Accentnews.ge
კვლავ “ლუგარი”: ლუკაშევიჩმა “მედიაზე დაყრდნობით” ეუთოს “საქართველოსა და უკრაინაში აშშ-ის საშიში ექსპერიმენტების” შესახებ აცნობა

კვლავ “ლუგარი”: ლუკაშევიჩმა “მედიაზე დაყრდნობით” ეუთოს “საქართველოსა და უკრაინაში აშშ-ის საშიში ექსპერიმენტების” შესახებ აცნობა

12/06/2020 07:28:28 პოლიტიკა

კრემლი ლუგარის ლაბორატორიის თემის გამოყენებით ანტიქართულ და ანტიდასავლურ სადეზინფორმაციო პროპაგანდისტულ კამპანიას არ წყვეტს. მოსკოვი ჯერ თავად ავრცელებინებს მის მიერ კონტროლირებად მედიას სრულიად უსაფუძვლო, მისსავე ვარაუდებსა და რუსეთში მოღვაწე ქართველი ძებნილი პირების, მაგალითად იგორ გიორგაძის, ასევე თავად საქართველოში მყოფი პროპროკრემლისეული ძალების სიცრუეზე დაფუძნებულ დეზინფორმაციას, ხოლო შემდეგ სწორედ ამ მედიაზე დაყრდნობით ახლა უკვე საერთაშორისო ორგანიზაციებს უცხადებს, თითქოს თბილისში, რიჩარდ ლუგარის სახელობის კვლევით ცენტრში “საშიში ექსპერიმენტები ტარდებოდეს”. გუშინ, 11 ივნისს მსგავსი “შემაშფოთებელი ინფორმაცია” რუსულ მედიაზე დაყრდნობით ეუთო-ს ორგანიზაციაში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ალექსანდრე ლუკაშევიჩმა მიაწოდა, განაცხადა რა, რომ “აშშ საქართველოსა და უკრაინაში არსებულ ორმაგი დანიშნულების ლაბორატორიებში საშიშ ექსპერიმენტებს აგრძელებს” და რომ “რუსეთსა და ყველა დანარჩენს უფლება აქვთ, იცოდნენ, იქ რეალურად რა “იხარშება”.“მოსკოვი შეშფოთებულია აშშ-ის სამხედრო-ბიოლოგიური აქტივობით ეუთო-ს სივრცეში, კერძოდ უკრაინასა და საქართველოში არსებულ ორმაგი დანიშნულების ლაბორატორიებში, უპირველესად კი - თბილისის სიახლოვეს, დაბა ალექსეევკაში მდებარე კვლევითი ცენტრის, ასევე უკრაინაში არსებული ათამდე მსგავსი ობიექტის ბაზაზე” – განაცხადა ლუკაშევიჩმა ეუთო-ს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე.

რას ეყრდნობა კრემლი ლუგარის ცენტრის საწინააღმდეგო დეზინფორმაციულ პროპაგანდაში

რუსი დიპლომატის მტკიცებით, “ამ ბიოლაბორატორიების მშენებლობა, დაფინანსება და ფუნქციონირება ხორციელდება აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს საფრთხის შემცირების სამმართველოს, ამერიკის არმიის უოლტერ რიდის ინფექციური დაავადებების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტისა და პენტაგონს დაქვემდებარებული სხვა სამედიცინო ქვედანაყოფების მონაწილეობით”.

"ქართულ და უკრაინულ ბიოლაბორატორიებში ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლის საფარქვეშ ტარდება დახურული ექსპერიმენტები განსაკუთებით საშიშ პათოგენებზე, ჭირისა და ჰემორაგიული ცხელებების გამომწვევთა ჩათვლით. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მუტანტური ფორმების კვლევას, ვირუსების მოდიფიცირებასა და მათი კონტაგინოზურობის ამაღლებას. შეშფოთებას იწვევს ცნობები საეჭვო პრეპარატების გამოცდების შესახებ, რომლებსაც ამერიკელი სამხედრო მედიკოსები ქართველ გამოსაცდელებზე ატარებდნენ, ასევე “კვლევითი მიზნებისთვის” ადამიანური ბიომასალების შეგროვების თაობაზე. მოსკოვი ამ ყველაფერში აშშ-ის მიერ ეუთო-ს ვენის 1986 წლის შეხვედრის შემაჯამებელი დოკუმენტით აღებული ვალდებულებების დარღვევას ხედავს ბიოტექნოლოგიების სფეროში კვლევების ნაწილში” – ემოციურად ისაუბრა სხდომაზე რუსმა დიპლომატმა და ეს ყველაფერი, როგორც თავად აღნიშნა, - “მედიაში გაჟონილ ინფორმაციაზე” (!!!) დაყრდნობით - იმ რუსულ და ოსურ მედიაზე, რომელსაც კრემლი თავად მართავს და თავად უკვეთავს მსგავსი სადეზინფორმაციო მასალების გავრცელებას....

ლუკაშევიჩის განცხადებით, "რუსეთის მოსაზღვრედ უცხოელი სამხედრო ბიოლოგების მიერ ექსპერიმეტების ტარება მოსკოვის კანონიერ შეშფოთებას იწვევს, მათ შორის – ბიოლოგიური და ტოქსიკური იარაღის აკრძალვის შესახებ კონვენციის აღსრულების კონტექსტში, განსაკუთრებით კი – იმ ფონზე, რომ ორი ათწლეულის განმავლობაში აშშ ბლოკავს ძალისხმევას კონვენციის იურიდიულად სავალდებულო პროტოკოლის მისაღებად ეფექტური სავერიფიკაციო მექანიზმით".

"ვისურვებდით აშშ-ის მხრიდან უფრო პასუხისმგებლობიანი და ტრანსპარენტული მიდგომის ხილვას მსგავს მგრძნობიარე და საშიშ სფეროში. დარწმუნებულები ვართ, რომ ყველას გვაქვს უფლება, ვიცოდეთ, რა “იხარშება” ამერიკულ ბიოლაბორატორიებში. მეტიც, ეუთო-ს წევრ რიგ ქვეყნებში ეროვნული ხელისუფლებების კონტროლს სრულად არდაქვემდებარებული აშშ-ის სამხედრო სამედიცინო-ბიოლოგიური ინფრასტრუქტურის ობიექტების არსებობა არასტაბილურობას ჰმატებს უსაფრთხოების კუთხით ისედაც რთულ ვითარებას ორგანიზაციის პასუხისმგებლობის ზონაში” – დასძინა რუსმა დიპლომატმა.

რაში სჭირდება კრემლს ლუგარის ცენტრის ირგვლივ ეს ისტერია

ბოლო პერიოდში, კორონავირუსის პანდემიის კუთხით ქვეყანაში შექმნილი არასახარბიელო მდგომარეობისა და პრეზიდენტ პუტინის რეიტინგის რეკორდული ვარდნის ფონზე მსგავსი გაუგონარი პროპაგანდისტული გზავნილები და მათთან ერთად უადგილო ხისტი მოთხოვნები მოსკოვიდან რეგულარულად გაისმის. კერძოდ, რუსეთი თბილისის ლუგარის ცენტრის ყველა შენობაში დაშვებას და ნებისმიერ დოკუმენტზე წვდომას მოითხოვს, თანაც სურს, ეს ვიზიტი ორმხრივ ფორმატში, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების გარეშე განხორციელდეს.

იხილეთ ასევე: მასშტაბური სახალხო გამოსვლების მოლოდინში რეიტინგშერყეული კრემლი ანტიქართულ და ანტიდასავლურ კამპანიას აძლიერებს

პოლიტოლოგ კორნელი კაკაჩიას განცხადებით, ბოლო პერიოდში ძალიან ბევრმა ადამიანმა, მათ შორის - ისეთებმაც, რომელთა ეჭვებს ლუგარის ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებით სწორედ რუსული პროპაგანდა ამყარებდა, დაინახეს ამ ლაბორატორიის რეალური სარგებელი.

"თბილისის ლუგარის სახელობის ცენტრი უკვე არაერთხელ გამხდარა რუსული პროპაგანდის სამიზნე. მაგრამ ბოლო პერიოდში ძალიან ბევრმა ადამიანმა, მათ შორის - ისეთებმაც, რომელთაც ამ ლაბორატორიის საქმიანობაში ეჭვი ეპარებოდათ, დაინახეს მისი რეალური სარგებელი. აქამდე მათ ეჭვებს ძირითადად სწორედ რუსული პროპაგანდა ამყარებდა. ​ბუნებრივია, რუსეთს არ აწყობს, ლუგარის ლაბორატორია იყოს დადებითი იმიჯის მქონე: ამ ცენტრის დადებითი იმიჯი ხელს უშლის მოსკოვის პროპაგანდისტულ მიზნებს როგორც საქართველოსთან, ასევე აშშ–სთან მიმართებაში. შესაბამისად, რუსეთი ცდილობს, მსგავსი ცენტრები არა მარტო საქართველოში, არამედ სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებშიც წარმოადგინოს საფრთხედ" – განუცხადა “აქცენტს” კაკაჩიამ.

საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის თანადამფუძნებელი თეონა აქუბარდია კი ლუგარის ცენტრზე მოსკოვის დაჟინებულ შეტევას თავად საქართველოს მოსახლეობაში ეჭვების დათესვის მცდელობად მიიჩნევს:

«ერთის მხრივ, ეს აიხსნება [რუსეთის] სურვილით, შეინარჩუნოს გარკვეული კონტროლი პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებზე და მათ შორის საქართველოზე. მოსკოვი ხომ ღიად აცხადებს გავლენის სფეროების გადანაწილების სურვილს. ხოლო მეორეს მხრივ, ეს არის მცდელობა, შეასუსტოს აშშ-ის გავლენა როგორც საქართველოში, ისე სხვა ქვეყნებში».

თბილისის პასუხი მოსკოვის ანტიქართულ და ანტიდასავლურ პროპაგანდას

თბილისმა, რომელმაც ადრეც არაერთგზის მოიწვია რუსეთის წარმომადგენლები, სხვა ქვეყნების ექსპერტებთან ერთად სწვეოდნენ ლუგარის ლაბორატორიას ინსპექტირებისთვის, რომელიც წარმატებით ჩატარდა და დასკვნაც მომზადდა, რომლის თანახმად, ეს ცენტრი მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი მიზნებით ფუნქციონირებს, კრემლის მორიგ ბრალდებებს უსაფუძვლო სიცრუე უწოდა და განაცხადა, რომ ყოველთვის მზადაა ლუგარის ლაბორატორიაში რუსი სპეციალისტების მისაღებად, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ შესაბამისი კონვენციების პირობებისა და წესების დაცვით:

"რაც შეეხება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციის დეპარტამენტის კომენტარის დებულებას რუსეთის ფედერაციის ექსპერტების მიერ ლუგარის სახელობის ცენტრის მონახულების თაობაზე, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო, როგორც ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის კონვენციის პასუხიმგებელი წევრი, მზად არის მომავალში და მზად იყო წინა წლებშიც, მიიღოს კომპეტენტური რუსი ექსპერტები, რომლებსაც გააჩნიათ დაშვება შესაბამისი უსაფრთხოების ლაბორატორიების ინფრასტრუქტურაზე, თუმცა ხსენებული ვიზიტები შესაძლებელია, განხორციელდეს მხოლოდ კონვენციის ფარგლებში არსებული მექანიზმების შესაბამისად. ამის შესაძლებლობა იყო 2018 წელს, თუმცა საკითხის განმეორებითი ინიცირების შემთხვევაში საქართველო მზადაა, განიხილოს შესაბამისი ვარჯიშის/ვიზიტის მოდალობები ბიოლოგიური და ქიმიური იარაღის გაუვრცელებლობის კონვენციის წევრ-ქვეყნებთან ერთად. რუსეთის უხეში და აგრესიული დეზინფორმაციის ფონზე, რომელთა ერთადერთი მიზანი შეიძლება, იყოს, დააკნინოს ლუგარის ცენტრის ფუნქციონირება და მის ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული კვლევები. საქართველო ვერ ხედავს ცენტრში ცალმხრივი ვიზიტის განხილვის შესაძლებლობას".

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, პირველ რიგში კი ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის კონვენციის მონაწილეებს მოწოდებით, შეაფასონ რუსეთის ოფიციალური უწყების აგრესიული განცხადებები საქართველოს მიმართ, დაგმონ აშკარა დეზინფორმაცია და არ დაუშვან რეგიონში სამაგალითო ინსტიტუტის წარმატებული ფუნქციონირების ეჭვის ქვეშ დაყენება.

"ამ მიზნით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთთან არანაირი ორმხრივი იურიდიული ვალდებულება ამ საკითხზე არ გააჩნია, საქართველო გამოთქვამს მზადყოფნას, უმასპინძლოს მორიგ ვარჯიშს/ვიზიტს ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის კონვენციის ფარგლებში, მათ შორის - რუსი ექსპერტების მონაწილეობით," - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორ უნდა უპასუხოს კრემლის აგრესიულ დიპლომატიას დასავლეთმა

პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორ შალვა ძებისაშვილის აზრით, მოსკოვის ამ აგრესიულ დიპლომატიას დასავლეთმა საქართველოში სამხედრო-ტექნიკური წარმოდგენილობის ზრდით უნდა უპასუხოს, რადგან მხოლოდ ამ გზით შეძლებს იგი მოსკოვის მხრიდან რიტორიკიდან საქმეზე გადასვლის საფრთხის ნიველირებას.

იხილეთ ასევე: რუსული პროპაგანდა და საქართველოს პრეზიდენტის ალარმისტული განცხადება: რამდენად საფუძვლიანია აგრესიის მოლოდინი

«მოკავშირე ქვეყნებს შეეძლოთ, ორმხრივ საფუძველზე ან მრავალმხრივ ფორმატში შეესწავლათ მუდმივმოქმედი მატერიალურ-ტექნიკური და სასწავლო ბაზის შექმნის შესაძლებლობა შესაბამისი ობიექტების საქართველოს დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილებში განთავსებით. ამ ბაზებზე შეიძლება, საროტაციო საფუძველზე განთავსდეს ბატალიონის ზომის კონტინგენტი. ერთობლივი ორმხრივი ან მრავალმხრივი საველე წვრთნების სიხშირე და მასშტაბები ასევე შეიძლებოდა, მნიშვნელოვნად გაზრდილიყო. ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში, ალიანსის [ნატო] მიმართ ნდობის პრობლემას გადაჭრიდა და მძლავრი გზავნილი იქნებოდა როგორც თბილისისთვის, ისე მოსკოვისთვის ნატო-ს მზაობის შესახებ, საკუთარ თავზე მეტი პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღოს მისი სტრატეგიული პარტნიორებისა და წევრობის კანდიდატების წინაშე. ეს სოლიდარობის ხარისხობრივად უკეთესი ნიშანი იქნებოდა და გაცილებით უკეთესი პრაქტიკული ნაბიჯი საქართველოს თავდაცვისუნარიანობის მხარდასაჭერად».

ექსპერტის აზრით, ეს ქმედებები ნატო-ს შესაძლებლობას მისცემს, გამოიყენოს გაცილებით უფრო ეფექტური მექანიზმები საქართველოში რეფორმების წარმატებით განხორციელების კონტროლის უზრუნველსაყოფად და ამავე დროს, მძლავრ წინაღობას შეუქმნის კრემლის პროპაგანდისტულ მცდელობებს, ნატო-ს ძალისხმევა საქართველოში გარდაქმნების განხორციელების მიმართულებით უსარგებლოდ წარმოაჩინოს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S