
საკადრო წმენდა აფხაზეთში: მორიგი გადაყენებული დე ფაქტო ვიცე-პრემიერი პუსტოვალოვია
05/09/2023 10:23:09 კონფლიქტები
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერმა ასლან ბჟანიამ თანამდებობიდან "ვიცე-პრემიერი" სერგეი პუსტოვალოვიც გადააყენა.
ირკვევა, რომ შესაბამის ბრძანებას ბჟანიამ ჯერ კიდევ 1 სექტემბერს მოაწერა ხელი, თუმცა ინფორმაცია მხოლოდ დღეს გახდა ცნობილი.
2004 წლამდე პუსტოვალოვი რუსეთში მუშაობდა, 2004-2008 წლებში აფხაზეთის დე ფაქტო თავდაცვის მინისტრის თანაშემწე გახლდათ, დე ფაქტო ვიცე-პრემიერად კი 2020 წლიდან მუშაობდა.
მანამდე ცნობილი გახდა "პრეზიდენტის" მიერ მისი ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობიდან ჯანსუღ ნანბას გადაყენების თაობაზე, ერთი დღით ადრე კი დადასტურდა ინფორმაცია ინალ არძინბას მიერ დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობისა და აფხაზეთის დატოვების შესახებ.