Accentnews.ge
„მათი აზრით, წაუგებელი თამაშია“: მმართველი გუნდი ახალ "პროექტს" გვთავაზობს?

„მათი აზრით, წაუგებელი თამაშია“: მმართველი გუნდი ახალ "პროექტს" გვთავაზობს?

11/07/2022 14:47:56 კომენტარი

მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნებიდან“ ცნობილი სამეული (სოზარ სუბარი, დიმიტრი ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე) გავიდა და შემოგვთავაზა ანტიდასავლური, შეთქმულების თეორიებით გაჯერებული ვრცელი წერილები, პროცესი როგორც ჩანს, ფართოვდება: სამი პარლამენტარის მსგავსად მმართველ გუნდს ტოვებენ საკრებულოს წევრები ჭიათურიდან და ლაგოდეხიდან. პარტიის რიგებიდან წასვლის შესახებ მათი მოტივაცია მსგავსია დიმიტრი ხუნდაძის, სოზარ სუბარისა და მიხეილ ყაველაშვილის მოტივაციისა. ნიკა სამხარაძე ჭიათურის საკრებულოდან და გიორგი ღამბაშიძე ლაგოდეხის საკრებულოდან ამბობენ, რომ პარტიიდან მიდიან იმისთვის, რათა უფრო თავისუფლად ილაპარაკონ მნიშვნელოვან თემებზე. მათ პარტიის დატოვების განცხადებაშივე გააკრიტიკეს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი და საქართველოს დასავლელი პარტნიორები.

იხილეთ ასევე: რა მისიით დატოვა სამეულმა პარტია

ჰარცელი – მთავრობის მხრიდან ევროპული ინსტიტუტების კრიტიკაზე: "ისინი ცდილობენ, საქართველოს წინსვლისადმი ევროკავშირის გულწრფელობის მიმართ ეჭვის დათესვას"

ელჩი – დეპუტატებს: "რა არის თქვენი მოტივი?"

„ეს უფრო ჰგავს „გატესტვას“, რამდენად შეიძლება, წავიდეს ქართველი ხალხი, ამომრჩევლის უმრავლესობა დასავლეთის – ევროპისა და ამერიკის წინააღმდეგ და ამის გაკეთება „ოცნებას“ მაქსიმალურად უდანაკარგოს სურს“,– ამბობს „აქცენტთან“ თემი კომენტირებისას GIPA-ს სამართლისა და პოლიტიკის სკოლის დეკანი ბაკურ კვაშილავა და განმარტავს, რომ ხსენებული სამეული ამბობს იმას, რასაც ვერ ამბობს მმართველი გუნდი, ხოლო მიზანი ნიადაგის მოსინჯვაა, იმოქმედებს თუ არა მსგავსი მიდგომები პარტიულ რეიტინგზე – დასავლეთის წინაამდეგ სამეულის დემარშს ექნება თუ არა ნეგატიური ეფექტი „ოცნების“ მხარდაჭერაზე:

„ვფიქრობ, ამ სამეულის „ოცნებიდან“ გასვლა „ქართული ოცნების“ საერთო გადაწყვეტილება იყო – ერთგვარი პოლიტიკაა, მათ ათქმევინო ის, რის თქმასაც შენ ვერ ბედავ, რადგან ეს შეიძლება, შენვე შემოგიბრუნდეს: გითხრან, რომ ავტორიტარიზმის და რუსეთის მომხრე ხარ. აქედან გამომდინარე იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ ეს სამი დეპუტატი აელაპარაკებინათ და ჯერ–ჯერობით მხოლოდ რამდენიმე პარლამენტარმა დაუჭიროს მათ მხარი. მოკლევადიანიც და გრძელვადიანი მიზანი არის ის, რომ შეეცადონ, ნახონ, გაუძლებენ თუ არა დასავლეთის ზეწოლას. კერძოდ, შეინარჩუნებენ თუ არა ამომრჩევლების იგივე რაოდენობას, როგორიც აქამდე ჰქონდათ, თუკი მკვეთრად დაუპირისპირდებიან დასავლეთს. ვინაიდან ეს პირდაპირ ვერ გაბედეს, ამას სამეულის საშუალებით ტესტავენ“.

მისი ხედვით, სამეულის მიმართ პარტიის ღია მხარდაჭერის ხარისხი გზავნილების წარმატებით მუშაობაზე იქნება დამოკიდებული:

„სახელისუფლებო გუნდი ძალაუფლების შენარჩუნებას ახერხებს შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე და არა იმის გამო, რომ ბოლო 3 თვის განმავლობაში სტრატეგიული თვალსაზრისით სწორი გადაწყვეტილებები მიიღო: ქართული პოლიტიკური ველი ბოლო 5–6 წელია ისეა მოწყობილი, რომ ოპოზიციაში პრაქტიკულად არ არსებობს ლიდერთა ჯგუფი, რომელსაც ექნება მოსახლეობის კრიტიკული მასის ნდობის ვოტუმი. ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ „ოცნებამ“ თავადაც დაკარგა ნდობა, ალტერნატივა არაა წარმოდგენილი. გამოკითხვა რომ ჩავატაროთ, ნახავდით, რომ ბოლო 2–3 თვის განმავლობაში „ოცნებამ“ სერიოზული რეიტინგული მარცხი იწვნია და ახლა მისთვის მთავარ გამოწვევას როგორც ჩანს, დასავლეთი, ევროკავშირი წარმოადგენს, რომელიც ერთადერთი ძალაა, აიძულოს ის, გაუნაწილოს მმართველობის ბერკეტები საზოგადოებას, რისი სურვილიც, ცხადია არ აქვს. „თქვენ არ დაგრჩათ არანაირი ბერკეტი, რომ მაიძულოთ, მოვუშვა ძალაუფლების მარყუჟი სასამართლოზე, საკრებულოებზე, თვითმმართველობაზე, ტელევიზიებზე, ნებისმიერ სხვა სფეროზე, რადგან შემიძლია, ეს 85%–იანი დადებითი დამოკიდებულებაც [დასავლეთის მიმართ]კი შევცვალო იმ ნაციონალისტური რიტორიკით, რომელსაც ახლა ვტესტავ“; „არ გაქვთ შანსი, ჩვენზე ზეგავლენა მოახდინოთ, რადგან შეგვიძლია, დასავლეთის მიმართ 20–წლიანი პოზიტიური დამოკიდებულება ჩვენი პროპაგანდისტული მანქანით სულ რაღაც 3–4 თვეში შევცვალოთო“ –ამგვარი შეიძლება, იყოს მათი გზავნილი წარმატების შემთხვევაში. წარუმატებლობის შემთხვევაში კი თანდათან დაიწყებენ გამიჯვნას ამ სამეულისგან, “ისინი არ გამოხატავენ ჩვენს აზრსო“. მათი აზრით, წაუგებელი თამაშია, თუ ჩვენ დავიჯერებთ, რომ ეს სამი ადამიანი ნამდვილად თვითონ გამოეყო „ოცნებას“.

მაგრამ ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ „ტესტი“ აბსურდული და წარუმატებლობისთვისაა განწირული:

„ვფიქრობ, „ოცნების“ მხარდამჭერებს შორის საკმაოდ დიდი პროცენტია, რომელიც, არჩევანის წინაშე თუ დადგა, ევროკავშირს აირჩევს და არა „ქართულ ოცნებას“. „ოცნებას“საბოლოო ჯამში აქცენტის გაკეთება იმაზე მოუწევს, რომ მაქსიმალურად გაემიჯნოს სამეულს, რომელთაც თავად დაავალეს ამ რიტორიკის წარმართვა“.

მისი ხედვით, შექმნილ ვითარებაში მნიშვნელოვანია, სამოქალაქო და პოლიტიკურ საზოგადოებამ ცხადად უთხრას აუდიტორიას, რას წარმოადგენს „ოცნების“ ბოლო პროექტი, რომ რეალურად ცდილობს, ძალაუფლების შენარჩუნებისთვის სასწორზე დააყენოს საქართველოს სტრატეგიული არჩევანი და რომ მოსახლეობამ უნდა გაიაზროს, რომ მმართველ გუნდის მთავარი ამოცანა ძალაუფლების შენარჩუნებაა.

რაც შეეხება ოპოზიციას, მისი ხედვით, ვინაიდან ის მრავალფეროვანია, არაა სავალდებულო, აუცილებლად ერთი ფრონტით იყოს წარმოდგენილი: ერთმა ნაწილმა საპარლამენტო საქმიანობის ფორმატში უნდა განაგრძონ მმართველი გუნდის მხილება, მათ შორის, ევროკავშირის მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციების შესრულების ნაწილში, ხოლო მეორე ნაწილს აქვს შესაძლებლობა, ამ პროცესის გარეთ დარჩეს და იქიდან გამოუცხადოს უნდობლობა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S