
ფაშინიანმა ОДКБ-ს სამიტზე დოკუმენტების ხელმოწერაზე უარი თქვა
23/11/2022 20:50:19 კავკასია
ერევანში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) სამიტის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ორ დოკუმენტზე შეთანხმება ვერ მოხერხდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა უარი თქვა კოლექტიური უსაფრთხოების საბჭოს დეკლარაციის პროექტებისა და სომხეთის დასახმარებელი ერთობლივი ზომების შესახებ დოკუმენტის ხელმოწერაზე.
სამიტზე გამოსვლისას ფაშინიანმა ორგანიზაციას მოუწოდა, პოლიტიკური შეფასება მისცეს სომხეთის წინააღმდეგ აზერბაიჯანის მოქმედებებს, რომლებსაც ერევანი აგრესიად აფასებს.
მისი თქმით, მოკავშირეებმა უნდა აიძულონ აზერბაიჯანი, რომ ჯარები გაიყვანოს მის მიერ დაკავებული სომხური ტერიტორიებიდან. საპირისპირო მოქმედება „შეიძლება ნიშნავდეს ОДКБ-ს უარს სამოკავშირეო ვალდებულებების შესრულებაზე“.
ინფორმაციისთვის: სომხეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ სექტემბერში სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე შეიარაღებული შეტაკებებისას აზერბაიჯანის სამხედროებმა სომხეთის სუვერენული ტერიტორიის ნაწილი დაიკავეს. ბაქო ამას უარყოფს და მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყნებს შორის საზღვრები არ არის დემარკირებული.
ბელარუსის ლიდერმა ალექსანდრ ლუკაშენკომ თქვა, რომ სომხეთის მხარემ წარმოადგინა შესწორება დოკუმენტისა, რომელსაც ხელი უნდა მოეწეროს, მაგრამ „ჩვენ გადავწყვიტეთ, არ მივიღოთ ეს ორი პუნქტი, არ ჩავუღრმავდეთ მათ“.
მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა იმედი გამოთქვა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა მოხერხდება და რომ სოჭში გამართული სეხვედრა კარგი ნიადაგია კომპრომისებისთვის.
პარალელურად, ერევანში საპროტესტო აქცია გაიმართა ОДКБ-დან სომხეთის გასვლის თაობაზე ქვეყნის მთავრობისადმი მოწოდებით.
ცნობისთვის: კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში შედიან სომხეთი, რუსეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი და ბელარუსი.