
გიორგი გახარიამ აშშ–ის სენატის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე საქართველოში მოიწვია
14/05/2020 05:50:00 საგარეო პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ინიციატივით ამერიკის შეერთებული შტატების სენატორთან, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარესა და სენატის საგარეო ურთიერთობათა და ასიგნებების კომიტეტის წევრ ლინდსი გრემთან სატელეფონო საუბარი შედგა.
პრემიერის პრეს–სამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა აშშ-საქართველოს ძლიერი პარტნიორობა და ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო კავშირის შემდგომი განვითარების გზები განიხილეს.
"პრემიერ-მინისტრმა ქართველი ხალხის სახელით ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოს ჯანდაცვის სისტემის და მათ შორის ლუგარის ცენტრის გაძლიერების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. აღინიშნა ლუგარის ლაბორატორიის განსაკუთრებული მნიშვნელობა ახალი კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის დაძლევისკენ მიმართული ძალისხმევის წარმატებაში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დეტალურად ისაუბრა იმ ფრთხილ ნაბიჯებზე, რომლებიც იდგმება ქვეყნის გახსნისა და ეკონომიკის აღდგენის მიმართულებით. ამასთან, მხარეებმა განიხილეს რუსეთის მოქმედებები უკანონო „ბორდერიზაციის“ პროცესის გაგრძელების მიმართულებით, რაც პანდემიის პარალელურად ხორციელდება.
პრემიერმა და სენატორმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზაობა მოკავშირეებს შორის არსებული პოლიტიკური, ეკონომიკური და უსაფრთხოების კავშირების შემდგომი გაღრმავების, ასევე საქართველოს დემოკრატიზაციის გაძლიერებისკენ მიმართული რეფორმების მხარდაჭერის კუთხით.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სენატორი ლინდსი გრემი თბილისში მოიწვია", – ნათქვამია პრემიერის პრეს–სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის: აღნიშნულ სატელეფონო საუბარს წინ უძღოდა პოლიტიკური დიალოგის ფასილიტატორების ერთობლივი განცხადება, რომელშიც დიპლომატები საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას 8 მარტის შეტანხმების შესრულებისკენ მოუწოდებდნენ.
12 და 13 მაისს 8 მარტის შეთანხმების შესრულებისკენ მხარეებს არაერთმა უცხოელმა პოლიტიკოსმა, მათ შორის ევროპარლამენტარმა მოუწოდა. აშშ–ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე ჯიმ რიშმა კი "პოლიტიკური პატიმრებიც" ახსენა.
"ველოდები, რომ საქართველოს პოლიტიკური პარტიები სრულად შეასრულებენ 8 მარტის შეთანხმების პირობებს, მათ შორისაა პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და პროგრესი ახალი საარჩევნო სისტემის მიმართულებით“, – დაწერა რიშმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ პირად გვერდზე.
2020 წლის არჩევნების ახლებური საარჩევნო სისტემით ჩატარების საკითხზე ხელისუფლება და ოპოზიცია 8 მარტს საერთაშორისო პარტნიორების შუამავლობით შეთანხმდნენ. შეთანხმების თანახმად, საარჩევნო სისტემა 2020 წლის არჩევნებისთვის დაეფუძნება 120 პროპორციულ და 30 მაჟორიტარულ მანდატს, საარჩევნო ოლქების სამართლიან განაწილებას, 1%-იან საარჩევნო ბარიერს და ჩამკეტს, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ხმების 40%-ზე ნაკლების მიმღებმა პარტიამ ვერ შეძლოს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა. ოპოზიცია შეთანხმების შესრულების ერთ-ერთ მთავარ პირობად "პოლიტპატიმრების" გათავისუფლებას ასახელებს, ხელისუფლების წარმომადგენლები კი დოკუმენტში ამგვარი დათქმის არსებობას უარყოფენ.