
საგარეო: ირანში დაგეგმილ "3+3" ფორმატის შეხვედრაში საქართველო მონაწილეობას არ მიიღებს
22/10/2023 10:33:43 პოლიტიკა
ირანში დაგეგმილ "3+3" ფორმატის შეხვედრაში საქართველო მონაწილეობას არც ამ ჯერზე მიიღებს, - ამის შესახებ "აქცენტს" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
უახლოეს ხანებში ირანში "3+3" ფორმატის (აზერბაიჯანი, თურქეთი, რუსეთი, ირანი, სომხეთი, საქართველო) მორიგი შეხვედრა იგეგმება ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების მონაწილეობით, - ამის შესახებ ინფორმაცია აზერბაიჯანულმა მედიამ გაავრცელა.
მისივე ინფორმაციით სომხურმა მხარემ შეხვედრაში მონაწილეობაზე თანხმობა განაცხადა.
სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ეს ინფორმაცია არც დაადასტურეს და არც უარყვეს. როგორც უწყების პრესსამსახურში განაცხადეს, "საზოგადოებას მინისტრის ვიზიტებისა და შეხვედრების შესახებ სათანადო დროს ეცნობება".
მანამდე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანმა სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ "3+3" პლატფორმა "რეგიონული პრობლემების გადაჭრის ეფექტური ფორმატია", აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა კი აცნობა მედიას, რომ "უახლოეს ხანებში ამ ფორმატში მთელი რიგი შეხვედრებია დაგეგმილი".
ცნობისთვის: საქართველო "3+3" ფორმატის შეხვედრებში არ მონაწილეობდა. როგორც ფორმატის ჩამოყალიბების დროისთვის ოფიციალურმა თბილისმა განაცხადა, საქართველო ვერ მიიღებს მონაწილეობას რუსეთთან ერთობლივ ვერც ერთ ფორმატში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციის გამო.
ამავე თემაზე: რუსეთი კვლავ აქცენტირებს საქართველოსთვის არასაჭირო ფორმატზე: ვის ინტერესშია "3+3" ომის ფონზე
"კარასინის შემოთავაზებაზე ჩემი პასუხი იყო, რომ "3+3" ფორმატში ჩვენ მონაწილეობას არ ვგეგმავთ"