რუსეთს NATO-ს გაფართოების გამომრიცხავი გარანტიების მიღება სურს

08-12-2021 10:15:43 მსოფლიო

რუსეთი "სერიოზულადაა დაინტერესებული მიიღოს საიმედო, იურიდიულად დაფიქსირებული გარანტიები", რათა გამოირიცხოს აღმოსავლეთისკენ ნატოს გაფართოება. ამის შესახებ კრემლმა განაცხადა რუსეთის და აშშ-ის პრეზიდენტებს, ვლადიმირ პუტინსა და ჯო ბაიდენს შორის 7 დეკემბერს გამართული ვიდეოკონფერენციის შემდეგ, რომელსაც კრემლში "გულახდილი და საქმიანი" უწოდეს.

კრემლის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, პუტინის და ბაიდენის საუბრის ძირითადი ნაწილი ეხებოდა „შიდაუკრაინულ კრიზისს და პროგრესის არარსებობას მინსკის 2015 წლის შეთანხმების შესრულებაში, რომელიც მშვიდობიანი დარეგულირების უალტერნატივო საფუძველია“.

კრემლის თანახმად, რუსეთის პრეზიდენტმა კონკრეტული მაგალითებით წარმოაჩინა „კიევის დესტრუქციული ხაზი, რომელიც მიმართულია მინსკის და ნორმანდიული ფორმატით მიღწეული შეთანხმებების სრული დემონტაჟისკენ“.

კრემლის ინფორმაციით, პრეზიდეტმა პუტინმა „გამოთქვა სერიოზული შეშფოთება დონბასის წინააღმდეგ კიევის პროვოკაციული მოქმედებების გამო“.

რუსეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის ოფიციალური შეტყობინების მიხედვით, ჯო ბაიდენმა აქცენტი გააკეთა უკრაინის საზღვრებთან რუსული ძალების გადაადგილების „თითქოსდა საფრთხისშემცველ ხასიათზე“ და სანქციებზე, რომელთა გამოყენებისთვის აშშ და მისი მოკავშირეები მზად იქნებოდნენ ვითარების შემდგომი ესკალაციის შემთხვევაში:

„პასუხად ვლადიმირ პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ არ ღირს პასუხისმგებლობის გადატანა რუსეთის მხრებზე, რადგან სწორედ ნატო მიმართავს უკრაინის ტერიტორიის ათვისების საშიშ მცდელობებს და ჩვენს(რუსეთის) საზღვრებთან სამხედრო პოტენციალს ზრდის. ამიტომ, რუსეთი სერიოზულადაა დაინტერესებული საიმედო, იურიდიულად დაფიქსირებული გარანტიების მიღებაში, რაც გამორიცხავს აღმოსავლეთის მიმართულებით ნატოს გაფართოებას და რუსეთის მოსაზღვრე სახელმწიფოებში დამრტყმელი, შეტევითი შეიარაღების სისტემების განთავსებას“.

კრემლის ოფიციალური ინფორმაციით, რუსეთის და აშშ-ის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ თავის წარმომადგენლებს დაავალებენ „საგნობრივ კონსულტაციებს ამ მგრძნობიარე საკითხებზე“.

იხილეთ ასევე: პასუხი პუტინს: "დასავლეთი შანტაჟის ქვეშ არ ექცევა"

თეთრი სახლი პუტინ–ბაიდენის ონლაინ–შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

ახალი ამბები

სხვა სიახლეები