„რეგიონის მომავლისთვის საქართველოს პოზიციონირება გადამწყვეტი იქნება“ – ღარიბაშვილის ანკარაში ვიზიტის არაოფიციალური მხარე

02-06-2021 21:59:06 ინტერვიუ

ანკარაში საქართველოს პრემიერ–მინისტრის ვიზიტისას დახვედრის ცერემონიალურ ნაწილს რატომღაც, სოციალურ ქსელის ქართულ სეგმენტში განსაკუთრებული აჯიოტაჟი დაეთმო. მეტი, ვიდრე შეხვედრის შინაარსობრივ მხარეს, ჩაითვალა რა პომპეზურად, შთამბეჭდავად და რაც მთავარია, უშუალოდ საქართველოს პრემიერ–მინისტრის დამსახურებად.

მაგრამ, ცხენებზე ამხედრებული კარაბინერებით და ზალპით აჟიტირებული მოქალაქეებისგან განსხვავებით, „ეთნიკურ და კონფესიურ ურთიერთობათა ცენტრის“ ხელმძღვანელი ლელა ჯეჯელავა ცერემონიალში უჩვეულოს ვერაფერს ხედავს და მეტიც, მისთვის გაუგებარია, რატომ ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა, მით უფრო, რომ ცერემონიალი ოფიციალური ვიზიტების პროტოკოლში იჯდა.

„წესით, ცერემონიალურ მხარეზე მეტად საინტერესო შეხვედრის შინაარსია და როდესაც მეტს არა შინაარსზე, არამედ ცერემონიალურ მხარეზე საუბრობენ, მაფიქრებინებს, რომ არის თემები, რომელთა გადაფარვაც ცერემონიალურ მხარეზე აქცენტირებით სურთ. ყოველ შემთხვევაში, მე საერთაშორისო პრესაში დახვედრის პროტოკოლურ ნაწილზე განსაკუთრებული ხაზგასმა არ შემხვედრია. ამას მხოლოდ ჩვენი სახელისუფლებო მედია და ოფიციალური სამთავრობო სტრუქტურები უსვამენ ხაზს“,– ამბობს „აქცენტთან“ ჯეჯელავა.

ხელმეორედ გაპრემიერების შემდეგ თურქეთში პირველი სახელმწიფო ვიზიტით კმაყოფილი ჩანს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და როგორც თავად განაცხადა, „საქართველოს აქვს ძალიან გამოკვეთილი, ძალიან მნიშვნელოვანი სტატუსი და როლი, რომელსაც რეგიონში მოთამაშე ყველა ქვეყანა აღიარებს“.

საქართველოს რეგიონული როლი

ეს ის შემთხვევაა, როდესაც ღარიბაშვილის პოზიციონირებას სრულად იზიარებს ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა, ფიქრობს რა, რომ კავკასიის რეგიონი მნიშვნელოვანია გეოპოლიტიკური თვალსაზრისით და არც ერთი მსხვილი გეოპოლიტიკური მოთამაშე მას არ განიხილავს საქართველოს როლის გარეშე. ამიტომ, ჯეჯელავას ანალიზით, ახლა მნიშვნელოვანია, როგორი იქნება საქართველოს პოზიცია – რომელი გეოპოლიტიკური კონიუნქტურის სასარგებლოდ გააკეთებს არჩევანს:

„კავკასიაში ახლა რთული ვითარებაა: რუსეთმა სომხეთის ტერიტორიაზე ფაქტობრივად, მესამე ბაზა დააფუძნა – სიუნიქში გაჩნდა ქვე–სამხედრო ბაზა; ძალიან რთულად მიმდინარეობს სომხეთ–აზერბაიჯანს შორის საზღვრის დემარკაცია–დელიმიტაციის პროცესი; სრულიად ღიადაა საკომუნიკაციო დერეფნების საკითხი, რომელიც თურქეთის მთავარი ინტერესი გახლდათ, რომლის გამოც აქტიურად იყო ყარაბაღის კონფლიქტში ჩართული. ამდენად, ვითარება სრულიად დაუბალანსებელია მოვლენათა შესაძლო განვითარების დაბეჯითებით პროგნოზირება ძალიან რთულია, მაგრამ ის, რომ საქართველოს პოზიცია რეგიონის მომავლისთვის გადამწყვეტი იქნება, ეს ერთმნიშვნელოვანია. გვაქვს შესაძლებლობა, კარგად ავწონ–დავწონოთ ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესები, არსებულ საერთაშორისო კონტექსტთან მიმართებით შევაფასოთ ჩვენი როლი და აქედან გამომდინარე ვაწარმოოთ ურთიერთობები ყველა დაინტერესებულ მხარესთან – რეგიონის ქვეყნებთან და დიდ გეოპოლიტიკურ მოთამაშეებთან“.

ამ კონტექსტში ჯეჯელავა თურქეთის ინტერესებზე ამახვილებს ყურადღებას და ფიქრობს, რომ ანკარას მოცემულობა უბიძგებს, ხელი შეუწყოს საქართველოს, როგორც დასავლეთის ფორპოსტის როლის გაძლიერებას:

„არ უნდა გამოგვრჩეს მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც თურქეთისთვის შესაძლოა, უსიამოვნო იყოს: აქტიურად მიმდინარეობს საუბრები აზერბაიჯანის "ოდეკაბე" [კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია. წევრები: სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, რუსეთი და ტაჯიკეთი] გაწევრიანების შესახებ, რაც, ბუნებრივია, სრულიად შეცვლის რეგიონში არსებულ ბალანსს. ამიტომ, საქართველოს ფაქტორი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, მით უფრო, თურქეთისთვის, შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, ღარიბაშვილის თურქეთში ვიზიტისას უმნიშვნელოვანესი თემა იქნებოდა საქართველოს თურქეთთან სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო განვითარება არა მხოლოდ ეკონომიკური მიმართულებით: საქართველო რეგიონში ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც დღევანდელი სტატუს–კვოს მიხედვით აქვს შანსი, შეინარჩუნოს დასავლეთის ფორპოსტის როლი სამხრეთ კავკასიაში და თურქეთი საქართველოს ამ როლის გაძლიერებას ხელს შეუწყობს“.

თურქეთმა რეგიონიდან დასავლეთის განდევნა გადაიფიქრა?

დასავლეთის ჩართულობის გარეშე ყარაბაღის მეორე კონფლიქტის შემდეგ რეგიონში ჩამოყალიბებულმა სტატუს–კვომ (რუსული ბაზა კავკასიის მესამე ქვეყნის ტერიტორიაზეც გაჩნდა), მათ შორის, ე.წ. ექვსი ერის ფორმატის დაანონსებამ (რომელსაც აზერბაიჯანი, ირანი, თურქეთი და რუსეთი უჭერდნენ მხარს), ანალიტიკოსთა ნაწილი დაარწმუნა, რომ რეგიონული აქტორები პროცესების რეგიონში ჩაკეტვასა და სამხრეთ კავკასიიდან დასავლეთის „განდევნას“ ცდილობდნენ. ლელა ჯეჯელავა კი თურქეთის ბოლო პერიოდის პოლიტიკაზე დაკვირვებით ამბობს, რომ ერდოღანი სიტუაციურ პოლიტიკას მიმართავს კონკრეტულ მომენტში თავისი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. არც იმას უარყოფს, რომ თურქეთსა და რუსეთს რეგიონში დასავლეთის „შევიწროების“ მიზანი აერთიანებს, თუმცა ერთ მნიშვნელოვან ფაქტორზეც ამახვილებს ყურადღებას, რომელსაც ანკარაშიც უნდა აცნობიერებდნენ:

„რუსეთი და ირანი, რომლებიც „ექვსი ერის“ პლატფორმის მთავარ ნაწილებად მოიაზრებიან, დამოუკიდებელ პოლიტიკას სამხრეთ კავკასიაში და ვერც ახლო აღმოსავლეთში ვერ აწარმოებენ: მხედველობიდან ყველას გვრჩება ჩინეთის ფაქტორი, რომელიც ჩვენს რეგიონში გეოპოლიტიკური მოთამაშე თითქოს არ არის, მაგრამ ასე არაა – ჩინეთს მკაფიოდ გამოკვეთილი ინტერესები აქვს, რაც ახლო აღმოსავლეთში და სამხრეთ კავკასიაში თურქეთის როლის შემცირებას ემსახურება. ამდენად, თუნდაც „ექვსი ერის“ ფორმატში როგორი იქნება თურქეთის როლი, ეს მხოლოდ თურქეთზე არაა დამოკიდებული. აქ არის კიდევ ორი გეოპოლიტიკური მოთამაშე – ირანი და რუსეთი, რომლებიც უკვე ძალიან არიან მიბმულნი ჩინეთის გეოპოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტერესებზე. სწორედ ამიტომ, იგივე „ექვსი ერის“ ფორმატში თურქეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს პოზიცია და მასთან მჭიდრო თანამშრომლობა“,– ამბობს ჯეჯელავა და იქვე დასძენს, რომ საქართველოს სახელმწიფოებრივი მიზნები ამ ეტაპზე სრულიად გამორიცხავს ხსენებულ ფორმატში ჩართულობას და საქართველოს ამოცანაა, მაქსიმალურად აღმოვჩნდეთ შავი ზღვის უსაფრთხოების სისტემაში:

„ამ თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია თურქეთისთვის საქართველოს ფაქტორი. თუ გავითვალისწინებთ თურქეთის გეგმას, სტამბულის ჩრდილოეთით გაიყვანოს 45-კილომეტრიანი არხი, რომელიც შავ ზღვას მარმარილოს ზღვასთან დააკავშირებს და რომელიც ანკარას აძლევს საშუალებას, „მონტროს კონვენციის“ ვალდებულებებისგან გათავისუფლდეს, მას გარდა „ექვს ერის“ პლატფორმისა, აქვს ბევრი სათადარიგო ვარიანტი, რომლითაც საკუთარი გეოპოლიტიკური მიზნების რეალიზაციას ცდილობს და ამ შემთხვევაში დასავლეთს სასარგებლოდ თამაშობს შავი ზღვის უსაფრთხოების სისტემის კონტექსტში. ამდენად, რამის მკაფიოდ თქმა ჯერ ნაადრევია, მოვლენები ძალიან სწრაფად იცვლება. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ყველა გეოპოლიტიკურ მოთამაშეს (თურქეთს, რუსეთს, ირანს) შიდა სახელმწიფოებრივი პოლიტიკურ–ეკონომიკური პრობლემები აქვს. ანალოგიური პრობლემები გვაქვს ჩვენც: სამწუხაროა, რომ ამაზე მეტი ენერგია იხარჯება, ვიდრე იმაზე, რომ მკაფიოდ გამოვკვეთოთ ჩვენი სახელმწიფო ინტერესები, შევაფასოთ, როგორი იქნება შესაძლებლობები ახალი პოლიტიკური პარადიგმის ჩამოყალიბების დროს. ამისთვის პოლიტიკური პროცესის "დაკრისტალებაა" საჭირო და ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება – მოვლენათა განვითარების ლოგიკა ითხოვს, მალე გამოიკვეთოს, როგორი იქნება ჩვენი შიდა პოლიტიკური კონიუნქტურა, რაზეც ბევრად იქნება დამოკიდებული სამომავლო სახელმწიფოებრივი განვითარება და საერთაშორისო ურთიერთობები“.

ქართულ–სომხურ– აზერბაიჯანული ფორმატის პერსპექტივა

საინტერესოა, რომ თურქეთის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ–მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ახსენა მათ შორის, ქართულ–სომხურ–აზერბაიჯანული ფორმატი და განაცხადა, რომ თურქეთი მხარს უჭერს მსგავსი ფორმატის არსებობას. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ ყარაბაღის კონფლიქტის მეორე ეპიზოდის მიმდინარეობისას, ოფიციალურმა თბილისმა დაპირისპირებულ მხარეებს შესთავაზა დიალოგისთვის საკუთარი ტერიტორია, თუმცა საბოლოოდ მხარეები რუსეთში მიუსხდნენ მოლაპარაკებათა მაგიდას.

„სადაც რუსეთის ფაქტორი არსებობს და მას აქვს ბერკეტი ორივე ქვეყანასთან მიმართებაში შეასრულოს როლი, ბუნებრივია, სურვილი (დიალოგის საქართველოში წარმართვის) სურვილად დარჩება. მას არა მხოლოდ შეთავაზება, არამედ ადრესატების მხრიდანაც სჭირდება მზაობა. სომხეთი კი დღეს იმაზე მეტადა დამოკიდებული აღმოჩნდა რუსეთზე, ვიდრე ეს ყარაბაღის მეორე ომამდე იყო. მიუხედავად მზარდი ანტირუსული განწყობებისა, მოცემულობაა, რომ ქვეყანა სამხედრო–ეკონომიკურ–ენერგეტიკული თვალსაზრისით რუსეთზე დამოკიდებული ხდება. ამას თუ დავურთავთ იმ მოცემულობასაც, რომ აზერბაიჯანის რუსეთთან ინტეგრაციაც იზრდება, ასევე აქტიურად განიხილება „ოდეკაბეში“ შესვლის შესაძლებლობა, ბუნებრივია, მსგავს შესაძლებლობას ახლა არავინ მოგვცემს“,– ამბობს ჯეჯელავა.

მისივე თქმით, თურქეთისთვის მნიშვნელოვანია, სომხეთ–აზერბაიჯანის ურთიერთობა შედგეს, რომლის გარეშეც შეუძლებელია ნახჭევანის დერეფნის გახსნა და იხსენებს მოდელს, რომელსაც წარსულში თურქეთში განიხილავდნენ:

„დაახლოებით, 10 წლის წინ თურქეთში ჩატარდა რამდენიმე კონფერენცია, რომელზეც განიხილებოდა სამი ქვეყნის ურთიერთობა გარკვეული კონფედერაციის მოდელით, სადაც უნდა ყოფილიყო შემდეგი ტიპის კონფიგურაცია: სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო +ყარაბაღი +აფხაზეთი და სამაჩაბლო. რამდენადაც ვიცი, თურქი ექსპერტები ამ მოდელს კვლავ განიხილავენ, მაგრამ არსებული სტატუს–კვოდან გამომდინარე, ამ ეტაპზე ვერ ვხედავ რაიმე ტიპის შესაძლებლობას , აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობები საერთო პლატფორმის შემუშავების ეტაპზე გადავიდეს: ელემენტარული ჰუმანიტარული საკითხი – ტყვეების გაცვლის თემაც კი გადაუჭრელია მიუხედავად იმისა, რომ ამაში ჩართულია რუსეთის ხელისუფლება; დამატებით ხდება ე.წ. შეჭრა (როგორც ამას სომხები განიხილავენ) სომხეთის ტერიტორიაზე – სიუნიქის რეგიონში და ეს ხდება მაშინ, როდესაც იქ რუსული ბაზა დგას და მეორეც იქმნება; მნიშვნელოვანია დასავლეთის პოზიცია, რომელსაც არ მოსწონს რუსეთის როლი სამხრეთ კავკასიაში, მაგრამ სამწუხაროდ, ჯერ–ჯერობით კონკრეტული სამოქმედო გეგმა არ ჩანს“.

მიუხედავად ამისა, ჯეჯელავა მაინც ხედავს გარკვეულ ფაქტორებს, რომელთა ირგვლივაც შესაძლოა, რომ შეიქმნას სამმხრივი ფორმატი და ეს შესაძლოა, იყოს კულტურული მემკვიდრეობის საკითხები. ამ თვალსაზრისით ანალიტიკოსი ყარაბაღში არსებულ კულტურულ მემკვიდრეობის ძეგლებზე ამახვილებს ყურადღებას, რომელმაც აზერბაიჯანმა ალბანური კულტურის ძეგლად გამოაცხადა და ვლადიმირ პუტინსაც მიმართა, უშუალოდ აიყვანოს კონტროლზე ამ ძეგლების მდგომარეობა, სომხეთი კი საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების მიპყრობას ცდილობს:

„სადღეისოდ მოცემულობა ამგვარია: რუსეთის სამშვიდობო ძალებთან შეთანხმებით დღეებია გამოყოფილი – ღვთისმსახურებას გარკვეულ დღეებში სომხები აღავლენენ, ცალკეულ დღეებში – უდეები (ალბანელების მემკვიდრეები, რომლებიც ცხოვრობენ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე). ცალკე თემაა, როგორ შექმნა აზერბაიჯანმა უდეების მართლმადიდებელი ეკლესია, რომელიც პრაქტიკულად რუსეთის ეკლესიას დაუქვემდებარა. კულტურული მემკვიდრეობის და რელიგიური თემატიკაც კი მიანიშნებს აზერბაიჯანის რუსეთთან მჭიდრო ინტეგრაციის პროცესზე და ვხედავ საფრთხეებს, რომ დავით–გარეჯთან მიმართებაშიც იგივე პრეცედენტი არ განმეორდეს. ეს იქნება ძალიან სახიფათო რამ. ამდენად, ვფიქრობ, კულტურული ძეგლების ფორმატში შეგვიძლია, მოვძებნოთ საერთო პლატფორმა, სადაც სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანა დავიწყებთ საუბარს“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები