ირან–აზერბაიჯანის დაპირისპირება, ახალი პლატფორმა და საქართველო – ირანელი ექსპერტის ანალიზი

11-10-2021 19:02:00 კავკასია ,ინტერვიუ

ირან–აზერბაიჯანს შორის დაძაბულობა, რომელსაც პროცესზე დამკვირვებლები უფრო ფართო კონტექსტში განიხილავენ, ვიდრე ორი ქვეყნის ურთიერთდაპირისპირებას, ნარჩუნდება, რაც რეგიონში უსაფრთხოების ისედაც მოწყვლად გარემოს, დამატებით გამოწვევას უქმნის. ამ ფონზე კიდევ უფრო საეჭვოდ მოჩანს თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიერ გასული წლის დეკემბერში დაანონსებული "ექვსთა პლატფორმის" (თურქეთი, რუსეთი, ირანი, აზერბაიჯანი, საქართველ, სომხეთი) ჩამოყალიბების პერსპექტივა. მართალია, თბილისმა რუსეთის ფაქტორის გათვალისწინებით, საწყის ეტაპზევე განაცხადა უარი პროექტში ჩართულობაზე, თუმცა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ამასწინანდელმა განცხადებამ ქართულ საექსპერტო წრეებში შეშფოთებისა და მძაფრი კრიტიკის საფუძველი გააჩინა. მოგვიანებით საგარეო უწყებამ კრიტიკოსები არასწორ ინტერპრეტაციაში დაადანაშაულა, თუმცა სადავო განცხადებაში მეტი მკაფიოობა და კონკრეტიკა ჯერ კიდევ არ შეუტანია. კერძოდ, მაგალითად, არ უთქვამთ, გეოპოლიტიკურ პროექტებში და ურთიერთობებში რაღაც ფორმით ჩართულობაში იგულისხმებოდა თუ არა უშუალოდ „ექვსწევროვანი პლატფორმა“ (იგივე 3+3 ფორმატი)? ასევე იგულისხმებოდა თუ არა ახალი სატრანზიტო დერეფანი, რომლის შექმნასაც ირანი და სომხეთი საქართველოს გავლით განიხილავენ, მაგრამ თბილისს საკითხზე საჯაროდ ჯერ არ უსაუბრია? თუ მინისტრს მხედველობაში ქონდა პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაერო–ში გაჟღერებული სამშვიდობო ინიციატივა საქართველო–სომხეთ–აზერბაიჯანის თანამშრომლობის თაობაზე, რომლის შესახებაც წარმოებს მოლაპარაკებები მეზობელ ორ სახელმწიფოსთან და რომელსაც ანალიტიკოსთა ნაწილი „3+3 ფორმატის“ ალტერნატივის შექმნის მცდელობად განიხილავს? ამდენად, საკითხი ბუნდოვანებას ჯერ კიდევ ინარჩუნებს, „აქცენტი“ კი გადაწყვეტილებების მიმღები პირებისგან მკაფიო განმარტებების მიღებამდე რეგიონში შექმნილ მოცემულობაზე და აქედან გამომდინარე საქართველოს ამოცანებზე ირანელ ექსპერტს, ჯეიმს თაუნის ფონდის ანალიტიკოსს რუსეთის, პოსტსაბჭოთა სივრცისა და პოლიტიკური ისლამის საკითხებში რაჰიმ რაჰიმოვს ესაუბრა.

დაძაბულობის ახალი ფაზა რეგიონში: ირანი VS აზერბაიჯანი

ანალიტიკოსის ხედვით, ერთის მხრივ, რეგიონში შექმნილი დაძაბულობის გამო საქართველო თითქოს უხერხულ მდგომარეობაშია. მეორეს მხრივ კი, ეს ვითარება ხაზს უსვამს ქვეყნის მნიშვნელოვან გეოსტრატეგიულ როლს დაძაბულობის მონაწილე ორივე მხარისათვის:

„ვფიქრობ, თბილისი უფრო მეტად აზერბაიჯანისა და თურქეთისკენ იქნება მიდრეკილი, სტრატეგიული პარტნიორობისა და ისრაელის ფაქტორის გათვალისწინებით. საილუსტრაციოდ ირან-აზერბაიჯანის დაძაბულობის ფონზე გავრცელებული ინფორმაცია გამოდგება იმის შესახებ, რომ თბილისმა სომხეთთან საზღვარზე ირანული სატვირთო მანქანებისა და მოქალაქეების საქართველოში შემოსვლა დაბლოკა“.

ანალიტიკოსის დაკვირვებით, ირან-აზერბაიჯანის დაძაბულობამ ხაზი გაუსვა რუსეთის უფრო ფართო გეოპოლიტიკურ როლს აზერბაიჯანისთვის:

„მოსკოვი ეცდება, პრაგმატულად გამოიყენოს ეს ვითარება საკუთარი მიზნების განსახორციელებლად, მაგალითად, ბაქოსთან შეთანხმებით ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების განლაგების 5-წლიანი შეთანხმებული ვადის გასახანგრძლივებლად. ის ასევე გამოიყენებს არსებულ სიტუაციას თეირანზე ზეწოლისთვის, რათა ამ უკანასკნელს „კასპიის ზღვის სამართლებრივი სტატუსის შესახებ კონვენციის“ რატიფიცირება აიძულოს“.

ინფორმაციისთვის: კასპიის ზღვის შესახებ კონვენციას აზერბაიჯანმა, ირანმა, რუსეთმა, ყაზახეთმა და თურქმენეთმა კასპიის სამიტის ფარგლებში 2018 წლის 12 აგვსიტოს ყაზახეთის ქალაქ აქტაუში მოაწერეს ხელი. შედეგად კასპიის წყლების საზღვარი განისაზღვრა შიდა და ტერიტორიულ წყლებად, სარეწაო ზონებად და საერთო სივრცეებად. კასპიის ფსკერი კი სხვადასხვა სექტორებად დაიყოფა. ასევე განისაზღვრება კასპიის ზღვაზე საჰაერო სივრცე. კონვენცია უკრძალავს ხელმომწერი ქვეყნების გარდა სხვა ქვეყნებს იქ სამხედრო შეიარაღების ქონას.

ირან–სომხეთის გეგმა ახალი სატრანზიტო დერეფნის შესახებ

სატრანზიტო დერეფნების პროექტები ეფექტურად მხოლოდ იმ შემთხვევაში ხორციელდება, თუ ემყარება ეკონომიკურ ლოგიკასა და იმის მყარ დასაბუთებას, რომ ისინი მშვიდობიანი მიზნებისთვის, რეგიონული პოლიტიკური ბალანსისთვის იქნება გამოყენებული,– ამბობს თემის კომენტირებისას ირანელი ექსპერტი და იქვე დასძენს, რომ „ირან-სომხეთ-საქართველოს დერეფნის დეკონტექსტუალიზაცია უფრო ფართო კონტექსტში ნიშნავს, რომ პროექტი იმთავითვე წარუმატებლადაა დაგეგმილი, რადგან 1) კომერციულად განჭვრეტადი დერეფანი აუცილებლად აქცევს აზერბაიჯანს, როგორც სატრანზიტო დერეფანს და 2) რუსეთს აქცევს როგორც სომხური რკინიგზის ოპერატორს და როგორც სომხეთის საზღვრების მცველს“.

"3+3" ფორმატის პერსპექტივა რეგიონში შექმნილი დაძაბულობის ფონზე

ექსპერტი ფიქრობს, რომ "3+3" ფორმატის მიმართ ოპტიმიზმი ხშირად გადაჭარბებულია და ეს ირან-აზერბაიჯანის დაძაბულობამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა: „ამ ფორმატთან დაკავშირებით ხელშესახები შედეგის მისაღწევად, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ გრძელი გზაა გასავლელი. რუსეთ-საქართველოს პრობლემები მართლაც აფერხებს ამ ფორმატის რეალიზებას, მაგრამ ვფიქრობ, რეალურად, პრობლემა რუსულ-ქართულ განზომილებას სცდება. ერთ-ერთი მთავარი დაბრკოლება ის ფაქტია, რომ ამ პროექტში 3 მცირე სახელმწიფო და 3 რეგიონული ჰეგემონია მოიაზრება. მსგავსი მკაფიო დისბალანსი აუცილებლად გამოიწვევს ამ ქვეყნებს შორის მეტოქე დაჯგუფებების ფორმირებას, რაც ისედაც მაინც არსებობს“.

საქართველოს სამშვიდობო ინიციატივა

ანალიტიკოსი შუამავლის როლში საქართველოს საჭიროებას უსვამს ხაზს, თუმცა მიიჩნევს, რომ ეს როლი მხოლოდ პოლიტიკური ლიდერების ჩართულობით არ უნდა შემოიფარგლოს:

„თბილისის საქმიანობა, განსაკუთრებით პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის ვიზიტები ამ ეტაპზე შეიძლება, უფრო „შატლის დიპლომატიად“ ["შატლის დიპლომატია" დიპლომატიასა და საერთაშორისო ურთიერთობებში არის გარე მხარის მოქმედება, რომელიც მოდავე მხარეებს შორის პირდაპირი, უშუალო კონტაქტის გარეშე ასრულებს შუამავლის როლს. ეს ტერმინი პირველად გამოიყენეს 1973 წელს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ჰენრი კისინჯერის ძალისხმევის აღსაწერად, რომელმაც ხელი შეუწყო იომ კიპურის ომის შემდგომ საომარი მოქმედებების შეწყვეტას] ჩაითვალოს. იმისათვის, რომ თბილისი ეფექტური შუამავალი იყოს, მან მეტი უნდა გააკეთოს, მაგალითად, პარალელურად საზოგადოებრივი და სხვა განზომილებების გააქტიურების მცდელობით. ამასთან, მიმაჩნია, რომ თბილისის მხრიდან გონივრული იქნებოდა, ბიძგი მიეცა სამმხრივი - სომხურ-აზერბაიჯანულ-ქართული ფორმატისთვის და არა ოთხგზის ფორმატს მინიმუმ, საწყის ეტაპზე [ანალიტიკოსი მეოთხე ქვეყანაში გულისხმობს თურქეთს – რედ.]. ვიმეორებ, საქართველომ ყურადღება უნდა გაამახვილოს აზერჯაინსა და სომხეთს შორის შუამავლობაზე. რუსეთის მოკავშირე სომხეთისა და თურქეთის მოკავშირე აზერბაიჯანისგან განსხვავებით, რეგიონში დასავლეთისთვის ერთადერთი საყრდენი საქართველოა და ეს თბილისს ფაქტობრივად, უპირატესობას ანიჭებს“.

ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ ამ მოცემულობაში საქართველოს აქვს რესურსი, გააძლიეროს თავისი პოზიცია და რეპუტაცია სომხეთ–აზერბაიჯანს შორის ნეიტრალური მშვიდობისმყოფელის როლის შესრულებით, რაც გაზრდის საქართველოს გეოპოლიტიკურ წონას რეგიონში და შესაძლოა, საერთაშორისო თანამეგობრობას კიდევ უფრო მეტი მიზიდულობა გაუჩნდეს საქართველოს მიმართ.

ამასთან, ექსპერტის აზრით, სამხრეთ კავკასიაში ვითარების პოტენციური დათბობისგან სარგებლობისათვის საქართველოს დასჭირდება, გააუმჯობესოს ან განამტკიცოს ქვეყანაში არსებული ბიზნეს და საინვესტიციო გარემო.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები