"რუსული დელეგაციის ცალმხრივი ვიზიტების შესაძლებლობას არ განვიხილავთ"

28-05-2020 12:52:02 საგარეო პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე ოფიციცილაური მოსკოვის მიერ თბილისის ლუგარის სახელობის ლაბორატორიის შესახებ გავრცელებულ განცხადებებს ეხმიანება და აცხადებს, რომ "ქართული მხარე რუსული დელეგაციის ცალმხრივი ვიზიტების შესაძლებლობას არ განიხილავს".

მისივე თქმით, მოსკოვი მიზანმიმართულად ცდილობს, დააკნინოს თბილისის ლუგარის სახელობის ლაბორატორიის მნიშვნელობა.

"მოგეხსენებათ, ეს ცენტრი უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს პანდემიის პირობებში და საზოგადოებამ ეს ძალიან კარგად იცის. სამწუხაროა, რომ რუსეთის მხარე არანაირად არ უწევს ანგარიშს ქართული საზოგადოების აზრს და ამ ცენტრის მნიშვნელობის დაკნინებას ცდილობს. ეს გასაგებია, მოსკოვის საგარეო პოლიტიკის მიზნებს ემსახურება.

რაც შეეხება რუსი ექსპერტების შესაძლო ვიზიტს ცენტრში, ჩვენ ადრეც არა ერთხელ გვითქვამს, რომ საქართველო, როგორც ბიოლოგიური კონვენციის პასუხისმგებელი ცენტრი, მზად არის და ადრეც იყო მზად, დაეშვა რუსი ექსპერტები, რომლებსაც გააჩნიათ შესაბამისი დაშვება უსაფრთხოების ლაბორატორიის ინფრასტრუქტურაზე, თუმცა ვიზიტი შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ კონვენციის ფარგლებში არსებული მექანიზმების შესაბამისად. ცალმხრივი ვიზიტების განხილვების შესაძლებლობას ჩვენ არ განვიხილავთ", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

ცნობისთვის: რუსეთმა თბილისის ლუგარის ლაბორატორიაში ვიზიტი ორმხრივ ფორმატში, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების გარეშე დღეს კიდევ ერთხელ მოითხოვა. ამასთან, მოსკოვი ლუგარის ცენტრის ყველა შენობაში დაშვებასა და ნებისმიერ დოკუმენტზე წვდომას ითხოვს.

ოფიციალურმა მოსკოვმა მსგავსი შინაარსის განცხადება 27 მაისსაც გაავრცელა და თბილისისგან ლუგარის სახელობის ლაბორატორიის ყველა კორპუსში დაშვება მოითხოვა.

28 მაისს რუსეთის წარმომადგენელმა საქართველოსთან მოლაპარაკებების საკითხებში გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ "რუსი ექსპერტების მიღების თანხმობა თბილისს ოფიციალური ხაზით არ გაუმყარებია"

იხილეთ ასევე: საქართველოს საგარეო უწყება ლუგარის ცენტრთან დაკავშირებით რუსეთის მორიგ ბრალდებებს პასუხობს

გამყრელიძე ზახაროვას ლუგარის ლაბორატორიაში ეპატიჟება: „ჩამოვიდეს, ყველაფერს ვაჩვენებ“

თბილისის რიჩარდ ლუგარის სახელობის ლაბორატორიის თემას კრემლი ანტიქართული პროპაგანდისთვის პერიოდულად იყენებს. და ეს - მიუხედავად არაერთი საერთაშორისო დასკვნისა და ლაბორატორიაში ჩატარებული არაერთი ჟურნალისტური თუ სამეცნიერო ექსპედიციისა, რომლებმაც მასში საშიში და საზიანო ვერაფერი გამოავლინეს. პირიქით.

ასე, მაგალითად, 2019 წელს ექსპერტთა 23-კაციანმა საერთაშორისო ჯგუფმა ერთხმად განაცხადა, რომ ეს ლაბორატორია "აბსოლუტურად გამჭვირვალეა, მოქმედებს საერთაშორიო სტანდარტების პრინციპით და, რაც მთავარია, მასში გარდა ლაბორატორიულისა (რომელიც საჭიროა დაავადებათა პრევენციისთვის, ადრეული გამოვლენისთვის, ადამიანთა დაცვისთვის), სხვა სამუშაოები არ წარმოებს“.

2019 წელს რუსული პოლიტიკური ელიტისა და სახელმწიფო უწყებების განცხადებების პირველწყაროდ ყოფილი ქართველი მინისტრი იგორ გიორგაძე სახელდებოდა, თუმცა მანაც BBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში აღიარა, რომ ლუგარის ლაბორატორიაში "ადამიანებზე ექსპერიმენტების წარმოების დამადასტურებელი დოკუმენტები არ აქვს".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები