
"რეინფიცირების 5 ათასზე მეტი შემთხვევა გვაქვს" – იმნაძეს ე.წ. მწვანე სტატუსზე ღარიბაშვილისგან განსხვავებული ხედვა აქვს
25/11/2021 10:11:48 პოლიტიკა, საზოგადოება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილეს პაატა იმნაძეს ე.წ. მწვანე სტატუსის თაობაზე ჯანდაცვის მინისტრისა და პრემიერისგან განსხვავებული ხედვა აქვს. საუბარია კოვიდ–გადატანილი პირებისთვის მუდმივი „მწვანე სტატუსის“ მინიჭებაზე.
„ჩემი აზრით, ეს საკითხი შესაცვლელია. ქვეყანაში რეინფიცირების 5 ათასზე მეტი შემთხვევა გვაქვს. ასე რომ, სამწუხაროდ, კოვიდის გადატანა არ იძლევა იმის გარანტიას, რომ ადამიანს კოვიდი აღარ დაემართება“, - განაცხადა იმნაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში პირველი დეკემბრიდან ე.წ. მწვანე პასპორტი ამოქმედდება. ამის შესახებ საზოგადოებას პრემიერ–მინისტრმა ამცნო. პირს მწვანე სტატუსი აქვს, თუ იგი ვაქცინირებულია სრულად (ორჯერ) ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის „პისიარ“ ტესტი, 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი. სწორედ ეს უკანასკნელი გახდა ჯანდაცვის სპეციალისტების მხრიდან კრიტიკის საკითხი.
„იყო მოსაზრება, რომ კორონავირუს გადატანილებზე ყოფილიყო ექვსთვიანი შეზღუდვა, მაგრამ ჩემი რეკომენდაცია იყო, რომ ეს შეზღუდვა მოგვეხსნა და საბჭომ გაიზიარა ჩემი წინადადება. ამიტომ, მწვანე სტატუსი ექნება პირს, რომელსაც გადატანილი აქვს კორონავირუსი“,– განაცხადა ღარიბაშვილმა 8 ნოემბერს.
იხილეთ ასევე: მინისტრი – უვადო „მწვანე“ სტატუსზე: „ყველაფერში განსაკუთრებულები ვართ“
ცნობისთვის: იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძე ამბობს, რომ კოვიდგადატანილისთვის უვადოდ „მწვანე“ სტატუსის მინიჭება წარმოუდგენელია, ვინაიდან კვლევების თანახმად, კორონავირუსის გადატანიდან 6-8-თვიანი პერიოდის შემდეგ რეინფიცირების რისკი მატულობს:
"პოზიცია იყო მკაფიო დაფიქსირებული საკოორდინაციო საბჭოზე ექვსთვიან ვადასთან დაკავშირებით. ბატონ ამირან გამყრელიძეს მოსაზრება და რეკომენდაცია იყო ექვსთვიანი ვადა. ეს არის ის უნივერსალური ვადა, რომელიც მიღებულია ყველა ქვეყანაში. არცერთი ქვეყანა არ აფიქსირებს მსგავს 1-წლიან პერიოდს. საერთოდ წარმოუდგენელია ილაპარაკო უვადოზე, ეს, მგონი, რაღაც ტექნიკური ხარვეზი ან გაუგებრობაა. აუცილებლად ეს შესწორდება, ეს არაა წითელა, გადაიტანე და მთელი ცხოვრება თავისუფალი ხარ. კორონავირუსი ძალიან შორსაა კორონავირუსისგან. ეს ერთ-ერთი ნაწილია, რომელიც აუცილებლად უნდა შეიცვალოს. ამ მხრივ საკოორდინაციო საბჭოს პოზიცია და საბოლოო გადაწყვეტილება დიამეტრულად განსხვავდება სამედიცინო ხედვისგან".