
"ჩვენი პოზიციის შეცვლა შეუძლებელია“ – რას ფიქრობს ერდოღანი უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფაზე
27/01/2022 07:09:28 მსოფლიო
უკრაინის საზღვართან რუსული სამხედრო ძალის მობილიზებისა და რეგიონში მორიგი ომის მოლოდინის ფონზე თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერა კვლავ დაადასტურა.
„თურქეთი თავიდანვე მხარს უჭერდა უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ჩვენ გამოვავლინეთ მკაფიო პოზიცია რუსეთის იმ ქმედებების მიმართ, განსაკუთრებით - ყირიმში, რომელიც საზიანოა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისთვის. ჩვენი პოზიციის შეცვლა შეუძლებელია,“- აღნიშნა ერდოღანმა.
მან კიდევ ერთხელ გამოხატა მზაობა, სიტუაციის დეესკალაციის მიზნით უკრაინისა და რუსეთის ლიდერებს უმასპინძლოს:
„თურქეთს სურს, რუსეთსა და უკრაინას შორის დაძაბულობა განიმუხტოს მანამ, სანამ ახალ კრიზისად გადაიქცევა“.
მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან უკრაინაზე თავდასხმა სულელური ნაბიჯი იქნებოდა, "ამ შემთხვევაში თურქეთი ისე იმოქმედებს, როგორც ნატოს წევრი სახელმწიფო".
მანამდე მან განაცხადა, რომ თებერვლის დასაწყისში კიევში ვიზიტს გეგმავს.
ერდოღანმა ასევე აღნიშნა, რომ „თურქეთი უკრაინის ოკუპაციის წინააღმდეგია“, რომ არ მიაჩნია რეალისტურ სცენარად უკრაინაში შეჭრა და რომ რეგიონი კიდევ ერთ ომს ვერ გადაიტანს.
ნატო–ს წევრი თურქეთი უკრაინასა და რუსეთთან კარგ ურთიერთობებს ინარჩუნებს, თუმცა სირიასა და ლიბიაში მოსკოვი და ანკარა მოწინააღმდეგე ბანაკებს უჭერენ მხარს.
ცნობისთვის: თურქეთმა უკრაინას უპილოტო საფრენი აპარატები გადასცა, რასაც მოკოვის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021