"თბილისში მოვლენები ანტიაფხაზურ ხასიათს იძენს": როგორ ზრდის "ქართული ოცნების" პროპაგანდა აფხაზეთში ანტიქართულ განწყობებსა და პროვოკაციების რისკს

15-03-2023 11:34:25 კონფლიქტები

ოკუპირებულ აფხაზეთში "ქართული ოცნების" სადეზინფორმაციო პროპაგანდისტულ გზავნილებს დე ფაქტო ხელისუფლების კვალდაკვალ უკვე ოპოზიციაც იმეორებს, უფრო ზუსტად - მისი ის ნაწილი, რომელიც ასლან ბჟანიას მმართველი გუნდის მსგავსად, კრემლს ექვემდებარება და ნებისმიერ საფუძველს იყენებს ანტქართული განწყობების გასაღვივებლად.

კერძოდ, კორუმპირებული ექს-ჩინოსნების ვითომდა "ვეტერანთა ორგანიზაცია" - "არუაა" აცხადებს, რომ "თბილისში მოვლენები ანტიაფხაზურ ხასიათს იძენს და აუცილებელია აფხაზური ეკონომიკის საომარ ლიანდაგზე გადაყვანა", საფუძვლად კი საქართველოს ხელისუფლების ცნობილი სადეზინფორმაციო-პროპაგანდისტული ნარატივი მოჰყავს "უკრაინისა და დასავლეთის მიერ საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობის" თაობაზე.

"გასული საუკუნის 90-იანი წლების ომის იარები ჯერ არ შეგვხორცებია, საქართველოში კი ახალი მუქარები გაისმის და მოვლენები ძალიან ჰგავს უკრაინულ მაიდანს, რომელმაც ასევე დიდი სისხლისღვრა, ხოლო შემდეგ უკრაინაში რუსეთის სპეციალური სამხედრო ოპერაცია გამოიწვია. თავად საქართველოს ხელისუფლებას არაერთხელ განუცხადებია, რომ უკრაინა, ევროპის ქვეყნები და აშშ თბილისისგან რუსეთის წინააღმდეგ "მეორე ფრონტის" გახსნას მოითხოვენ. იმის მიუხედავად, რომ აფხაზეთი რეგიონში არასოდეს არავის დაჰმუქრებია, ჩვენ კვლავ გვითრევენ ომში. მოვუწოდებთ მოსახლეობას, შეინარჩუნოს სიმშვიდე, ჩვენს ხელისუფლებას კი - სასწრაფოდ გამართოს კონსულაციები ოპოზიციასა და სხვა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ძალებთან ერთიანი სამოქმედო გეგმის განსასაზღვრად. ამასთან, ვთავაზობთ ჩვენს ხელისუფლებას, ყველა საბიუჯეტო რესურსი აფხაზეთის შეიარაღებული ძალების გაძლიერებაზე მიიმართოს" - ნათქვამია "არუაას" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

"თბილისიდან მომავალ საფრთხეებსა" და "მეორე ფრონტის" შესახებ "ოცნების" პროპაგანდისტულ ნარატივზე იმსჯელეს ამ დღეებში აფხაზურ საექსპერტო ფონდ "აამთას" ინიციატივით გამართულ შეხვედრაზე წინა მოწვევის დე ფაქტო პარლამენტის წევრებმაც.

"შემაშფოთებელია საქართველოსადმი მოწოდებები რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნის თაობაზე, რომელიც გასაგებია, რომ ჩვენ და სამხრეთ ოსეთს გვეხება. ეს მოწდებები ერთგვარი მოსინჯვაა ქართველი პოლიტიკოსებისა და იქაური საზოგადოების მზაობის, განახორციელონ ჩვენს მიმართ მორიგი აგრესია. დასავლელი პოლიტიკოსებისგან საქართველოსადმი მსგავსი მოწოდებები უკვე დიდი ხანია, გვესმის" - განაცხადა ექს"დეპუტატმა" გივი ქვარჩიამ, თუმცა როცა ჩაეკითხნენ, მაინც რომელი დასავლელი პოლიტიკოსი გამოსულა ოდესმე მსგავსი მოწოდებით, ვერც ერთი ვერ დაასახელა და მხოლოდ საკუთარი მცდარი აზრი მოიყვანა იმის თაობაზე, რომ "ეს ხელსაყრელი იქნებოდა დასავლეთისთვის, რომელიც რუსეთს უპირისპირდება".

ვერც ერთი დასავლელი პოლიტიკოსის მოწოდება ვერ მოიყვანა ვერც მისმა კოლეგამ გარი კოკაიამ, რომელმაც "მეორე ფრონტის" გახსნის ირგვლივ შეშფოთების საფუძვლად თავად საქართველოს ხელისუფების წარმომადგენლების ეს სადეზინფორმაიო-პროპაგანდისტული ნარატივი დაასახელა: "განცხადებები იმის შესახებ, რომ დასავლეთი საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობს, უკვე მრავალჯერ გვსმენია საქართველოს ხელისუფლებისგან. ისინი დასავლეთთან შეკრულ ოპოზიციაზე მიუთითებენ. ყველას გვახსოვს, რომ თავის დროზე სააკაშვილის "ვარდების რევოუციას" შემდეგ სამხრეთ ოსეთის მიმართ აგრესია მოჰყვა. ახლაც საქართველოში ვხედავთ ხელისუფლების შეცვლის მცდელობებს და მართალია, ამასწინანდელ საპროტესტო აქციებზე ჩვენს მიმართ კონკრეტული მუქარა არ მოგვისმენა, მაგრამ ნათელია, რომ მზად უნდა ვიყოთ შესაძლო ომისთვისო".

პარალელურად გალის რაიონში უკვე იმართება დე ფაქტო ძალოვანი უწყებების წვრთნები, რომელსაც გუშინ, 14 მარტს "პრეზიდეტი" ბჟანიაც დაესწრო.

საგულისხმოა, რომ ეს უკანასკნელი ბოლო დროს, მოსკოვის მსგავსად, "ქართული ოცნების" ხელისუფლების მხარდამჭერ განცხადებებს აკეთებს და ზოგადადაც, კრემლის სატელიტი რეჟიმის მთელი რიგი ქმედებები იმდენად ჰგავს საქართველოს მოქმედი ხელისუფლებისას, რომ უკვე ერთიანი საკოორდინაციო ცენტრიდან ნაკარნახევის შთაბეჭდილებას ტოვებს. ასე, მაგალითად:

  • "ოცნების" მსგავსად, ბჟანიას გუნდიც აფხაზეთში ანტიდასავლური კრემლისტური კანონპროექტების ძალით გატანას ცდილობს;
  • "ოცნებისეულის" მსგავსია, რიგ შემთხვევებში კი იდენტურიც ანტიდასავლური და ანტიუკრაინული სადეზინფორმაციო-პროპაგანდისტული ნარატივები;
  • "ოცნების" მსგავსად, ბჟანიას გუნდიც იქაური ოპოზიციის შედარებით პროგრესული ნაწილის დემონიზებას ეწევა;
  • "ოცნების" მსგავსად, ბჟანიას გუნდიც მოსახლეობას ომით აშინებს;
  • "ოცნების" მსგავსად, ბჟანიას გუნდიც არწმუნებს ადგილობრივებს, რომ მშვიდობის ერთადერთი გარანტორი თავადაა და რომ ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში ომი ვითომდა გარდაუვალია.

მსგავსებების ჩამონათვალი გრძელია. იდენტურია ორივე შემთხვევაში ადვილად ამოსაცნობი მიზანიც: სრულად ხელმოცარული რეჟიმების მიერ ძალაუფლების შენარჩუნება. და ეს 100%-ით ემთხვევა რუსეთის იმპერიალისტური რეჟიმის მიერ უკვე ღიად დეკლარირებულ სტრატეგიულ გეგმას, საქართველო აფხაზეთითა და ცხინვალის რეგიონითურთ სხვა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებთან ერთად პუტინის ახალ იმპერიაში - სსრკ-2-ში შეათრიოს.

საქართველოსა და სსრკ-2-ის თემაზე იხილეთ ასევე:

რას გვიპირებს პუტინი და როგორ სცადა კრემლმა, მედვედევის იმპერიალისტური ფალსტარტი მატრაბაზული “გმირობით” გადაეფარა;

"თბილისიც, სოხუმიც, მინსკიც უნდა შევიკრათ" - ლუკაშენკო აფხაზეთს "ქვეყნად" მოიხსენიებს და საქართველოს სსრკ-2-ზე მიანიშნებს

სანამ თბილისში ხელისუფლებასთან აფილირებული ანტიდასავლური დაჯგუფება "ხალხის ძალა" მმართველი გუნდის აშკარა მხარდაჭერით საქართველოს მოსახლეობის არაერთგზის დეკლარირებული ნების შესაბამისად კონსტიტუციაში ასახული ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანის დამსამარებელი ე.წ. "უცხოური აგენტების" რუსული კანონის ძალით გატანას ცდილობდა, ბჟანიას გუნდი იგივეს აკეთებდა სოხუმში და საქმის გასამარტივებლად მოსახლეობას ფაქტობრივად, სიტყვა-სიტყვით იგივე კრემლისტური ანტიდასავლური სადეზინფორმაციო ნარატივებით კვებავდა, რომელიც თბილისში სხვადასხვა პრორუსული ჯგუფების, "ხალხის ძალისა" და ბოლო დროს უკვე ხელისუფლების წარმომადგენლებისგანაც გვესმის.

ე.წ. "უცხოური აგენტების" შესახებ კანონპროექტის ინიცირება ბჟანიამ "ოცნებას" ოდნავ დაასწრო. და ეს ერთ-ერთი პუნქტია ჯერ კიდევ ორი წლის წინ მოსკოვის მიერ სოხუმისთვის გაგზავნილი "ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური სივრცის ფორმირებისთვის კანონმდებლობათა ჰარმონიზების" 45-პუნქტიანი პროგრამიდან, რომელიც რუსეთის მიერ აფხაზეთის საბოლოო ანექსიისკენ მიმართულ მთელ რიგ სხვა პუნქტებსაც მოიცავს, მათ შორის - მუხლებს მოქალაქეობის მინიჭების, რუსეთის მოქალაქეებისთვის მიწისა და სხვა უძრავი ქონების, ენერგეტიკისა და სხვა სტრატეგიული ობიექტების მიყიდვაზე მოქმედი საკანონმდებლო აკრძალვის გაუქმების შესახებ.

გამოგზავნილია თუ არა თბილისში მოსკოვიდან ანალოგიური გეგმა - მომავალში უცილებლად შევიტყობთ. მაგრამ თუ რაჭის ტერიტორიის 1/3-ის (თანაც რუსეთის მოსაზღვრე მიწების) კრემლის კარის ოლიგარქ ხიდაშელის სარგებლობაში გადაცემას (და თავად ხიდაშელი ღიად საუბრობს საქართველოში "კიდევ 47 პროექტის რეალიზების" განზრახვაზე), იგივე ენერგეტიკის სფეროში რუსულ მხარესთან დადებული ხელშეკრულებების გასაიდუმლოებას, უკრაინასთან ომის ფონზე საქართველოში რუსეთის ათიათასობით მოქალაქის დასახლებას, მათთვის ბიზნესების გახსნისა და ქონების შეძენის საშუალების მიცემას, სხვა არაერთ შემაშფოთებელ ფაქტს, ბოლოს კი "აგენტების შესახებ" რუსული კანონპროექტის განხილვის დაწყებას გავითვალისწინებთ, თავისთავად ჩნდება ძალიან, ძალიან ცუდი ეჭვები. მით უფრო - თუ გადავხედავთ კრემლის მიერ სხვა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების, მათ შორის ბელარუსის შთანთქმის მიზნით მომზადებული გეგმების შინაარსს: ზოგიერთი პუნქტი ხომ ძალიან ჰგავს იმას, რასაც საქართველოში უკვე ვხედავთ:

• "[ბელარუსული] კანონმდებლობა მიესადაგოს რუსულს;

• დამყარდეს რუსეთის კონტროლი [ბელარუსის] სამხედრო-პოლიტიკურ სექტორზე, ასევე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ, სავაჭრო, სამეცნიერო და კულტურულ ცხოვრებაზე;

• რუსულმა დაზვერვამ შეზღუდოს “პროდასავლური და ნაციონალისტური” ძალების გავლენა;

• რუსული მედიის რაოდენობისა და მოსახლეობაზე საინფორმაციო გავლენის ზრდის მეშვეობით დამყარდეს კონტროლი [ბელარუსის] საინფორმაციო სივრცეზე;

• [ბელარუსის] მოქალაქეთათვის რუსეთის მოქალაქეობის გაცემა გამარტივდეს, რათა ადგილზე შეიქმნას ინტეგრაციის მომხრე რუსების მოქალაქეების ფართო ფენა, რომელსაც რუსულ ბაზარში დაინტერესებული ბიზნეს-წრეებიც შეუერთდებიან".

დამეთანხმებით ალბათ, სწორედ ასე მოქმედებდა საქართველოს ყველაზე დიდი მტერი რუსეთი ჩვენს ქვეყანაში ორი საუკუნის განმავლობაში, ასე მოქმედებს დღესაც და საქმის გასამარტივებლად თავისი რეალური აგენტურის პირით ცდილობს, დაგვაჯეროს, რომ მტერი ის კი არაა, არამედ დასავლეთი - ის აშშ და ევროპა, რომლებიც სამ ათწლეულზე მეტია, უზარმაზარი როგორც პოლიტიკური, ისე ფინანსური მხარდაჭერით გვიცავენ რუსეთის მიერ შთანთქმისაგან, სიცივისგან, შიმშილისგან, უუფლებობისგან, დაუღალავად გვეხმარებიან ფაქტობრივად ყველა პრობლემის დაძლევაში და სხვათა შორის, სწორედაც რომ დასავლეთის დამსახურებაა, მსოფლიოს რომ დღემდე არ უღიარებია რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა... მაგრამ რას ვხედავთ ამ ფონზე საქართველოში? რა გვესმის მმართველი ძალის მხრიდან? - დასავლეთის ძაგება და პუტინის ტერორისტული ოკუპანტი რეჟიმისთვის "პირის მობანვის" მცდელობები!

დამაფიქრებელია, რომ კრემლის სატელიტი ასლან ბჟანია მისი გუნდის სხვა წარმომადგენლებთან ერთად ამ ფონზე სულ უფრო ხმამაღლა აფიქსირებს "ქართული ოცნებისადმი" "სიმპათიებს" ... ეს "სიმპათიები" რომ გულწრფელი იყოს და არა კრემლის გეგმის ნაწილი, ბჟანია რომ რეალურად ფიქრობდეს აფხაზი ხალხის მომავალზე და არა ძალაუფლების შესანარჩუნებლად აფხაზეთის რუსეთისთვის გადაფორმებაზე, "ქართული ოცნების" არაფორმალური მმართველი ივანიშვილიც რომ საქართველოს მომავალზე ზრუნავდეს და არა პირადი ინტერესებისთის ქვეყნის რუსეთისთვის უბრძოლველად ჩაბარებაზე, თბილისი და სოხუმი ისარგებლებდნენ ვითარებით - უკრაინის ომის ფონზე რუსეთის ყოველმხრივი (და აქ სამხედროს არ ვგულისხმობ) დასუსტებით, კრემლის ანექსიური გეგმების გამოაშკარავების ფონზე აფხაზეთის მოსახლეობაში ანტირუსული განწყობების საგრძობი ზრდით და დაიწყებდნენ რეალური ნაბიჯების გადადგმას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის. მაგრამ არა! - კრემლს სხვა გეგმა აქვს და როგორც "ოცნება" გვარწმუნებს, რუსეთი "არ უნდა გავაღიზიანოთ"!

როგორც ჩანს, ამ "არგაღიზიანების" პოლიტიკის ფარგლებში ტოვებდა "ოცნება" უპასუხოდ წელიწადნახევრის განმავლობაში სოხუმიდან მომავალ ხმამაღალ გზავნილებსაც დიალოგისა და სავაჭრო-ეკონომიკური თანამშროლობის დაწყების თაობაზე. დიახ, იყო საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდი, როცა იგივე ასლან ბჟანია აქტიურად საუბრობდა ამ თემაზე და პოლიტიკური ოპონენტების მწვავე კრიტიკის მიუხედავად, იმასაც კი მიაღწია, რომ პირველად 30 წლის განმავლობაში, ქართულ მხარესთან დიალოგის/თანამშრომლობის შესაძლებლობა "აფხაზეთის საგარეო პოლიტიკურ კონცეფციაში" ასახა... მაგრამ რა? - თბილისი საპასუხოდ წელიწადნახევარი დუმდა - "არ აღიზიანებდა" მოსკოვს, რომელსაც არა მარტო აფხაზეთთან, არამედ, როგორც შემდგომში გაირკვა, მთელს დანარჩენ საქართველოსთან მიმართებაშიც შთანთქმის გეგმა გააჩნია. შედეგი? - თბილისის მიერ უპასუხოდ დატოვებულ ბჟანიაზე რუსული წნეხი გაძლიერდა, მანაც საბოლოოდ ვერ გაუძლო და კრემლის ინტერესების მორიგ გამტარებლად იქცა, მის რიტორიკაში გაჩნდა ნარატივი "სუვერენიტეტის რუსეთის ფედერაციისთვის განაწილების აუცილებლობის" თაობაზე, ხოლო მოსახლეობის იმ უდიდეს ნაწილს, რომელიც ამის წინააღმდეგია, პუტინის რეჟიმის სატელიტად ქცეული ბჟანია "უშუქობით, სხვა მთელი რიგი დაუძლეველი პრობლემებით, ომის საფრთხით" აშინებს და ამასთანავე, "მკაცრად დასჯით" ემუქრება, - დაახლოებით ისე, როგორც საქართველოს მმართველი გუნდის რიგი წარმომადგენლები, მაგალითად დიტო სამხარაძე, რომელიც "გადავლასა" და "დაჭმუჭნვას" გვიპირებს...

ამასთან, მოსახლეობის "ომის საფრთხით" დაშინებისას ასლან ბჟანია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ "საქართველოს მოქმედი ხელისუფლება ვითარებას აკონტროლებს, თუმცა ქართული ოპოზიცია რიგ ცუდ ღონისძიებებს გეგმავს" და თან იმასაც აყოლებს, "რაღაც-რაღაცები უკვე აღვკვეთეთო". თავად "ქართული ოცნება" ამ ყველაფერს არ იმჩნევს, ქართველი ანალიტიკოსები კი შეშფოთებულები არიან და პროვოკაციების რისკებზე ამახვილებენ ყურადღებას.

ასე, მაგალითად, რონდელის ფონდის უფროს მკვლევარ ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილის აზრით, აუცილებელი იყო, საქართველოს ხელისუფლებას მყისიერად განემარტა სოხუმისა და ცხინვალისთვის, რომ შიშის არავითარი საფუძველი არ არსებობს.

მის აზრს იზიარებს კონფლიქტოლოგი ზურაბ ბენდიანიშვილიც, რომელიც "უცხოეთის აგენტების შესახებ“ კანონპროექტის ჩავარდნის შემდეგ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსული პროპაგანდის გააქტიურებას "საქართველოში წარუმატებელ პროცესებზე რუსულ შურისძიებად" განიხილავს. "იმის ფონზე, რომ დღეს რუსეთს უკრაინაში საკმაოდ რთული სიტუაცია აქვს, ოსები და აფხაზები ნამდვილად არ გამორიცხავენ, რომ საქართველოდან შესაძლებელია, აგრესია წამოვიდეს. მით უმეტეს, ცხინვალში აბსოლუტურ უმრავლესობას სჯერა, რომ 2008 წლის ომი - ეს იყო ქართული სახელმწიფოს სამხედრო ოპერაცია ოსების წინააღმდეგ. თბილისში აქციების პირველ დღეებში დაძაბულობის ტემპერატურა ძალიან მაღალი იყო. დღეს თითქოს იგივე განცდა აღარ არის. ინტერნეტის ეპოქაა და მეტიც წაიკითხეს. თუმცა ეს დაძაბულობა ბოლომდე არ გამქრალა და გუშინ ცხინვალელ კოლეგებს რომ ვესაუბრე, მითხრეს, იქნებ განცხადებები გაგეკეთებინათო", - ამბობს ბენდიანიშვილი.

საქართველოს ხელისუფლებას, თუკი შექმნილ ვითარებაში ოსებისა და აფხაზების დამშვიდებაშია დაინტერესებული, მართლაც ადვილად შეეძლო, მათთვის მიემართა და არგუმენტირებულად განეცხადებინა, რომ ქართველი ახალგაზრდობა არამც და არამც არაა ომის მომხრე. ამას მოწმობს თუნდაც 2021 წლის ზაფხულში CRRC საქართველოსა და კავკასიური სახლის მიერ ჩატარებული კვლევა, რომელშიც 18-29 წლის ასაკის 1116 ქართველი ახალგაზრდა მონაწილეობდა. მაგრამ არა, ამის ნაცვლად "ოცნების" წარომადგენლები თავისი განცხადებებით მხოლოდ უღვივებენ აფხაზებსა და ოსებს უსაფუძვლო შიშებს.

ეს და არაერთი სხვა გარემოება აფიქრებინებს კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილს, რომ საქართველოს ორ ოკუპირებულ რეგიონში მიმდინარე მობილიზაცია "ოცნების" ხელისუფებასთან შეთანხმებით ხორციელდება და რომ მმართველი გუნდი ძალაუფლების შესანარჩუნებლად "მორიგ საზიზღარ ვერაგობას" შეიძლება, ამზადებდეს.

"ოცნებამ" რუსული კანონი გაიწვია, ამით უკან დაიხია, თუმცა დარწმუნებული ვარ, ახლაც რაღაც ვერაგობის ჩასადენად ემზადება. შესაძლოა, სწორედ ამ მიზნით გაააქტიურეს კვლავ რუსეთის მხარდაჭერით ეს ყბადაღებული "ომში ჩათრევის" თემა: ვხედავ, როგორი მობილიზაცია ხდება დღეს ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში, იქ გადაადგილდებიან შეიარაღებული ძალები და სწორედ "ქართული ოცნების" ჩრდილებს ვხედავ ამის მიღმა. ამიტომაც ძალიან დიდი სიფხიზლე და სიფრთხილე გვმართებს, მათ შორის, თავი უნდა მოვარიდოთ იმის მსგავს განცხადებებს, როგორიც გააკეთა ამასწინათ ბ-ნმა მერაბიშვილმა" - აღნიშნავს ზაქარეიშვილი.

იმაზე, რომ "ოცნების" ყალბი განცხადებები "მეორე ფრონტის" თემაზე პროვოკაციების რისკს ზრდის, მიუთითებს "საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის" დამფუძნებელი, დამოუკიდებელი დეპუტატი თეონა აქუბარდიაც, რომელიც რამდენიმე ასპექტზე ამახვილებს ყურადღებას:

  • "ოცნების" ეს ნარატივი თანხვედრაშია კრემლის სადეზინფორმაციო პროპაგანდასთან, რაც ასუსტებს ჩვენს სახელმწიფოს;
  • "ოცნების" ეს დეზინფორმაცია რუსეთის მხრიდან პროვოკაციების რისკებს ზრდის;
  • ტერიტორიული მთლიანობის მხოლოდ მშვიდობიანი გზით აღდგენის ვალდებულება საქართველოს საერთაშორისო არენაზე ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს აქვს აღებული და შესაბაისად, ზემოაღნიშნული არა მხოლოდ მმართველი ძალის ვალდებულებაა, არამედ ქვეყნის, რასაც დღევანდელი ოპოზიცია სრულად იზიარებს და ემხრობა".

აქუბარდია მოუწოდებს "ქართულ ოცნებას", შეწყვიტოს "მეორე ფრონტის" შესახებ დეზინფორმაციის გავრცელება, კრემლის ინტერესების გატარება და საქართველოს ეროვნული ინტერესების შესაბამისად, იმუშავოს ქვეყნის დეოკუპაციისა და ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით უზრუნველყოფის მიმართულებით".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები