რას ცვლის პუტინის ახალი განკარგულება: სამხედრო ექსპერტის ანალიზი

19-10-2022 17:19:15 კომენტარი

კრემლის ლიდერმა ვლადიმირ პუტინმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადა უკრაინის ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ანექსირებულ ტერიტორიებზე. ხოლო 6 რეგიონში რიგი შეზღუდვების დაწესების განკარგულება გასცა.

რას ცვლის პუტინის განკარგულება პრაქტიკულ დონეზე, მით უფრო, რომ ხსენებულ ტერიტორიებზე მოქალაქეთა უფლებების დარღვევისა და მათი იძულებითი წესით მობილიზაციის შესახებ ცნობები მანამდეც ვრცელდებოდა, განმარტავს რუსი სამხედრო ექსპერტი იური ფიოდოროვი.

„საომარი მდგომარეობის დროს ხელისუფლება, სამოქალაქო პირები იღებენ დამატებით უფლებამოსილებას და საზოგადოების სოციალური უფლებები იზღუდება – ეს ყველაფერი შესაბამის კანონებშია გაწერილი. რაც შეეხება პრაქტიკას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთა პოლიტიკურ–სოციალურ უფლებებზე საუბარი ზედმეტია, ირღვევა რა ყოველ საათში. ამდენად, როგორც ვაკვირდები, ეს სრულიად ფორმალური ზომაა, რომელიც რაღაც ფორმით უნდა მიეწოდებინათ მასებისთვის, რათა შეექმნათ ფონი „არც ისე მარტივი გადაწყვეტილებებისთვის“, რომლის შესახებაც გუშინ გენერალმა სუროვიკინმა გვითხრა. სჭირდებათ საზოგადოებრივი განწყობის მობილიზება. როგორც ჩანს, კრემლშიც თვლიან, რომ სამხედრო მოქმედებების ზონაში უკიდურესი „დაძაბულობაა“ (როგორც ეს სუროვიკინმა თქვა). ეს კი ადამიანურ ენაზე იმას ნიშნავს, რომ ვითარება რუსეთის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობისთვის საკმაოდ სევდიანია.

ამასთან, პუტინის განკარგულება ნიშნავს იმასაც, რომ ამ რეგიონის მაცხოვრებლებს ძალით შეყრიან გასამხედროებულ დაჯგუფებებში, რომელსაც დაარქმევენ ტერიტორიულ თავდაცვას. მათ მისცემენ ძველ ავტომატებს და ეტყვიან, „თუ აქ გამოჩნდება უკრაინის შეიარაღებული ძალები, ვალდებულნი ხართ, ესროლოთო“. ესაა და ეს. ეს დამატებითი ცოცხალი ძალაა, რომელიც ომში იქნება გამოყენებული უკრაინელების შეტევის შემთხვევაში. ან სხვა მიმართულებით გადაისვრიან, სადაც მათი ბედი საკმაოდ სევდიანი იქნება – მათ ბრძოლა არ იციან“,– განმარტავს სამხედრო ექსპერტი.

მას შემდეგ, რაც უკრაინაში რუსეთის არმიის ახლადდანიშნულმა სარდალმა სუროვიკინმა საომარი მოქმედებების ზონაში არსებული ვითარება რუსეთისთვის „დაძაბულად“ შეაფასა და არ გამორიცხა „რთული გადაწყვეტილებების მიება“, რასაც თან მოჰყვა გზავნილები იმის შესახებ, რომ თურმე უკრაინის არმია კახოვკის კაშხლის აფეთქებას და ხერსონის დატბორვას, ასევე ქალაქის დაბომბვას აპირებს, პროცესზე დამკვირვებელთა მოლოდინები სამი მიმართულებით გაიყო:

  • რუსეთი ემზადება ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებისთვის;
  • რუსეთი გეგმავს ხერსონის დატბორვას და შემდეგ ამის უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის გადაბრალებას;
  • რუსეთის არმია ხერსონიდან გადის.

ფიოდოროვი მესამე ვერსიას უფრო იზიარებს სამხედრო ლოგიკის მოშველიებით:

„რუსული არმია ემზადება ხერსონის მარჯვენა სანაპიროს პლაცდარმიდან ევაკუაციისთვის – ამას ჰქვია რთული გადაწყვეტილება და ცხადია, ეს მარტივი ნამდვილად არაა პუტინისთვის. ცნობილია, რომ სწორედ მისი განკარგულებით გამაგრდა მსხვილი რუსული დაჯგუფება ამ სანაპირო პლაცდარმზე ჯერ კიდევ ზაფხულში. იყო ვარაუდი, რომ ერთი ნაწილი შეუტევდა კრივინრუგს, ნიკოლაევს და შემდეგ ოდესას. მაგრამ როდესაც ვითარება შეიცვალა და რისკის ქვეშ დადგა დნეპრის გავლით კომუნიკაციის არხები, რუსულმა სარდლობამ (როგორც მესმის, გენერალმა სუროვიკინმაც, რომელიც ხელმძღვანელობდა ამ დროს სამხრეთ დაჯგუფებას), პუტინის წინაშე დააყენა ევაკუაციის აუცილებლობის საკითხი, რადგან იმთავითვე იყო ცხადი, რომ ეს დაჯგუფება შესაძლოა, ხაფანგში აღმოჩენილიყო. მაშინ პუტინმა თავის გენერლებს შეთავაზებაზე უარით უპასუხა. როგორც ჩანს, ახლა უწევს თავისი მიდგომის გადახედვა და საევაკუაციო ზომის ლეგალიზება.

კრემლის მხრიდან ყოველთვის მოსალოდნელია აგრესიული სამხედრო ნაბიჯები (ასეთია ამ ინსტიტუტის ბუნება) და ყველაზე უხერხულიც კი, მაგრამ სამხედრო ლოგიკით, მარჯვენა სანაპიროდან ევაკუაცია სავსებით ლოგიკურია. კახოვკას კაშხლის აფეთქება უკიდურესად რთულია ტექნიკური თვალსაზრისითაც კი. გამოიყენოს ბირთვული იარაღი? რისთვის? გულწრფელად გითხრათ, მიზანს ვერ ვიგებ. უბრალოდ პრინციპის გამო გამოყენება უკიდურესად სულელური ნაბიჯი იქნებოდა. კრემლისგან ყველაფერი მოსალოდნელია, მაგრამ ამ ეტაპზე ვერ ვხედავ ნიშნებს, რომ ის გამოყენებულ იქნეს ხერსონის ან უკრაინელი მებრძოლების წინააღმდეგ, რომელთაც შესაძლოა, დაიკავონ ხერსონი. მსგავსი ნაბიჯის შემთხვევაში, რუსეთისთვის პოლიტიკური შედეგები კატასტროფული იქნება“.

სამხედრო ექსპერტი ფიქრობს, რომ დაიწყება რუსი სამხედროების ევაკუაცია და მათ კვალდაკვალ მიჰყვებიან უკრაინელი დამცველები.

„ვფიქრობ, ბრძოლები იქნება – რიგი რუსული ნაწილები, რათა შეამცირონ ზარალი ევაკუაციისას, შევლენ ბრძოლებში უკრაინელებთან. ბევრი არ ელის, რომ ქალაქში იქნება მასობრივი სროლები, რადგან ამის აუცილებლობა უბრალოდ არ დგას. თუ სუროვიკინი საუბრობს „რთულ გადაწყვეტილებებზე“, ეს ნიშნავს იმას, რომ ასეთი გადაწყვეტილებები უკვე მიღებულია, კითხვა მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რაოდენ სწრაფად მოხდება მათი აღსრულება“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები