
„კადიროვმა „მონიშნული ტერიტორია“ გადაკვეთა“: რა შეიცვალა კრემლში დაბარების შემდეგ
08/02/2022 16:29:45 კავკასია, ანალიზი
როგორც ჩანს, კრემლის ლიდერი ვლადიმირ პუტინი იძულებული გახდა, გარკვეული რეაგირება მოეხდინა ჩეჩნეთის უკანასკნელ მოვლენებზე, რომელიც კრიტიკოსების მიერ კადიროვის „ისტერიკად“ იქნა აღმული. საქმე იმაშია, რომ როგორც პროცესზე დამკვირვებლები აღნიშნავენ, ჩეჩნეთის რესპუბლიკის კრემლის მიერ ხელდასმული ლიდერი მორიგ ჯერზე გასცდა მისთვის მონიშნულ „საზღვრებს“, გააკეთა რა ის, "რაც მისთვის არ დაუვალებიათ". სწორედ ამ კონტექსტში განიხილავენ რუსი ჟურნალისტებისა და უფლებადამცველების მიმართ ღია მუქარას და ნიჟნი–ნოვგოროდში ინგულბაევების ოჯახის წინააღმდეგ ჩატარებულ სპეცოპერაციას მათ მიმართ გაჟღერებული მუქარის შემდეგ, „ინგულბაევების ადგილი ციხეში ან სამარეშიაო“.
იხილეთ ასევე: კადიროვმა სისასტიკით საკუთარ თავს გადააჭარბა
20 იანვარს ჩეჩენი ძალოვანები შეიჭრნენ საიდ ინგულბაევის – ჩეჩნეთის ყოფილი მოსამართლის ოჯახში და ვინაიდან იმ დროისთვის მას მოსამართლის იმუნიტეტი იცავდა, მისი მეუღლე – ზამერა მუსაევა, ინსულტგადატანილი, დიაბეტიანი ქალი, სახლიდან ძალის გამოყენებით, ფეხშიშველი, სასიცოცხლოდ აუცილებელი მედიკამენტების გარეშე გაიტაცეს, ჩეჩნეთში პოლიციელზე თავდასხმისთვის ბრალი წაუყენეს და ადვოკატს მასთან წვდომა შეუზღუდეს. შესაბამისად ოჯახი ხანგრძლივი დროის განმავლობაში ვერ ახერხებდა ქალის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიღებას. „წამების საწინააღმდეგო კომიტეტის“ ცნობით კი, მუსაევა სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას, რომელიც გროზნოში წარიმართა და რომელზეც ქალს 15–დღიანი პატიმრობა განუსაზღვრეს, უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა.
პროცესზე დამკვირვებლები და თავად ინგულბაევები, იმ ფონზე, რომ კრემლი ხანგრძლივი დროის განმავლობაში ცდილობდა, არ შეემჩნია კადიროვის და მისი მაღალჩინოსნების საჯარო მუქარები, მათ შორის „თავის მოჭრის“ შესახებ, კადიროვის კრემლში დაბარების შემდეგ, გარდა იმისა, რომ „ერთი ავტორიტარი მეორეს“ მოუწოდებდა ნაკლები დემონსტრაციულობისკენ, არსებით ცვლილებებს არ პროგნოზირებდნენ.
იხილეთ ასევე: „კრემლის საქმე არაა“ – პუტინი კადიროვის თავნებობაზე რეაგირებას არ გეგმავს
„მეტი შანსია, იგივე ბრიტანეთის დედოფალი ვიხილოთ განსასჯელის სკამზე, ვიდრე დემილხანოვი [დეპუტატი, კადიროვის მარჯვენა ხელი] დაკითხვების ოთახში“,– აღნიშნა თემის კომენტირებისას რუსმა პუბლიცისტმა ალექსეი ნევზოროვმა.
იხილეთ ასევე: კადიროვის შემდეგ "ისტერიამ" მისი ჩინოვნიკებიც მოიცვა
და თუ არსებული მოცემულობით ვიმსჯელებთ, ღია მუქარებისთვის, რომელიც რუსული კანონმდებლობითაც კი შეიცავდა სისხლის სამართლებრივი რეაგირებისთვის საფუძვლებს, კრემლში კი ეთიკის კომისიის საქმედ შეაფასეს, პასუხი არავის უგია. თუმცა პუტინისა და კადიროვის შეხვედრის შემდეგ საჯარო მუქარები შეწყდა, ხოლო ჩეჩნეთის მთავრობაში განაცხადეს, რომ ამიერიდან უცხოეთში მცხოვრებ კრიტიკოსთა განცხადებებზე, რომელთაც თავად „პროვოკატორებს“ უწოდებენ, კომენტარებს არ გააკეთებენ. ამასთან, პირველად მისცეს ადვოკატებს მუსაევასთან შეხვედრის შესაძლებლობა, რომელთაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმედ შეაფასეს.
ამ დღეების განმავლობაში საქმის ირგვლივ მსჯელობისას რუსულ მედიაში (კრიტიკულ თუ მეტ–ნაკლებად კრიტიკულში) ხშირად ისმოდა კითხვა, „რატომ აფარებს ხელს პუტინი კადიროვს?“.
ამ კონტექსტში Эхо Москвы–ს მთავარი რედაქტორი ალექსეი ვენედიქტოვი კადიროვის თემაზე პუტინთან ერთი–ერთზე საუბარს იხსენებს, რომელიც მისი თქმით, წლების წინ შედგა.
„პუტინისთვის კადიროვი ბასრი ინსტრუმენტია, შესაბამისად, თუ მას ხელში სწორად არ დაიჭერ, შესაძლოა, დაშავდე. პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ასეც იქცევა: „წესრიგი“ (პუტინის და კადიროვის გაგებით), სეპარტისტებთან, ტერორისტებთან ბრძოლა ... როგორც ვხედავთ, ამას კადიროვი უმკლავდება – ტერაქტებს ვერ ვხედავთ ჩრდილოეთ კავკასიაში. ამისთვის კი საფასურია საჭირო, საფასური კადიროვის გავლენის სფეროს გაფართოებით, ზოგიერთი მისი ეგზოტიკური გამოხტომის ატანით“,– განმარტავს პუტინის ხედვას ვენედიქტოვი და დასძენს, რომ „კადიროვის ძალაუფლება დგას პუტინის მხრებზე და კადიროვმაც კარგად იცის, არ უნდა მივიჩნიოთ ის პრიმიტიულ ველურად, ძალიან ცბიერია და გამოცდილებაც მიიღო რუსეთს შიგნით მართვის. როდესაც ამბობს, რომ პუტინის ქვეითია, ქვეითის არ ვიცი, მაგრამ პუტინის უფროსი ლეიტენანტი კი ნამდვილადაა“.
იხილეთ ასევე: კადიროვის გადადგომის მოთხოვნას, რომელსაც 100 ათასი ადამიანი აწერს ხელს, კრემლი სერიოზულად არ აღიქვამს
ვენედიქტოვის ხედვით, კადიროვმა მისთვის „მონიშნული ტერიტორია“ გადაკვეთა, რადგან გასცდა მართვისთვის გადაცემულ არეალს: ჩეჩნეთს, ზოგადად ჩრდილოეთ კავკასიას და ჩეჩნეთის დიასპორას და გააკეთა ის, რაც მისთვის დავალებული არ ჰქონდათ, სწორედ ამიტომაც დაიბარეს კრემლში „კეთილი დიალოგისთვის“:
„ვიდრე ის „წესრიგს“ ამყარებდა, ფედერაციას რეაქცია არ ჰქონია. როგორც კი „საზღვარი“ გადაკვეთა, „კეთილი საუბრისთვის“ (როგორც თავად კადიროვმა უწოდა ამას) გამოიძახეს კრემლში. ვიცით ეს „კეთილი საუბარი“, თავად მიგვიღია მონაწილეობა მასში... ამიტომაც დაიხია უკან“.
თავად რუსული პროპაგანდა კი ცდილობს, მორიგი სკანდალი ოპონენტების მცდელობას დაუკავშიროს, თითქოს ისინი უკრაინასთან დაძაბულობის ფონზე „კადიროველების“ დისკრედიტირებას ცდილობენ.
იხილეთ ასევე: ათასობით დაკარგული და ჯოჯოხეთი დედამიწაზე: რატომ უჩინარდებიან ადამიანები ჩეჩნეთში