05-03-2021 12:37:32 კონფლიქტები
წუხელ ოკუპირებულ აფხაზეთში განვითარებული მოვლენები, მაღალი ალბათობით, ერთგვარ დეტონატორად იქცევა შემდგომი პროცესებისთვის, რომლის მომსწრენიც უახლოეს დღეებში გავხდებით: ეს ან მოქმედი დე ფაქტო ხელისუფლების შეცვლა იქნება, ან პირიქით – ოპოზიციის მიერ დაგეგმილი გადატრიალების მცდელობის საბოლოო ჩახშობა.
“აქცენტი” უკვე წერდა, რომ რევანშისტულად განწყობილი პრორუსული ოპოზიცია, რომელიც უმთავრესად წინა – რაულ ხაჯიმბას დე ფაქტო სახელისუფლებო გუნდის ყოფილი კორუმპირებული მაღალჩინოსნებითა და მათი მხარდამჭერებითაა დაკომპლექტებული, 11 მარტისთვის გადატრიალების ორგანიზებას გეგმავდა.
მთავარ საბაბად ოპოზიციური ძალები იყენებდნენ “პრეზიდენტ” ასლან ბჟანიას გუნდის წევრთა ინიციატვებს თბილისთან დიალოგისა და სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის თაობაზე, რომელიც მოქმედმა დე ფაქტო ხელისუფლებამ ამასწინათ “აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკურ კონცეფციაშიც” გაწერა.
“ბოლო წვეთად” კი გამოყენებულ იქნა დე ფაქტო პრეზიდენტის ყოფილი თანშემწის – აფაზეთში არსებული თავისუფალი ეკონომიკური ზონის ხელმძღვანელ აკუნ კვირაიას სამეგრელოში კერძო ვიზიტი (კვირაია ბჟანიას “თანაშემწის” თანამდებობიდან სამეგრელოში გამომგზავრებამდე ერთი კვირით ადრე – 19 თებერვალს გადადგა) და ქართველ ბიზნესმენებთან შეხვედრები.
ამ ყველაფრის საფუძველზე ოპოზიცია ასლან ბჟანიას გუნდს “ეროვნული ინტერესების ღალატში” ადანაშაულებს და აცხადებს, რომ “საქართველოსთან ყოველგვარი დიალოგი და თანამშრომლობა კანონით უნდა აიკრძალოს, სანამ თბილისი აფხაზეთის დამოუკიდებლობას არ აღიარებს და ძალის არგამოყენების შესახებ შეთანხმებას არ მოაწერს ხელს”.
ამ მოთხოვნით ოპოზიციონერებმა ორი დღის წინ აფხაზურ “პარლამენტთან” მხარდამჭერები გაიყვანეს და ხალხის ფართო მხარდაჭერას ელოდნენ, თუმცა მოლოდინი არ გამართლდა: აფხაზურ საზოგადოებაში, რომელიც მერამდენე თვეა, ეკონომიკურ და ენერგოკრიზისში ცხოვრობს, მოქმედი დე ფაქტო ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილება, რა თქმა უნდა, არსებობს, თუმცა ხალხის უკვე საკმაოდ დიდი ნაწილი აცნობიერებს, რომ ეს კრიზისი შედეგია, ერთის მხრივ, პანდემიის, ხოლო უმეტესწილად – იმ რუსეთის მიზანმიმართული ანექსიური პოლიტიკის, რომელსაც აფხაზეთი თითქმის 30 წლის განმავლობაში “სტრატეგიულ პარტნიორად” და “მეგობრად” თვლიდა. შექმნილ კრიზისში გამოსავლის ძიებაში ბევრმა გააცნობიერა, რომ ასლან ბჟანიას გუნდის ინიციატივები თბილისთან დიალოგისა და სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ შესაძლოა, ერთადერთი რეალური ხსნა იყოს. ამდენად, ბოლო ორი დღის განმავლობაში ოპოზიციის მცდელობები, ხალხი აეყოლიებინა, კრახით დასრულდა.
ამასობაში დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია გუშინ მოსკოვში გაემგზავრა, ოფიციალური ინფორმაციით – “გეგმიური სამედიცინო გამოკვლევებისთვის”. თუმცა ნათელია, რომ ესოდენ დაძაბულ ვითარებაში ბჟანიას სამედიცინო გამოკვლევებისთვის არ უნდა ეცალოს. უკვე თვეზე მეტია, მოსკოვში იმყოფება კორონავირუსულ ინფექციაგართულებული დე ფაქტო პრემიერი ალექსანდრე ანქვაბიც. რამდენიმე დღის წინ კი რუსეთის დედაქალაქში ჩაფრინდა საგარეო საქმეთა “მინისტრი” დაურ კოვეც.
ამგვარად, ამ დროისთვის აფხაზეთის “პირველი პირებიდან” ადგილზე მხოლოდ “პარლამენტის” სპიკერი ვალერი ქვარჩია რჩებოდა. თუმცა საკანონმდებლო ორგანომ ოპოზიციის შეტევას გაუძლო და ხმაურიანი განხილვის შედეგად მაინც არ მიიღო დადგენილება, რომელიც “საქართველოსთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების აკრძალვას” დააწესებდა. ქვარჩიამ განმარტა, რომ “პარლამენტმა გადაწყვიტა, პრეზიდენტის მოსკოვიდან დაბრუნებას დაელოდოს”.
და აი, ამ ყველაფრის ფონზე წუხელ სოხუმში, საკუთარ სახლში აკავებენ აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ყოფილ (ცოტა ხნის წინ გადამდგარ) თანაშემწეს – ოდიოზურ ახრა ავიძბას, რომელიც თავის ყოფილ დონეცკელ თანამებრძოლებთან ერთად აფხაზური ოპოზიციის ძალოვანი ბლოკის ხელმძღვანელად და “დამრტყმელ ძალად” მოიაზრებოდა, 2 მარტს აფხაზეთში მოძრაობა "ახალი ადამიანები" დააფუძნა და ორი დღის წინ "პარლამენტთან" ოპოზიციის აქციაზე აქტიურობდა.
ინფორმაციისთვის:
ღამით აფხაზური ტელეგრამ-არხები იუწყებოდნენ, რომ ავიძბა “დაკავებულია და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში იმყოფება, მის სახლში კი ჩხრეკა ტარდება”.
მოგვიანებით დე ფაქტო შსს-მ განუცხადა რუსულ სააგენტო „ტასს“, რომ “დაკავებულია შეიარაღებულ პირთა ჯგუფი, რომლის წევრები არ არიან აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეები და აფხაზეთის ტერიტორიაზე მართლსაწინააღმდეგო ქმედებების განხორციელებას გეგმავდნენ“. ამასთან, სააგენტო დე ფაქტო ძალოვან სტრუქტურებში თავის წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ ახრა ავიძბა დაკავებულებს შორის არ იყო.
ღამით ვრცელდებოდა ასევე ცნობები, რომ ავიძბას ახლობლები და თანამოაზრეები დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან შეიკრიბნენ, ე.წ. შსს-ს პირად შემადგენლობაში კი განგაში იყო გამოცხადებული.
რასთან გვაქვს საქმე – ჯერ-ჯერობით გაურკვეველია. არსებობს ორი ალბათობა: ან ბჟანიას გუნდმა გადაწყვიტა, დასწრებაზე ეთამაშა და სანამ აფხაზეთის “პირველი პირები” მოსკოვში არიან (აქაოდა – “ჩვენ არაფერ შუაში ვართო”), ოპოზიციის რევანშისთვის საძირკველი გამოეცალა, ან ბჟანია მოსკოვში კრემლმა დაიბარა და ოპოზიციასაც რევანშის წამოსაწყებად “მსუყე” საბაბი მანვე შეუქმნა. შესაძლებელია ერთიც და მეორეც. თუმცა ნათელია, რომ წუხანდელი მოვლენები დეტონატორია პროცესების, რომელთა მომსწრენიც უახლოეს დღეებში გავხდებით.