
რა გზავნილებით ჩავიდა საქართველოს პრემიერი ბრიუსელში რეგიონში ახალი სამხედრო აგრესიის მოლოდინის ფონზე
17/12/2021 14:35:34 პოლიტიკა, ანალიზი
რეგიონში ახალი ფართომასშტაბიანი შეიარაღებული კონფლიქტის მოლოდინის, დასავლეთსა და რუსეთს შორის მზარდი დაძაბულობისა და კრემლის მიერ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დაშანტაჟების მცდელობის ფონზე, გააუქმოს ბუქარესტის 2008 წლის სამიტის გადაწყვეტილება, ბრიუსელში მაღალი რანგის მნიშვნელოვანი შეხვედრები შედგა, რომელშიც საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც მონაწილეობდა, რომელმაც რამდენიმე მნიშვნელოვანი გზავნილი გააჟღერა:
- „საკუთარი საგარეო პოლიტიკური კურსის არჩევის სუვერენული უფლება ყველა სახელმწიფოს გააჩნია“;
- „დადგა ჩვენი ინტეგრაციის პროცესის გააქტიურების და კონკრეტული პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების დრო. ეს იქნება მკაფიო გზავნილი ყველა ასპირანტი ქვეყნისთვის, რომ მიზანდასახულობას, ერთგულებას და დაუღალავ შრომას რეალური შედეგები მოაქვს. ეს იქნება ძლიერი გზავნილი, რომლის ექოც ფართოდ გადასწვდება მთელს რეგიონს და ყველა დარწმუნდება, რომ ნატო აქ არის და უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე".
- პრემიერმა ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ ის განსაზღვრავს საქართველოს საგარეო პოლიტიკურ კურსს;
- ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ნატო–ს ჩართულობის გარეშე შავ ზღვაში მშიდობის უზრუნველყოფა შუძლებელია, ხოლო შავი ზღვის სტაბილურობის გარეშე – ზოგადი უსაფრთხოების მიღწევა რეგიონში.
- ·მან საქართველოს ნატო–ში გაწევრიანების მნიშვნელობა რუსული ოკუპაციის კონტექსტშიც ხაგასმით აღნიშნა: "გენმდივანთან ვისაუბრეთ არსებულ მოვლენებზე, რუსეთის მიმდინარე ოკუპაციაზე. ბევრჯერ მითქვამს და ახლაც ვიმეორებ, რომ ნატო-ს წევრობა საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმთავრეს საკითხს წარმოადგენს, რომელსაც მხარს უჭერს ქართველი ერის აბსოლუტური უმრავლესობა. მოუთმენლად ველით ნატო-სთან თანამშრომლობის გაღრმავებას, რასაც საბოლოოდ შედეგად მოჰყვება ალიანსის წევრობა".
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილი მრჩეველი, ანალიტიკოსი პოლ გობლი „აქცენტთან“ საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ NATO–ს გენმდივან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრისას ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებაზე ყურადღების გამახვილებას ეხმიანება და კრიტიკულად მნიშვნელოვნად მიიჩნევს, საერთაშორისო საზოგადოებამ განაგრძოს ერთგულება იმ პრინციპისადმი, რომ ყველა სახელმწიფოს საკუთარი პოლიტიკური კურსის არჩევის სუვერენული უფლება გააჩნია.
“ეს პრინციპი ათწლეულების განმავლობაში საერთაშორისო წესრიგის საფუძველს წარმოადგენდა. პუტინის მცდელობებს, შეცვალოს ეს წესი, წინააღმდეგობა უნდა გაეწიოს" - განუცხადა "აქცენტს" ანალიტიკოსმა.
ამასთან, იგი მიესალმება საქართველოს პრემიერ-მინისტრის გზავნილს იმის შესახებ, რომ "დადგა საქართველოს ინტეგრაციის პროცესის გააქტიურებისა და კონკრეტული პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების დრო".
"დავიწყებ იმით, რომ ნატო თავდაცვითი ალიანსია. მისი წევრები ერთგულნი რჩებიან გადაწყვეტილების, მიიღონ თავის რიგებში სხვა ქვეყნები, მათ შორის – საქართველოც, თუ ისინი იზიარებენ ალიანსის დემოკრატიულ ღირებულებებს და ასრულებენ ნატო–ს მოთხოვნებს. ეს პირობა ასევე უცვლელი რჩება. თუმცა საქართველოსთვის კარგია დასავლეთისთვის ამის შეხსენება. დასავლეთს ხშირად ეუფლება ცდუნება, დაივიწყოს თავისი პრინციპები, რათა მშვიდი ცხოვრება ჰქონდეს. მათ, ვის ცხოვრებაზეც ამ პრინციპების დარღვევა პირდაპირ ზეგავლენას ახდენს, უნდა შეახსენონ დასავლეთს მისივე პირობა. ცხადია, თბილისს სურს, წინ წასწიოს საქმე და პრემიერ–მინისტრიც ამას ცდილობდა" - ამბობს ანალიტიკოსი.
მისივე ინფორმაციით, აშშ კვლავინდებურად მხარს უჭერს საქართველოსა და უკრაინის ნატო–ში გაწევრიანებას.
"მიმაჩნია, რომ ბაიდენის ადმინისტრაციას სურს, იხილოს MAP საქართველოსთვის რაღაც მომენტში, მაგრამ როდის იქნება ეს - უცნობია" – დასძინა პოლ გობლმა.
რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილიც იზიარებს იზიარებს ღარიბაშვილის განცხადებების სულისკვეთებას, სახელმწიფოს სუვერენული უფლებების თაობაზე, თუმცა დასძენს, რომ „როგორც ჩანს, ღარიბაშვილი ცდილობს, ძალიან მწვავე გამონათქვამები არ გამოიყენოს რუსეთის მიმართ. მაგრამ ამ შემთხვევაში არ ვაკრიტიკებ: გასაგებია, რომ არსებობს ძალიან ბევრი რისკები და შიშები რუსეთთან მიმართებაში“.
„მას შეეძლო, ასევე ეთქვა, რომ „რუსეთის მცდელობა, რეგიონში „წითელი ხაზები“ გაავლოს, სხვა ქვეყნებს უკარნახოს პოლიტიკა, მიუღებელია საქართველოსთვის“. რომ „მიუღებელია მცდელობა, გავლენა განახორციელოს და შეუზღუდოს საერთაშორისოდ აღიარებული სუვერენული უფლებები მეზობელ ქვეყნებს“. როგორც ჩანს, ღარიბაშვილი ცდილობს, ძალიან მწვავე გამონათქვამები არ გამოიყენოს რუსეთის მიმართ. მაგრამ ამ შემთხვევაში არ ვაკრიტიკებ: გასაგებია, რომ არსებობს ძალიან ბევრი რისკები და შიშები რუსეთთან მიმართებაში და შიში ალბათ, სწორია, რადგან აბსოლუტურად არაპროგნოზირებად აქტორთან გვაქვს საქმე, რომელსაც შეუძლია, ნებისმიერი ნაბიჯის გადადგმა შენს წინააღმდეგ“.
საყურადღებოა, რომ აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტზე, რომელზეც ევროკავშირის ხელმძღვანელებმა ხუთი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის ლიდერებს უმასპინძლეს, მიიღეს პოლიტიკური დეკლარაცია, რომელშიც სხვა საკითხებთან ერთად ხაზგასმულია ტრიოს - საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ერთობლივი ინიციატივები.
„აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი, რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესი მოვლენაა, მაგრამ რაღაც განსაკუთრებული და ახალი არ თქმულა გარდა იმისა, რომ ტრიოს ფორმატის (რომელიც შექმნილია საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას ევროკავშირში ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით) ცნობა მოხდა. თუმცა უნდა მივაქციოთ ყურადღება, რა ფორმულირებით შევიდა ის დეკლარაციაში: დეკლარაციაში პირდაპირ წერია, რომ ევროკავშირი ცნობს ტრიოს ძალისხმევას და მათ კოორდინაციას მიესალმება ასოცირების შესახებ და ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის დებულებების რეალიზაციის მიზნით. ანუ მათ ზღუდავს ასოცირების შეთანხმების მიზნებით. ასოცირების შეთანხმებაში კი ევროკავშირში გაწევრიანების მიზანი არანაირად არ არის ასახული. ამდენად, ევროკავშირის მხრიდან ამ ფორმატის თავშეკავებული აღიარება მოხდა, თუმცა ვფიქრობ, რომ ასეთიც კი სასარგებლოა: სამი პრემიერი ცდილობდა ევროკავშირის დარწმუნებას, რომ უნდა მოგვანიჭონ წევრობის პერსპექტივა, რაც გულისხმობს ევროკავშირის პოტენციურ კანდიდატად აღიარებას, მაგრამ იყო წინააღმდეგობა, განსაკუთრებით რამდენიმე ქვეყნის მხრიდან. ისიც შეიძლება, ვთქვათ, რომ ევროკავშირის ზოგიერთი სახელმწიფო ტრიოს ფორმატის გაღრმავების მომხრე არ არის, თუ მას სომხეთთან ერთად არ მოიაზრებენ. ეს კი გაუგებარია, რადგან სომხეთს ამ ეტაპზე ევროკავშირში გაწევრიანების ამბიცია არ აქვს. ის გაწევრიანებულია რუსულ ინტეგრაციულ ბლოკში – ევრაზიულ კავშირში. ასეთი ვითარება შეიქმნა, თუმცა ტრიო მაინც სცნეს, რაც ნიშნავს, რომ ხელს შეუწყობენ ტრიოს საქმიანობას. შესაძლოა, გარკვეული ღონისძიებებიც ჩატარდეს, რომელშიც ტრიოსთან ერთად ევროკავშირის მხრიდან ვინმე მიიღებს მონაწილეობას, როგორც დამკვირვებელი. შესაძლოა, დაფინანსებაც გამოიყოს ტრიოს ხელშეწყობისთვის. გააჩნია, რამდენად მოეწონება ახლა უკვე თავად ევროკავშირს ტრიოს აქტიურობა, რამდენად ირწმუნებს მის საჭიროებას“,– ამბობს „აქცენტთან" გოგოლაშვილი.