03-10-2024 20:50:12 პოლიტიკა
რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი სერგეი ნარიშკინი საქართველოსთან დაკავშირებით მორიგ პროპაგანდისტულ განცხადებას აკეთებს და კვლავ ირწმუნება, რომ "აშშ 26 ოქტომბრისთვის დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენას ცდილობს".
რუსი მაღალჩინოსნის თავდასხმის ობიექტად კვლავ საქართველოს დასავლელი პარტნიორები რჩებიან საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებთან ერთად, უშუალოდ დღევანდელი გამოხმაურების მიზეზად კი იქცა ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ბიუროს შუალედური მოხსენება, რომელშიც წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებული მთელი რიგი შენიშვნებია გამოთქმული.
"შუალედურ დასკვნაში, რომელიც, ბუნებრივია, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მოთხოვნით მომზადდა, ხაზგასმულია, თითქოს საქართველოში არ არსებობს პირობები სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩასატარებლად, რაც, ცხადია, სიმართლეს არ შეესაბამება. ამ აქციის მიზანს წარმოადგენს საქართველოს შიდა საქმეებში საკმაოდ უხეში, თავხედური ჩარევის მცდელობა, რათა ხელისუფლებაში ჯანსაღი, ეროვნულ ინტერესებზე ორიენტირებული ძალის დარჩენა არ დაუშვან. თუმცა დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი სწორ არჩევანს გააკეთებს" - განუცხადა ჟურნალისტებს ბაქოში ვიზიტად მყოფმა ნარიშკინმა.
აღსანიშნავია, რომ ანალოგიური სადეზინფორმაციო-პროპაგანდისტული მესიჯები ისმის "ქართული ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდანაც ყოველ ჯერზე, როცა საქართველოს რომელიმე დასავლელი პარტნიორი, მათ შორის აშშ-ის წარმომადგენლები საქართველოს ხელისუფლების კონკრეტულ ანტიდემოკრატიულ ნაბიჯებზე, მათ შორის მომავალ არჩევნებთან დაკავშირებულ ნაკლოვანებებზე მიუთითებენ.
დღეს, მაგალითად, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ გამოაქვეყნა ფეისბუქ-პოსტი, რომელშიც "მოუწოდა ირაკლი კობახიძეს, მოუწოდოს რაჟდენ კუპრაშვილს, არ მიანიჭოს აშშ-ის საელჩოს საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტის სტატუსი". ეს - აშშ-ის საელჩოს იმ განცხადების საპასუხოდ, რომელშიც "ქართული ოცნება" დასავლეთისგან საქართველოს იზოლაციონისტური პოლიტიკის გამო იყო გაკრიტიკებული.
პრემიერმა ირაკლი კობახიძემ კი დღეს საღამოს ფაქტობრივად, გაიმეორა აშშ-ის მიმართ ნარიშკინის ბრალდება, განაცხადა რა, რომ "საარჩევნო პროცესი უპრეცედენტო გარე ჩარევის ფონზე იმართება" და რომ აშშ–ის საელჩოში დამზადებული ქარდების მიზანს "ერთადერთი რამ - არჩევნებზე გავლენის მოხდენა წარმოადგენს". ამასთან, პრემიერმა არც PACE-ს 24 წევრის კრიტიკული განცხადება შეისმინა და ისიც, უკვე ტრადიციულად, არარსებულ "გლობალური ომის პარტიას" დაუკავშირა., მმართველი პარტიის გენმდივანმა, თბილისის მერმა კახი კალაძემ კი ეს დოკუმენტი "არანაირი ფასის არმქონე უმსგავსო განცხადებად" შეაფასა.
ცნობისთვის: ეს ნარიშკინის პირველი მსგავსი განცხადება არაა. რუსეთის საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელს აშშ "საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევისა" და "არჩევნებზე ზემოქმედების" მცდელობებში ადრეც დაუდანაშაულებია. მეტიც, ნარიშკინი ირწმუნებოდა, რომ აშშ საქართველოში "მორიგ ფერად რევოლუციას ამზადებს". ამ ბრალდებების საფუძვლად იგი თავად "რუსეთის საგარეო დაზვერვის მიერ მოპოვებულ მონაცემებს" ასახელებდა.
იხილეთ ასევე: "მეორე ფრონტის" შესახებ "ოცნების" ანტიდასავლურ ნარატივს ამჯერად ნარიშკინი აჟღერებს
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა აშშ-ის ხაზინისა და სახელმწიფო დეპარტამენტების მიერ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, საქართველოს ფაქტობრივი მმართველის, ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების პაკეტის შემუშავების შესახებ. ამის ერთ-ერთ მიზეზად ივანიშვილის მიერ "გარკვეული ქმედებების ფაქტობრივად, რუსეთის სადაზვერვო სამსახურის მითითებით გატარება" დასახელდა.