პუტინს ОДКБ და ШОС-ი ხელიდან ეცლება: უზბეკეთმა და ყირგიზეთმა თავის მოქალაქეებს მოუწოდეს, უკრაინის წინააღმდეგ არ იომონ

23-09-2022 20:46:54 მსოფლიო

პუტინის რუსეთს ОДКБ (კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაცია) და ШОС-იც (შანჰაის თანამშრომლობის ორგანიზაცია) ზურგი აქცევს: ამ ორგანიზაციების წევრმა უზბეკეთმა და ყირგიზეთმა თავის მოქალაქეებს მოუწოდეს, უკრაინის წინააღმდეგ არ იომონ.

კერძოდ, ორი ქვეყნის ხელისუფლებებმა მიმართეს რუსეთის ტერიტორიაზე მყოფ თავის მოქალაქეებს, თავი აარიდონ "სადღეისოდ სხვა ქვეყნების ტერიტორიებზე მიმდინარე სარძოლო მოქმედებებში, კერძოდ, რუსეთ-უკრაინის დაპირისპირებაში ჩართვას და არ ჩაებან არც ერთი მხარის შეიარაღებული ძალების რიგებში".

იხილეთ ასევე: ტოკაევის ცივი შხაპი პუტინს, სოხუმსა და ცხინვალს

უზბეკეთის შრომითი მიგრაციის სააგენტომ შეახსენა ქვეყნის უცხოეთში მყოფ მოქალაქეებს, რომ რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის («უცხო ქვეყნების ჯარში, უშიშროების, სამართალდამცველ, სამხედრო იუსტიციისა და სხვა ანალოგიურ ორგანოებში მსახური") დარღვევა 3-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ანალოგიურ მიმართვაში რუსეთის ფედერაციაში ყირგიზეთის საელჩო აფრთხილებს ქვეყნის მოქალაქეებს, რომ მსგავსი ქმედება ისჯება 10-წლიანი პატიმრობით.

ცნობისთვის: პუტინის ხელისუფლებამ 20 სექტემბერს სასწრაფო წესით მიიღო საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც უშვებს რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭებას უცხოელებისთვის, თუ ისინი მზად იქნებიან, საკონტრაქტო საფუძველზე რუსეთის შეიარაღებულ ძალებსა და სხვა გასამხედროებულ ფორმირებებში სულ მცირე, ერთი წელი იმსახურონ.

რუსეთის პრეზიდენტთან მოქმედი "ადამიანის უფლებათა საბჭო" კი ამზადებს საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც დაავალდებულებს ბოლო 10 წლის განმავლობაში რუსეთის მოქალაქეობამიღებულ ცენტრალური აზიის რესპუბლიკების მოქალაქეებს, რუსეთში სავალდებულო სამხედრო სამსახური გაიარონ.

უზბეკეთის საერო ხელისუფლების მიმართვას მხარი დაუჭირა რესპუბლიკის მუსლიმთა სასულიერო სამმართველომაც, რომელმაც მრევლს უცხოეთში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა აუკრძალა.

"მუსლიმისთვის იარაღის ხელში აღება მხოლოდ საკუთარი სამშობლოს დაცვის მიზნითაა ნებადართული, მას ეკრძალება სხვა მრწამსის წარმომადგენლებთან გაერთიანება და მათთან ერთად სხვა თემის წარმომადგენლების წინააღმდეგ ომი", - ნათქვამია სამმართველოს მიერ გამოცემულ დოკუმენტში.

იხილეთ ასევე: აღმოსავლური პასუხი არძინბებს, ტანიებს, კადიროვებსა და მათ უკან მდგომს