობას დაახლოება; ამასთან, თბილისს უნდა ჰქონდეს გაწერილი ინსტიტუციური განვითარების გეგმები, მიღწეული პროგრესის ანგარიში და ამ გეგმების განხორციელების ზედამხედველობის ღონისძიებები; საქართველომ განაცხადის გაკეთებამდე წინმსწრებად უნდა აჩვენოს, რომ მზად არის, მიიღოს და შეასრულოს ევროკავშირის წევრობის ვალდებულებები", – აცხადებს ევროპარლამენტარი და დასძენს, რომ "ამ პროცესში ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი პოლიტიკური კრიტერიუმების გათვალისწინებაა".

პოლიტიკური კრიტერიუმები, როგორც წევრობის მნიშვნელოვანი ასპექტი

ევროპარლამენტარი პოლიტიკური კრიტერიუმების გათვალისწინების აუცილებლობაზე საუბრობს, რომელიც ევროკავშირის წევრობისთვის "კოპენჰაგენის კრიტერიუმების" ერთ-ერთი მთავარი საფუძველია:

"აქცენტი გაკეთდება საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების სტაბილურობაზე, ღიაობასა და დიალოგზე, ფინანსების გამჭვირვალობაზე და ანგარიშვალდებულებაზე, ადამიანის უფლებების პატივისცემაზე, ეფექტურად ფუნქციონირებად მართლმსაჯულების სისტემისა და კანონის უზენაესობის უზრუნველყოფაზე. წინასწარი მოხსენება ამ სფეროებში პროგრესის შესახებ ძალზე მნიშვნელოვანია".

რა შეუძლია, გააკეთოს საქართველომ წევრობის განაცხადის წარდგენის შემდეგ

ევროპარლამენტარის თქმით, "წევრობის თაობაზე განაცხადის გაკეთების შემდეგ საქართველომ "ასოცირებული ტრიოს" ქვეყნებთან ერთად შეიძლება, შეიმუშაოს და ლობირება გაუწიოს შუალედური წევრობის სტატუსის (ევროკავშირის წინა პალატის ან ატრიუმის) მოდელს, რომელიც მოიცავს ევროკავშირში გაწევრიანების სრულ სარგებელს და ევროკომისიის ყოფილი პრეზიდენტის რომანო პროდის ფორმულას "ყველაფერი (წევრობის ყველა სარგებელი) ინსტიტუციების გარდა":

"ეს შუალედური წევრობის შეღავათები შეიძლება, მოიცავდეს სრულ ხელმისაწვდომობას ევროკავშირის შიდა ბაზარზე, მონაწილეობას ევროკავშირის საერთო პოლიტიკაში, როგორიცაა, საერთო სოფლის მეურნეობა, გარემო, ტრანსპორტი ან სავაჭრო პოლიტიკა, ევროკავშირის სტრუქტურულ ფონდებზე სრული წვდომა, და პროგრესული მონაწილეობა ევროკავშირის ინსტიტუტების მუშაობაში (ევროკავშირის საბჭო, ევროკომისია, ევროპარლამენტები, კომიტეტები და სააგენტოები და ა.შ.).

გარდა ამისა, საქართველოს ეროვნულ სტრატეგიაში შეიძლება, შეფასდეს ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების პროცესი და განისაზღვროს ევროკავშირში ინტეგრაციის შემდეგი ნაბიჯების მიზნები ევროკავშირის წევრობის სრული სარგებელის მისაღწევად მომდევნო წლებში, მაგალითად, მათი კავშირი ევროკავშირის პრეზიდენტობასთან - რომელსაც პოლონეთი 2025 წელს ჩაიბარებს და ლიეტუვა – 2027 წელს.

ეს შეიძლება იყოს "საქართველო -2027" ან "საქართველო -2030" ევროკავშირში ინტეგრაციისა და ადვოკატირების სტრატეგია. ეს შეიძლება, შეიცავდეს დასკვნებს, რომელიც ევროკავშირის საკითხებზე მომუშავე წამყვანმა კვლევითმა ცენტრმა CEPS–მა დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების და "აღმოსავლეთ პარტნიორობის" სახელმწიფოების ევროინტეგრაციის შედეგების ერთმანეთს შედარების შემდეგ გამოიტანა და საქართველოსთან მიმართებით აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი პროგრესი უკვე მიღწეულია", – აცხადებს კუბილიუსი.

„ასოცირებული ტრიოს“ წინ გადადგმული ნაბიჯი

ევროპარლამენტარი საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მიერ “ასოცირებული ტრიოს” ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმებას „წინ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს“:

„ჩვენ მხოლოდ მისი მხარდაჭერა შეგვიძლია. საქართველოსა და "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ასოცირებული ქვეყნების მიერ ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით ახალი იმპულსის შემუშავებას სავარაუდოდ, ჰიბრიდული გავლენა მოჰყვება კრემლის რეჟიმისგან ამ ქვეყნებში. "ასოცირებული ტრიოს" ქვეყნებისთვის (საქართველო, მოლდოვა, უკრაინა) კორუფციასთან და კრემლის გავლენის წინააღდეგ საბრძოლველად რეფორმების განხორციელების დაჩქარება საუკეთესო რეცეპტია“.

ამავე თემაზე: „ევროკავშირის წევრობის სანდო კანდიდატობისთვის საქართველომ შიდა სირთულეები უნდა გადალახოს“ – ევროპარლამენტარი ქვეყნის პერსპექტივაზე

"თუ რეფორმები გაგრძელდა, 2027 წელს ევროკავშირში ლიეტუვას პრეზიდენტობა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე შემდეგი ნაბიჯის გადადგმის საშუალებას მისცემს"

ევროპარლამენტი "ჟან მონეს დიალოგის“ ფარგლებში საქართველოს დახმარებას სთავაზობს

ახალი ამბები

სხვა სიახლეები