
ასლან ბჟანიამ აფხაზეთში "სამობილიზაციო სამუშაოების დაწყების" ბრძანება გასცა
28/09/2022 08:50:22 კონფლიქტები
სანამ დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა ირწმუნებოდა, "აფხაზეთში მობილიზაცია არ გვაქვსო", ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ "სამობილიზაციო სამუშაოების დაწყების" ბრძანება გასცა.
"კონფლიქტი [უკრაინაში - რედ.] კიდევ უფრო რთულ ფორმას იძენს... ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი ხალხის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად შესაბამისი სამუშაოების ჩატარება გვმართებს. ამ დროისთვის საუბარია სამობილიზაციო სამუშაოებზე" - განაცხადა დე ფაქტო ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ბჟანიამ.
მისივე შეფასებით, "გეგმიური მაჩვენებლები არ სრულდება, სტატისტიკა სავალალოა, არის რიგი პრობლემები და ეს მუშაობა პრიორიტეტულად უნდა იქცეს".
"აუცილებელია, მოწესრიგდეს მუშაობა სარეზერვო ბრიგადებთან, სამხედრო კომისარიატებთან და ა.შ." - განაცხადა ასლან ბჟანიამ.
ცნობისთვის: 21 სექტემბერს რუსეთში "ნაწილობრივი" სამხედრო მობილიზაცია გამოცხადდა. ამან დიდი მღელვარება გამოიწვია საქარველოს ოკუპირებულ რეგიონებშიც, სადაც მოსახლეობის უმეტესობას რუსეთის მოქალაქეობა გააჩნია.
იხილეთ ასევე:
"აფხაზეთი, მობილიზაცია: ჯოხი კვლავ გალელებზე გადატყდება?"
"აფხაზეთის რუსული სამობილიზაციო დასამარება"