
გათიშული ბანკომატები: აფხაზეთში ნაღდი ფულის მწვავე დეფიციტი წარმოიშვა
07/07/2020 04:06:59 კონფლიქტები
ოკუპირებულ აფხაზეთში ეკონომიკური ვითარება დღითიდღე მძიმდება. 6 ივლისიდან ადგილობრივები ნაღდი ფულის დეფიციტის გამო გათიშული ბანკომატების პრობლემას აწყდებიან: კომერციული ბანკები საგადახდო სისტემების VISA და MasterCard ბარათებს აღარ ემსახურებიან, თუმცა რუსული სისტემა «Мир»-ის ბარათები შეუფერხებლად მოქმედებს.
«სად და როგორ შეიძლება, მოიხსნას თანხა რუსული საბანკო ბარათიდან?» – ეს კითხვა სადღეისოდ ოკუპირებულ რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალურია. გუშინდელი დღიდან სოციალურ ქსელში ადგილობრივები აქტიურად წერენ იმის შესახებ, რომ საბანკო ბარათების მომსახურება იბლოკება.
როგორც ამასთან დაკავშირებით “სბერბანკში” განმარტავენ, საგადახდო სისტემა “«Мир»-ის ბარათების მომსახურება აფხაზეთში შეუზღუდავად წარმოებს ნებისმიერ ბანკომატსა თუ ტერმინალში, აი VISA და MasterCard ბარატებს კი მხოლოდ “სბერბანკის” რეგიონული ფილიალების სალაროებში ემსახურებიან, ისიც – მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეს აფხაზური პასპორტი გააჩნია და საკომისიო 2%-ს შეადგენს – ამ თანხას ბანკი იღებს.
“რუსული საბანკო ბარათების აფხაზ მომხმარებლებს უნდა ესმოდეთ, რომ როცა თანხას აფხაზურ ბანკებში ხსნიან, ისინი მათგან ვალს იღებენ, არ არიან რა ამ ბანკების კლიენტები, ბანკი კი მათზე ნაღდ ფულს გასცემს და ამით სარგებელს არ იღებს. რუსული ბანკები ამ თანხებს დააბრუნებენ, მაგრამ 3-4 დღეში” – განმარტავენ “სბერბანკში”.
პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ბოლოდროინდელი ფაქტობრივი ეკონომიკური კოლაფსის ფონზე ოკუპირებულ რეგიონში მომხმარებლები ნაღდ ფულს ისეთი რაოდენობით ხსნიან, როგორც არასდროს. მაგალითად, გასული კვირის ბოლო სამი დღის განმავლობაში “სბერბანკში” ბარათებიდან დაახლოებით 45 მლნ რუბლი მოიხსნა. ამის გამო ბანკს ნაღდი ფული შემოაკლდა, არადა, უნდა იფიქროს პენსიონერების მომსახურებაზე, ხელფასებისა და შემწეობების გაცემაზე, ამიტომაც მოუწია, მიეღო ბანკომატების დროებით გათიშვის გადაწყვეტილება.
ამავე ლოგიკით მოქმედებენ სხვა ბანკებიც.
გასულ ზაფხულს ანალოგიური მოცულობით თანხებს მხოლოდ აგვისტოში ანაღდებდნენ, ისიც – მხოლოდ რამდენიმე დღის განმავლობაში, თანაც მაშინ აფხაზეთში ტურისტები ჩადიოდნენ თავისი თანხებითურთ და ბანკებს ნაღდი ფულის საკმარისი მარაგი გააჩნდათ. ახლა კი ორივე დე ფაქტო საზღვარი ჩაკეტილია და ტურისტული სეზონი ვერ დაიწყო, ბრუნვა ფაქტობრივად განულდა და ოკუპირებულ რეგიონში ნაღდი ფულის მწვავე დეფიციტია წარმოქმნილი.
დე ფაქტო ხელისუფლებას შექმნილი ვითარებიდან გამოსვლის გეგმა ჯერ არ წარმოუდგენია.
იხილეთ ასევე: აფხაზი მეწარმეები თბილისთან სავაჭრო ურთიერთობების ჩამოყალიბების შესაძლებლობაზე დაფიქრდნენ