
„გვითანაგრძნობდნენ“: საქართველო ვილნიუსის სამიტის კულუარებში
12/07/2023 13:26:47 კომენტარი
ნატო–საქართველოს ურთიერთობები ინერციით გრძელდება და საჭიროა გადატვირთვა,– ასე აჯამებს „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი კორნელი კაკაჩია ნატო–ს სამიტის შედეგებს, რომელსაც ვილნიუსმა უმასპინძლა და საზოგადოებას კულუარებში საქართველოსთან დაკავშირებით არსებულ განწყობებსაც უზიარებს:
„ცხადია, ეს მნიშვნელოვანი სამიტი იყო, განსაკუთრებით უკრაინისთვის. ბუნებრივია, მოლოდინი უკრაინელების მხრიდან ცოტა მეტი იყო, რადგან ცდილობდნენ, მაქსიმუმი მიეღოთ, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა, მაინც იჩინა თავი რიგი სახელმწიფოების მხრიდან სიფრთხილემ იგივე რუსეთთან, სხვა საკითხებთან მიმართებით. მიუხედავად ამისა, შედეგი, რომელიც დადგა [უკრაინა მაპი–ს გარეშე გახდება ალიანსის წევრი], საკმაოდ მნიშვნელოვანია უკრაინისთვის და მისი მომავალი წევრობისთვის. თუმცა, ეს იმასაც ნიშნავს, რომ ფაქტობრივად ფორმალურად გაფორმდა ტრადიციული დუეტის – საქართველოს და უკრაინის დაშორება: უკრაინამ ერთი ნაბიჯით წინ წაიწია, ჩვენ სხვა სიბრტყეში მოვიაზრებით. თუ დავაკვირდებით ბოლო წლების დინამიკას, აშკარად ჩანს, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად ნელ–ნელა ნატო–საქართველოს ურთიერთობები ისეთი ინტენსიური აღარ არის, არ გვაქვს დღის წესრიგი, პროაქტიული პოლიტიკა. მესმის, შესაძლოა, ნატო–ში გაწევრიანებას არ ველოდებოდეთ, მაგრამ პროაქტიული პოლიტიკა საჭიროა, იგივე ამ სამიტზე, რაც სამწუხაროდ, არ შეინიშნებოდა. არ იყო მაღალი დონის ვიზიტები, ნაკლებად იყო მედია, ძალიან ცოტა რაოდენობის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი იყო. ამ ყველაფერს აქვს მნიშვნელობა, რომ საქართველოს თემა იყოს აქტუალური ალიანსისთვის. მხოლოდ ორჯერ ახსენეს საქართველო – ერთხელ ლიეტუვის პრეზიდენტმა, მეორედ – სპიკერმა. ყველაზე ცუდი და სამწუხარო ის არის, რომ კულუარებში ყველა გვითანაგრძნობს იმ სიტუაციას, რომ გამომდინარე ჩვენი საგარეო პოლიტიკიდან, აშკარად ჩანს, ხელისუფლება არ არის დაინტერესებული, მას არ სჯერა, რომ ჩვენ შესაძლოა, ნატო–ს წევრები გავხდეთ. ეს ჩანს კიდეც, მათ შორის, ნატო–ს მხრიდან“.
მისთვის გაურკვეველია, რა „ახალ იმპულსზე“ საუბრობს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც თითქოს ქვეყანამ ვილნიუსის სამიტიდან მიიღო, როდესაც კომუნიკე იმეორებს ბუქარესტის სამიტის ტექსტს:
„წლების განმავლობაში გრძელდება თანამშრომლობა, უსაფრთხოების გაძლიერება, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ სამიტზე საქართველო გამოიყურებოდა არა როგორც ასპირანტი, არამედ როგორც ერთ–ერთი პარტნიორი ქვეყანა. ჩანდა ისე, თითქოს ნეიტრალური ქვეყანაა საქართველო. ის ქვეყნებიც კი, რომლებსაც ფორმალურად ნეიტრალიტეტი აქვთ გამოცხადებული, უფრო აქტიურობდნენ, მათ შორის – ნატოსთან მიმართებით. ეს არის რისკების შემცველი: არ ჩანს პოლიტიკური ნება საქართველოს მხრიდან!“.
რაც შეეხება ნატო–საქართველოს ურთიერთობის „გადატვირთვის“ აუცილებლობას, კაკაჩია ამბობს, რომ ეს მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების საქმე არაა: ქართული საზოგადოება მყარად უჭერს მხარს საქართველოს მოსახლეობა, საჭიროა, პროცესში ჩაერთოს სამოქალაქო საზოგადოება, აკადემიური წრეები, მედია, რადგან არსებული ტემპი და ურთიერთობების დონე შესაძლოა, სერიოზული რისკის შემცველი აღმოჩნდეს:
„მართალია, უკრაინამ დღეს ის ვერ მიიღო, რაც სურდა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ახლო პერიოდში შესაძლოა, გამოჩნდეს ისეთივე შესაძლებლობების „ფანჯარა“, რომელიც გაჩნდა ევროკავშირთან ინტეგრაციის მიმართებით. ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, მას როგორ დახვდება ქვეყანა – არ ჰქონდეს რეპუტაციული ზიანი. ტრადიციული მოკავშირეები სინანულით აღნიშნავენ, რომ საქართველო კარგავს თავის ადგილს ნატო–სთან, ზოგადად დასავლეთთან ინტეგრაციის კუთხით. ეს კი საწყენია იმის გათვალისწინებითაც, თუ რა წვლილი აქვს შეტანილი ქვეყანას ნატოს ოპერაციებში. ცხადია, ამ წვლილს ნატო აღიარებს, მაგრამ იმიჯს ყოველწლიურად სჭირდება გამაგრება. არ უნდა მოხდეს ისე, რომ საქართველოს რეპუტაცია შეილახოს გაურკვეველი საგარეო პოლიტიკური კურსის ან გაურკვეველი განცხადებების გამო. დღეს ამის რისკია და ამას ჩვენი მეგობრებიც ხედავენ“.
კაკაჩია განმარტავს, რომ საქართველო–უკრაინის დუეტის დაშლა ქმნის პრობლემებს, ვინაიდან როგორც ევროკავშირი, ისე ნატო ცდილობენ, „პაკეტებად მიიღონ პროექტები“. მაგალითად, ფინეთი და შვედეთი ერთად, ასევე ბალტიისპირეთის სახელმწიფოები: „ჩვენ, ვინაიდან პატარა სახელმწიფო ვართ, საერთაშორისო პოლიტიკაში არ გვაქვს იმხელა წონა, როგორიც უკრაინას, ამიტომ, ასეთი ჯგუფებიდან ჩამოშორება (იგივე ევროკავშირის კონტექსტში „ასოცირებული ტრიოდან, ნატოს კუთხით უკრაინისგან), ქმნის რისკებს, ჩვენთვის ნატოში ინტეგრაციის პროცესი კიდევ უფრო გაიწელოს. ეს კი პოლიტიკოსებს ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეთ“.
ანალიტიკოსი დასკვნის სახით აღნიშნავს, რომ არავის აქვს მოლოდინი, რომ საქართველო ხვალ გახდება ალიანსის წევრი, მაგრამ არ უნდა დავაგდოთ ტემპი და გავაჩინოთ ეჭვი, რომ საქართველო აღარ არის დაინტერესებული ნატო–ში გაწევრიანებით, აღარ არის სოლიდარული უკრაინის მიმართ, ეწინააღმდეგება დასავლეთის ქვეყნების კურსს, არ მიჰყვება ევროკავშირის საგარეო უსაფრთხოების პოლიტიკას. არსებული პოლიტიკა ბადებს კითხვებს საქართველოსთან მიმართებით, რაც დამაზიანებელია ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021