Accentnews.ge
სერგეი შამბა: "რუსეთ–საქართველოს ურთიერთობები იცვლება"

სერგეი შამბა: "რუსეთ–საქართველოს ურთიერთობები იცვლება"

06/09/2022 12:47:44 კონფლიქტები

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შამბა რუსეთისთვის "ბიჭვინთის" სახელმწიფო აგარაკის კომპლექსის საკუთრებაში და 1086 ჰექტარი მიწის იჯარით გადაცემის მომხრეა. ამასთან, რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ ვითარებაზე საუბრისას იგი "რუსეთ –საქართველოს ურთიერთობების შეცვლაზე" ამახვილებს ყურადღებას.

"ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთ–საქართველოს ურთიერთობები იცვლება. აპირებენ რუსეთ–საქართველოს დამაკავშირებელი გვირაბის (ქვეშეთი-კობის გვირაბი საქართველოს ტერიტორიაზე) მშენებლობას, აფართოებენ ზემო ლარსის გამტარუნარიანობას. ეს ძალზე მნიშვნელოვანი არგუმენტებია, თუკი მთლიანი სურათის დანახვა გვსურს", – განაცხადა შამბამ დე ფაქტო ლიდერ ასლან ბჟანიასთან საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლების შეხვედრაზე.

რაც შეეხება აფხაზეთს, მისი თქმით, "საზოგადოებრივი ერთობის გარეშე რესპუბლიკას პერსპექტივა ვერ ექნება":

"მოდით, ვიმსჯელოთ, ვიფიქროთ, როგორ შევინარჩუნოთ ჩვენი სახელმწიფო ცვალებად სამყაროში. რაც უკრაინაში ხდება, ცალსახად გვიჩვენებს, რომ მსოფლიო სხვაგვარი იქნება და სწორედ ახლაა დრო, ვიფიქროთ იმაზე, რა როლი გვექნება რეგიონში. როდესაც მსოფლიოში რყევებია, პატარები ყოველთვის ზარალდებიან, ჩვენც ყოველთვის ვზარალობდით".

მისივე თქმით, "ბიჭვინთის მიწა რუსეთს 49 წლის გადაეცემა, რის შემდეგაც შეთანხმება შეიძლება, გადაიხედოს, რადგან არავინ იცის, როგორი ურთიერთობა ექნება აფხაზეთს რუსეთთან 49 წლის შემდეგ".

ცნობისთვის: დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია კვლავინდებურად უარს აცხადებს "პარლამენტიდან" ბიჭვინთის შესახებ შეთანხმების გაწვევაზე, თუმცა საზოგადოებრივ ორგანიზაციებს დოკუმენტის ტექსტის ექსპერტიზას სთავაზობს და "აფხაზეთის საზოგადოებრივი პალატის" ბაზაზე საკონსულტაციო საბჭოს შექმნის ინიციატივით გამოდის.

იხილეთ ასევე: რუსეთი ბიჭვინთას იფორმებს.

რუსეთ-აფაზეთის დაპირისპირება მწვავდება, სოხუმიდან ელჩის გაწვევას მოითხოვენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S