გაგლოევი პუტინს შეხვდა

16-03-2023 22:45:35 კონფლიქტები

16 მარტს მოსკოვში ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტის ალან გაგლოევისა და კრემლის ლიდერ ვლადიმირ პუტინის შეხვედრა გაიმართა.

ეს არის გაგლოევის პირველი შეხვედრა პუტინთან. ისინი ერთმანეთს თებერვლის ბოლოს უნდა შეხვედროდნენ, თუმცა მაშინ როგორც იუწყებოდნენ, გაგლოევს კორონავირუსი დაუდასტურდა და შეხვედრა ამის გამო გადაიდო.

პუტინი გაგლოევს შეპირდა, რომ რუსეთი გააგრძელებს მის მიერ ოკუპირებული ცხინვალის მხარდაჭერას სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გადაწყვეტაში და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებში.

„მე არ დავახასიათებ რუსეთის და სამხრეთ ოსეთის ურთიერთობებს - აქ კომენტარი ზედმეტია. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი ურთიერთობები ყველა მიმართულებით ვითარდება. მაგალითად, ტვირთბრუნვა გასულ წელს 12 პროცენტით გაიზარდა, რაც კარგი მაჩვენებელია. ვითარდება საინვესტიციო პროგრამა, ვითარდება, სოციალურ -ეკონომიკური განვითარების პროგრამა, ფინანსური და საკრედიტო პროგრამა. სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოებისთვის სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე განთავსებულია სამხედრო ბაზა. შესაბამის უწყებებს შორის მჭიდრო თანამშრომლობაა დამყარებული“, - განაცხადა პუტინმა გაგლოევთან შეხვედრაზე.

თავის მხრივ, გაგლოევმა თქვა, რომ ცხინვალის განვითარების ერთადერთი ვექტორი რუსეთის ფედერაციასთან ინტეგრაციაა და რომ "ოსი ხალხი ყოველთვის მადლიერი იქნება რუსეთის ხელმძღვანელობის გადარჩენისა და დამოუკიდებლობის აღიარებისთვის".

„ჩვენ გვახსოვს, რომ ყველაზე რთულ დროს, რუსეთის ფედერაცია ყოველთვის გვერდში გვედგა. მხარს გვიჭერს და ამ დრომდე შეუფასებელ დახმარებას გვიწევს. გვახსოვს 2008 წლის აგვისტო, როცა სამხრეთ ოსეთის ხალხი სრული განადგურების საფრთხის წინაშე დადგა, მაგრამ დროული და სწორი გადაწყვეტილების შემდეგ აგრესორი გაჩერდა. ჩვენ მხოლოდ მადლობის სიტყვებს არ ვამბობთ და ვალს საქმით ვიხდით, სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში ოსი მებრძოლები რუს ძმებთან ერთად, ჩვენ საერთო ისტორიას, ღირებულებებს და რწმენას იცავენ. უნდა აღვნიშნო, რომ იქ ყველა გამარჯვებაში დარწმუნებული მიდის. ბევრი მათგანი რუსეთის სახელმწიფო ჯილდოებითაც არის დაჯილდოებული. წელს ჩვენ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების მე-15 წლისთავს აღვნიშნავთ, ვსარგებლობ შემთხვევით და მინდა მოგიწვიოთ სამხრეთ ოსეთში ყველაზე საპატიო სტუმრად", - უთხრა გაგლოევმა ვლადიმერ პუტინს.

რუსეთი ამ დრომდე არ ასრულებს 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებას და საერთაშორისო დონეზე ნაკისრ ვალდებულებას, რომლის მიხედვითაც რუსეთის არმია 7 აგვისტომდელ მდგომარეობას უნდა დაბრუნებოდა და ცხინვალის რეგიონში საერთაშორისო დამკვირვებლები უნდა შესულიყვნენ. მეტიც, გრძელდება მცოცავი ოკუპაცია, მოქალაქეების უკანონო გატაცება, ხოლო ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაცხოვრებელთათვის გადაადგილების შეზღუდვა.

აგვისტოს ომის საქმეზე ორი სახელმწიფოთაშორისი დავა მოიგო საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ.

2008 წლის ომი: ჰააგის გადაწყვეტილების საკვანძო პოლიტიკურ–სამართლებრივი ასპექტები

2008 წლის ომი: რას შეცვლის სტრასბურგის ისტორიული გადაწყვეტილება

ახალი ამბები

სხვა სიახლეები