
საქართველოში ჩამოსულმა პუტინისტებმა ქართველებთან ერთად აფხაზებიც აღაშფოთეს
01/08/2023 11:23:47 კონფლიქტები
ბათუმის პორტში საკრუიზო ლაინერ Astoria Grande-თი კვირის განმავლობაში ორგზის შემოსულმა პუტინისტებმა თავისი განცხადებებით ქართველებთან ერთად აფხაზებიც აღაშფოთეს.
ქართველ ჟურნალისტებთან ხანმოკლე გასაუბრებისას მათ მიერ დაფიქსირებულ კრემლისტურ მოსაზრებებს სოცქსელების აფხაზურ სეგმენტში ფართო გამოხმაურება მოჰყვა.
აფხაზი ინტერნეტ-მომხმარებლები განსაკუთრებით აღაშფოთა, კერძოდ, იმ რუსმა ქალმა, რომლის მტკიცებით, "რუსეთი ოკუპანტი არაა, მას საქართველოს ოკუპაცია არ მოუხდენია - რუსეთმა აფხაზეთი ქართული აგრესიისგან გადაარჩინა და გაათავისუფლა". მათი პროტესტი ცხადია, ამ ფრაზის არა პირველ, არამედ ბოლო ნაწილს უკავშირდება.
ამასთან, აფხაზი ინტერნეტ-მომხმარებლები იმაზე ამახვილებენ ყურადღებას, რომ მსგავსი მოსაზრება "ცალკეული შემთხვევა არაა, მას ხშირად რუსი ჩინოსნებიც აფიქსირებენ და საერთოდაც, ფართოდაა გავრცელებული რუსულ საზოგადოებაში".
ამ ფაქტორზე ამახვილებს ყურადღებას "აფხაზეთის სამამულო ომის გმირი", შს დე ფაქტო ექს-მინისტრი, ამჟამად აფხაზეთში საზოგადო-პოლიტიკური მოღვაწის სტატუსით მოსარგებლე ასლან კობახიაც:
"[...] ბოლო 15 წლის განმავლობაში რუსეთში ასე არა მარტო რიგითი მოქალაქეები თვლიან. სახელისუფლებო დერეფნებში მოარული მრავალი ჩინოსანიც ფიქრობს, რომ აფხაზეთი მათ გარეშე ერთ დღესაც ვერ გაძლებდა. მე კი მოვიყვან დიდი მხედართმთავრის - სულთან სოსნალიევის სიტყვებს: "აფხაზეთი აფხაზებმა გაათავისუფლეს, ჩვენ კი მხოლოდ დავეხმარეთო". ეს ზუსტი შეფასებაა. კარგად ვიცით, რომ ქართველი აგრესორების წინააღმდეგ ომში დაღუპულთა 74% აფხაზები იყვნენ, 85% - აფხაზეთის მოქალაქეები. რუსეთის, უპირველესად კი ჩრდილოეთკავკასიელი მოხალისეების დახმარების დაკნინება არ მსურს, მაგრამ უნდა გვახსოვდეს ასევე რუსების მიერ მაშინ საქართველოსთვის გაწეული დახმარება, ტაშკენთის ხელშეკრულებით თბილისისთვის შეიარაღების მიწოდება, ელცინ-შევარდნაძის დაგომისის ომამდელი შეთანხმება, დსთ-ის ქვეყნების მიერ აფხაზეთის ომისშემდგომი ბლოკადა...".
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე ზაფხულს, მრავალწლიანი პაუზის შემდეგ, რუსული საკრუიზო ლაინერები ბათუმის გარდა, სოხუმის პორტშიც შევიდნენ. აფხაზეთის შემთხვევაში სოჭი-სოხუმი-სოჭის მოკლე მარშრუტით ორი რეისი «Князь Владимир»-მა შეასრულა. 30 ივნისს მან აფხაზეთის დედაქალაქში 82 რუსი ტურისტი ჩაიყვანა, რომელთაც პომპეზური დახვედრა მოუწყვეს. ეკიპაჟთან მისასალმებლად ლაინერზე ავიდა დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანიაც, რომელმაც პროექტის დიდ პერსპექტივებზე ისაუბრა. რუსული მხარე წლევანდელი სეზონის განმავლობაში, 30 ივნისიდან 11 სექტემბრის ჩათვლით სულ 10 კრუიზის განხორციელებას გეგმავდა. თუმცა ახლა მსგავს პერსპექტივაში როგორც რუსეთში, ისე აფხაზეთში დიდი ეჭვი ეპარებათ.
საქმე ისაა, რომ მარშრუტი სულ 200 კმ-ს მოიცავს, ხუთდღიანი საგზურის მინიმალური ღირებულება კი 75 ათასი რუბლია და ამ ხუთი დღიდან სამის განმავლობაში ლაინერი სოხუმის პორტში რჩება.
"საინტერესოა, სად აპირებენ ყოველ ჯერზე 82 მსურველის პოვნას, მინიმუმ 75 000 რუბლი წყალში გადაყაროს?! სოხუმში 500 რუბლად ჩავალ, დღე-ღამეში 2 ათასად ვიქირავებ ბინას და ნორმალურად დავისვენებ"; "რა ამბავია 75 000 მსგავსი კრუიზისთვის? სულ 200 კმ-ზეა საუბარი - კრუიზსაც კი ვერ დაარქმევ!"; "ჩვენ ხომ მეზობლები ვართ, რუსეთ-აფხაზეთის საზღვრამდე ერთ საათში ჩავდივართ, ასე, რომ ეს პროექტი იმთავითვე კრახისთვის იყო განწირული. თუმცა პროექტი რუსეთისაა და მან იმტვრიოს თავი" - წერენ რუსი და აფხაზი ინტერნეტ-მომხმარებლები.
და მართლაც, პირველი კრუიზის განხორციელებიდან უკვე ერთი თვე გავიდა, ახალი რეისების შესახებ ცნობები კი ამ დრომდე არ ჩანს.
სხვა - არა რენტაბელურობასთან დაკავშირებული მიზეზით, ქართველების საპროტესტო აქციების ფონზე ბათუმის პორტში შემოსვლის სურვილი გაუქრა ლაინერ Astoria Grande-საც: შესაბამის საიტზე მისი მარშრუტიდან ბათუმი 31 ივლისს ამოიღეს. და მართალია, ამ ლაინერით კრუიზების განმახორციელებელ კომპანია Miray Cruises-ში ირწმუნებიან, რომ "ისედაც სულ ორი რეისის განხორციელება იგეგმებოდა", თუმცა რეაურად, თავდაპირველად საიტზე სულ მცირე, 10 რეისზე იყო საუბარი.
შესაბამისად, იმ დაახლოებით 350 000-ლარიან საბიუჯეტო მოგებას, რომელიც "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დღეს კრემლის მიერ ქართველების ღირსების მორიგი შელახვის ფასად დაგვისახელა, წერტილი დაესვა - ისევე, როგორც პუტინის ხელისუფლების ოლუზიას ქართული საზოგადოების გარუსების მიზნის მიღწეულობის შესახებ. უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩენილი კრემლი ახლა სახის შენარჩუნებას იმ სიცრუით ცდილობს, თითქოს პუტინის საზღვაო დესანტის საქართველოში შემოსვლას მხოლოდ და მხოლოდ ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის მომხრეები აპროტესტებდნენ და "ანტირუსული ბაცილა საქართველოში მართალია, ჯერ კიდევ ცოცხალია, მაგრამ უკვე მისავათებული".
და მართალია, ამ "ბაცილისა" და მისი "მისავათებულობის" შესახებ მითების ნერგვას მოსკოვის კვალდაკვალ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებიც აქტიურად განაგრძობენ, მაგრამ როგორც ქართული, ისე უკვე აფხაზური საზოგადოების დიდი ნაწილიც მშვენივრად ხვდება, რომ ერთადერთი რეალური "ბაცილა" იმპერიალისტი პუტინის რუსეთია და მისი სადეზინფორმაციო პროპაგანდა.
"რა დემოკიდებულება იქონიონ რუსეთის მიმართ - ეს ქართველების საქმეა, მაგრამ 2023 წლის ივლისის ბათუმური "სტუმართმოყვარეობა" მორიგი შეხსენებაა ზოგიერთი ფანტაზიორი რუსი პოლიტიკოსებისა და ექსპერტებისთვის, რომ მოსკოვს ქართული საზოგადოების "მოთვინიერება" გაცილებით მეტად გაუჭირდება, ვიდრე წარმოედგინა" - წერს ამ მოვლენებთან დაკავშირებულ თავის სტატიაში აფხაზი ჟურნალისტი ვიტალი შარია.