რუსული არჩევნები აფხაზეთში: ვინ გაამარჯვებინა რუსეთთან მიერთების ლობისტ “ოპოზიციონერ” კანდიდატს

22-09-2021 18:14:41 კონფლიქტები

ოკუპირებული აფხაზეთის მკვიდრმა ამომრჩევლებმა, რომლებიც რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებისთვის ამიერბაიკალეთის (ზაბაიკალიეს) მხარის დაურის №44 ერთმანდატიან ოლქს იყვნენ მიმაგრებულები, ხმათა უმრავლესობა არა რუსეთის მმართველი პარტია “ერთიანი რუსეთის”, არამედ პარტიის “სამართლიანი რუსეთი – პატრიოტები – სიმართლისთვის” მიერ წარდგენილ კანდიდატ იური გრიგორიევს მისცეს, - ასეთია კენჭისყრის ოფიციალურად გამოცხადებული შედეგები. სწორედ ეს პარტია ლობირებდა რუსეთის ფედერაციასთან საქართველოს ორი ოკუპირებული რეგიონის – აფხაზეთისა და ე.წ. “სამხრეთ ოსეთის” მიერთებას, რაც მის წინასაარჩევნო პროგრამაშიც იყო ასახული.

იხილეთ ასევე:

პარტია, რომელიც არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, რუსეთის ხელისუფლებას აფხაზეთის მიერთებას სთხოვს

ასევე ოფიციალურად გამოცხადებული ინფორმაციის თანახმად, კენჭისყრის დასრულების შემდეგ ურნებში სულ 2359 სწორად შევსებული ბიულეტენი აღმოაჩინეს და მათგან 1511 ხმა იური გრიგორიევს ერგო. მეორე ადგილზე რუსეთის მმართველი პარტია “ერთიანი რუსეთის” კანდიდატი ეკატერინე ფისუნი გავიდა (569 ხმა), მესემეზე – კომუნისტური პარტიის წევრი დიმიტრი ნოსოვი (107).

ამრიგად, რუსეთის მმართველი პარტიის მიერ წარდგენილმა კანდიდატმა აფხაზეთში ვერ გაიმარჯვა – იმის მიუხედავადაც კი, რომ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე სოხუმში ამიერბაიკალეთის მხარის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე, მმართველი პარტია “ერთიანი რუსეთის” წარმომადგენელი ანდრეი გურულიოვი იყო ჩასული, რომელიც “არჩევნების სათანადო დონეზე ორგანიზებისთვის” დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიასაც შეხვდა.

თუმცა არის კიდევ ერთი საინტერესო დეტალი: აფხაზეთის შედეგები ემთხვევა დაურის ოლქის ოფიციალურად გამოცხადებულ საბოლოო შედეგს - იური გრიგორიევის გამარჯვებას (ჯამში 36 617 ხმა, ანუ ხმათა 24,26%). ხოლო იქიდან გამომდინარე, რაოდენ “სამართლიანად” და “მიუკერძოებლად” ტარდება რუსული არჩევნები პუტინის მმართველობის პირობებში, შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ მმართველი პარტია სახელმწიფო სათათბიროში არც საკუთრივ გრიგორიევის გასვლის წინააღმდეგი იყო და არც მისი “ოპოზიციური” პარტიის, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში, ხელსაყრელ დროს შეუძლია, საკანონმდებლო ორგანოში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის (ასევე დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების) მიერთების საკითხი სახელისუფლებო დეპუტატების ნაცვლად დააყენოს.

არადა, აფხაზეთის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი არათუ საკუთრივ რუსეთის ფედერაციის, არამედ კრემლის მიერ ინიცირებული ახალი "სამოკავშირეო სახელმწიფოს" შემადგენლობაში შესვლის შესახებ მოსკოვიდან მჟღერ განცხადებებზეც მთელი სიმწვავით რეაგირებს.

იხილეთ ასევე:

საგრძნობლად სეკვესტრირებული “რუსული სამყარო” სახელად “სამოკავშირეო სახელმწიფო”, ანუ საით მიცურავს აფხაზური ნავი

სოხუმში "სუვერენიტეტის შესაძლო დაკარგვით" შეშფოთება გაისმის ყოველ ჯერზე, როცა სხვადასხვა რანგის რუსი პოლიტიკოსები ააქტიურებენ რუსეთის მოქალაქეებისთვის აფხაზური სტრატეგიული ობიექტებისა თუ უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის, ასევე აფხაზეთის "მოქალაქეობის" მინიჭების კუთხით აფხაზურ კანონმდებლობაში ამ დრომდე მოქმედი აკრძალვების გაუქმების საკითხს.

ასლან ბჟანიას ამ თემაზე მორიგი განმარტებების კეთება მოუწია გუშინაც - მას შემდეგ, რაც რუსეთთან "ორმაგი მოქალაქეობის შესახებ" შეთანხმების გაფორმება დააანონსა. როგორც დე ფაქტო ლიდერმა განმარტა, საუბარია მხოლოდ და მხოლოდ აფხაზეთის "მოქალაქეების" მიერ რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მიღებაზე, ხოლო რუსეთის მოქალაქეების მიერ აფხაზურის მიღების გამარტივების თემა დღის წესრიგში არ დგას.

"მინდა, ეს ყველამ ცალსახად გაიგოს და არანაირ ინტერპრეტაციებს ადგილი არ ჰქონდეს! ჩვენ ვსაუბრობთ მხოლოდ და მხოლოდ ამაზე - აფხაზეთის მოქალაქეებისთვის რუსეთის მოქალაქეობის მინიჭების წესის გამარტივებაზე, ხოლო აფხაზეთის მოქალაქეობის ნებისმიერი სხვა ქვეყნის, მათ შორის რუსეთის მოქალაქეებისთვის მინიჭების კუთხით აფხაზურ კანონმდებლობაში არსებული ყველა შეზღუდვა ძალაში რჩება" - განაცხადა ბჟანიამ.

დე ფაქტო პრეზიდენტის განმარტებით, ეს რომ აფხაზური "მოქალაქეობის" გაცემის წესის გამარტივებასაც ეხებოდეს, მაშინ ავტომატურად დაკარგავდა აზრს აფხაზურ კანონმდებლობაში არსებული სხვა მკაცრი შეზღუდვებიც, მათ შორის - უცხოელთათვის სტრატეგიული ობიექტებისა და უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის კუთხით. "არც ამ მხრივ ვაპირებთ ჩვენი კანონმდებლობის შეცვლას" - დასძინა მან.

  • რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებისთვის აფხაზეთში გახსნილი საარჩევნო უბნები ამიერბაიკალეთის მხარის დაურის, ვორონეჟის მხარის პავლოვის, ლენინგრადის მხარის ვსევოლოჟსკისა და სამარის მხარის სამარის ერთმანდატიან ოლქებს იყვნენ მიწერილები.
  • ოფიციალურმა თბილისმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული არჩევნების ჩატარება დაგმო და საერთაშორისო თანამეგობრობას სათანადო რეაგირებისკენ მოუწოდა. სოხუმმა კი საპასუხოდ თბილისი “აფხაზეთის შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობაში” დაადანაშაულა.
  • სამშაბათს, ადრე დილით რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოაცხადა, რომ ბიულეტენების 100%-ის დათვლის შედეგად, წინასწარი მონაცემებით, სახელმწიფო სათათბიროში სულ 5 პარტია მოხვდა: მმართველი "ერთიანი რუსეთი" ხმათა 49,8%-ით, კომპარტია - 19%-ით, ლიბერალ-დემოკრატები - დაახლოებით 7,6%-ით, "სამართლიანი რუსეთი" – დაახლოებით 7,5-ით და პირველად 2003-ის შემდეგ მეხუთე პარტია - "ახალი ადამიანები" ხმათა 5,32%-ით.
  • ოფიციალურად გამოცხადებული წინასწარი შედეგების თანახმად, მმართველი "ერთიანი რუსეთი" სახელმწიფო სათათბიროში საკონსტიტუციო უმრავლესობას ინარჩუნებს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები