17-11-2021 19:20:57 კონფლიქტები
აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ, რომელმაც ბოლო დროს მოსკოვის ზეწოლის შედეგად რუსეთთან ინტეგრაციაზე აიღო კურსი, დაურ კოვე "საგარეო საქმეთა მინისტრის" თანამდებობიდან გადააყენა და მის ნაცვლად კრემლის ახალგაზრდა "კადრი" - ინალ არძინბა დანიშნა.
იკითხეთ ასევე: "ქართველები მიგვანიშნებენ: «ჩვენი სახლი უკეთესია, დაგვიბრუნდითო», მაგრამ ჩვენ ჩვენი სახლი გვაქვს"
31 წლის ინალ არძინბა სოხუმშია დაბადებული. ის აფხაზეთის პირველი დე ფაქტო პრეზიდენტის - ვლადისლავ არძინბას ნათესავია. იყო რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელი, 2014–2018 წლებში მუშაობდა რუსეთის "დსთ-ის ქვეყნებთან, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის სამმართველოში", რომელშიც უკრაინის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. 2018 წელს გახდა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქთან მოქმედი "ახალგაზრდობის საქმეთა კონფესიათაშორისი საზოგადოებრივი საბჭოს" თავმჯდომარე. გასული წლის იანვარში არძინბამ აფხაზეთში ახალი პარტიის შესაძლო შექმნის შესახებ განაცხადა, ხოლო მოგვიანებით გამოაცხადა, რომ "აფხაზეთის პრეზიდენტობის ამბიცია არ აქვს".
იკითხეთ ასევე: ინალ არძინბას წარმატების პატარა საიდუმლოები და მისი “აფხაზური” ახალგაზრდული პროექტების რუსული მიზნები
რაც შეეხება დაურ კოვეს, მას "მინისტრის" თანამდებობა 2016 წლის ოქტომბრიდან დღემდე ეკავა. კოვე აფხაზური საგარეო უწყების ხელმძღვანელად ჯერ კიდევ წინა დე ფაქტო პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას მმართველობის პერიოდში დაინიშნა და თანამდებობას ასლან ბჟანიას "გაპრეზიდენტების" შემდეგაც ინარჩუნებდა.
დღეს გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, "პრეზიდენტმა" დაურ კოვე "სხვა სამსახურში გადაყვანასთან დაკავშირებით" გადააყენა.
აღსანიშნავია, რომ დღეს აწ უკვე ყოფილი დე ფაქტო მინისტრი ასლან ბჟანიასთან ერთად ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეს შეხვდა, მანამდე კი ნიკარაგუაში იმყოფებოდა ვიზიტად.
კოვეს მოსალოდნელი გადაყენების შესახებ ინფორმაცია აფხაზეთში პირველად რამდენიმე თვის წინ გაჩნდა. ამ თემაზე საუბრები კვლავ გააქტიურდა ამასწინათ სოხუმში "საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციის საკითხებზე მომუშავე კომისიის" რუს წევრთა ჩასვლისა და სხდომის გამართვის შემდეგ. "აქცენტის" არაოფიციალური ინფორმაციით, სხდომა, რომელზეც რუსული მხარის წარმომადგენლებმა სოფელ აიბღას რუსეთის კუთვნილებაში გადასვლის საკითხი დააყენეს, დაურ კოვემ დიდი სკანდალით დატოვა და მას შემდეგ მოსკოვი ასლან ბჟანიას მის გადაყენებას სთხოვდა.