მდინარაძე – ბლინკენის თანაშემწის მოადგილის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე: ღმერთმა არ ქნას, ყველაფრის თქმა მოგვიწიოს

25-07-2024 16:34:48 ციტატა

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის იური კიმის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება.

„გამახსენეთ ერთი ტერმინი ან ფრაზა, სადაც ჩვენ ვამბობთ, რომ ამერიკას ომი უნდა. ადამიანი გვამხელს სიცრუეში და გვეუბნება, რომ ტყუილია ის, რომ ამერიკას ომი უნდა, ჩვენ გლობალური ომის პარტიაში არც ერთხელ არ გვითქვამს, რომ ვგულისხმობთ აშშ-ს და ევროკავშირს. მაინც და მაინც გვაძალებენ, რომ თქვენ ამას გულისხმობთო და არ ვგულისხმობთ. ტყუილში მხილება გადაწყვიტეს ტყუილით. ამისთვის ცდილობენ ჩვენს დასჯას. გლობალურ ომის პარტიას რაც შეეხება, ესენი არიან ძალები, რომლებიც მეორე ფრონტის ინტერესის უკან დგანან. ყოველთვის ხაზს ვუსვამთ კონკრეტულ ძალებს და ვაკავშირებთ კონკრეტულ ძალებთან, მათ შორის ბატონი ტრამპის მკვლელობის ინტერესებს, ფიცოს მკვლელობის ინტერესებს, ვაკავშირებთ ირაკლი კობახიძეზე ირიბი მუქარის ინტერესს და ბიძინა ივანიშვილზე თავდასხმისა და მის მიმართ ტერორისტული აქტის მოწყობის ინტერესს და როდესაც უსამართლო კრიტიკას ვიღებთ სხვადასხვა ქვეყნის კონკრეტული პოლიტიკოსების მხრიდან, ისმება კითხვები. არსებობს საკითხები კულისებში და ვერ და არ ვლაპარაკობთ, რომ წითელი ხაზები არ გადავლახოთ. ღმერთმა არ ქნას საქართველოს გადასარჩენად ესეც მოგვიწიოს. ღმერთმა არ ქნას ყველაფრის თქმა მოგვიწიოს, ეგრეთწოდებული წითელი ხაზების გადალახვა ჩვენი ქვეყნის გადასარჩენად, სხვა მიზანი ამას არ ექნება, მათ შორის რაღაც მტკიცებულებებზე საუბარი და ასე შემდეგ. ამას შემთხვევით არ ვლაპარაკობ", – განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის: დასავლელი ლიდერები "გლობალურ ომის პარტიას" "კრემლის ნარატივს" უწოდებენ. საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი კობახიძე "გლობალურ ომის პარტიაზე" საუბრის მიზეზად "დასავლური ინსტიტუტების რეპუტაციის დაზიანების თავიდან არიდებას" ასახელებს.

15 ივლისს აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე პრეს–პიკერმა მეთიუ მილერმა აღნიშნა, რომ "არც კი იცის ეს [ "გლობალური ომის პარტია"] რას ნიშნავს.

ამავე თემაზე: ბლინკენის თანაშემწის მოადგილე: როდესაც ამტკიცებ, "გლობალური ომის პარტია" არსებობს, რომელსაც საქართველოსთვის ზიანის მიყენება სურს, ეს ყალბი ინფორმაციაა.

ვის უნდა ომი – მითები და რეალობა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები