
„არ გამოვრიცხავ, "გაზპრომის" განცხადება უბრალოდ რუსეთის სახის შენარჩუნებას ემსახურებოდეს“
27/05/2020 12:13:52 საგარეო პოლიტიკა, ეკონომიკა
პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია მიიჩნევს, რომ საქართველოს მიერ რუსულ "გაზპრომ ექსპორტთან" განახლებული კონტრაქტის პირობები შესაძლოა, ტარიფის შემცირებას მართლაც ითვალისწინებდეს, ხოლო თავად კომპანიის მიერ გაკეთებული კომენტარი რუსეთი სახის შენარჩუნებას ემსახურებოდეს.
"ზოგადად "გაზპრომთან" დადებული ხელშეკრულების არატრასპარანტულობა ძალიან დიდ პრობლემას ქმნის. ფაქტი, რომ ამ ხელშეკრულებას არ ასაჯაროებენ, უკვე წარმოადგენს პრობლემას იმ თვალსაზრისით, რომ შიგ არის რაღაც ისეთი ჩადებული, რომელიც გარკვეულწილად მხარეებს ეტყობა, რომ უხერხულ მდგომარეობაში აგდებს და აქედან გამომდინარე, არ უნდათ, ეს დოკუმენტი საჯარო იყოს. კონტრაქტის არასაჯაროობიდან გამომდინარე რთულია, განსაზღვრო რომელი მხარე იტყუება, მაგრამ უფრო ვფიქრობ, თურნავა რასაც ამბობს იყოს სწორი და "გაზპრომის" განცხადება უბრალოდ რუსეთი სახის შენარჩუნებას ემსახურებოდეს. "გაზპრომის" კომენტარს "ტასი" ავრცელებს, რომელიც ყველამ ვიცით, რომ სახელისუფლებო საინფორმაციო საშუალებაა. არ გამოვრიცხავ, რომ რუსეთის იმიჯს შიდა მოხმარებისთვის ალამაზებდნენ", – განუცხადა კაკაჩიამ „აქცენტს“.
შეგახსნებეთ, რომ "გაზპრომის" განცხადებით, საქართველოსთვის ბუნებრივი აირის ფასი უცვლელი დარჩება.
საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა კი ირწმუნება, რომ რუსულ "გაზპრომ ექსპორტთან" განახლებული კონტრაქტის პირობები ტარიფის შემცირებას ითვალისწინებს, რასაც კონკურენტული გარემო და მსოფლიო ენერგობაზარზე არსებული ვითარება განაპირობებს.
"ამ გაძლიერებული კონკურენციისა და იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიოშიც ნავთობპროდუქტების ფასები ეცემა, ახლანდელი გადახედვა, რაც ხდება "გაზპრომთან" უკვე მოქმედ კონტრაქტში, ფასის დაკლებას ემსახურება. კომერციული საიდუმლოების გამო მე ციფრებს ვერ დავასახელებ, მაგრამ გეტყვით, რომ ბუნებრივ აირზე ფასის დაკლება დაახლოებით 15%-ით ხდება. დღეს ეს ბაზარი სრულიად კონკურენტულია და კომერციულ ნაწილში ფასებს ეტაპობრივად აკლებს როგორც "სოკარი", ასევე "გაზპრომი". საჭიროების შემთხვევაში ჩვენ კიდევ უფრო მეტად დავაკლებინებთ ფასებს, ეს იქნება დამოკიდებული ბაზრის კონიუნქტურაზე," - აღნიშნა ნათია თურნავამ.
ცნობისთვის: 2017 წლამდე რუსული გაზის სომხეთში ტრანზიტის სანაცვლოდ საქართველო ტრანზიტის საფასურად გატარებული აირის მოცულობის 10%-ს იტოვებდა. 2017 წლის შემდეგ ხელშეკრულების პირობები შეიცვალა და ტრანზიტის საფასურად ქვეყანა არა ბუნებრივ აირს, არამედ კონკრეტულ თანხას იღებდა. ამასთან, მოცულობები და თანხა არ საჯაროვდებოდა. მხარეებს შორის ეს კონტრაქტი პერიოდულად განახლებადია. როგორც გუშინ გახდა ცნობილი, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ (GOGC) რუსულ "Gazprom Export"-თან ხელშეკრულება კიდევ ერთხელ განაახლა. კერძოდ, კომპანიის აუდიტორული ანგარიშის მიხედვით, მხარეებს შორის ბუნებრივი აირის მიწოდების ტარიფის განახლება 2020 წლის აპრილში მოხდა (ტარიფი კვლავ საიდუმლოა) და ის ძალაში 2020 წლის 31 დეკემბრამდე იქნება.
ამასთან, დოკუმენტის თანახმად, GOGC-მ აპრილში განაახლა ხელშეკრულება აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია "SOCAR Gas Export-Import"-თანაც. ახალი ხელშეკრულება 2020 წლისთვის საქართველოში ე.წ. სოციალური გაზის ტარიფის შემცირებას ითვალისწინებს.