
„ოცნების“ პარლამენტში ენმ-ის ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისია შეიქმნა
05/02/2025 12:10:03 საზოგადოება
"ქართული ოცნების“ პარლამენტში შეიქმნა ენმ-ის ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისია სახელწოდებით „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია“.
დროებითი საგამოძიებო კომისია 3 თვის ვადით იქმნება, თუმცა შესაძლებელია მისი მუშაობის 6 თვემდე გახანგრძლივება.
რეგლამენტის თანახმად, საგამოძიებო კომისიაში საპარლამენტო უმრავლესობა რაოდენობრივად ოპოზიციაზე მეტი არ შეიძლება, იყოს. კომისიაში ოპოზიციის სტატუსით ჩართვას “ხალხის ძალა“ აპირებს.
ცნობისთვის: "ოცნებამ" კომისიის შექმნა 9 იანვარს დააანონსა.
2024 წლის 7 აგვისტოს 16 წელი შესრულდა 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებიდან.
რუსეთის ფედერაცია დიდი ხანია, ცდილობს იმ სიცრუის ტირაჟირებას, თითქოს როგორც საქართველოსთან 2008 წლის, ისე ამჟამად უკრაინასთან მიმდინარე ომში დამნაშავე არა კრემლის იმპერიალისტური ზრახვების რეალიზატორები, არამედ დასავლეთია.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ აგვისტოს ომის მე-16 წლისთავზეც გაიმეორა, რომ „საქართველოს ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის დანაშაულებრივი ავანტიურის საპასუხოდ რუსეთს სხვა არაფერი რჩებოდა, გარდა აგრესორისთვის მშვიდობის იძულებისა“ და იქვე დაამატა, რომ "დასავლეთი დღემდე საფრთხეს უქმნის სამხრეთ კავკასიის ქვეყნების უსაფრთხო და ღირსეულ არსებობას“.
არადა, ის ფაქტი, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომისთვის მზადება საქართველოში სრულმასშტაბიან შემოჭრამდე ბევრად ადრე - 2006-2007 წ.წ. დაიწყო, 2012 წელს სომხეთში ვიზიტისას თავად პრეზიდენტ პუტინს საჯაროდ აქვს დადასტურებული:
"იყო გეგმა და ჩემი აზრით, ეს საიდუმლო არ არის. სწორედ ამ გეგმის ფარგლებში მოქმედებდა რუსული მხარე. ამაზე ადრე საჯაროდ უკვე ვისაუბრე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ. გეგმა გენერალურმა შტაბმა მოამზადა სადღაც 2006 წლის ბოლოს ან 2007 წლის დასაწყისში, დამტკიცდა ჩემთან შეთანხმებით. უფრო მეტიც, ამ გეგმის ფარგლებში განხორციელდა სამხრეთ ოსეთის აჯანყებულთა წვრთნაც. მართალია, ჩვენი სამხედრო ექსპერტები, გულახდილად რომ ვთქვა, მიიჩნევდნენ, რომ ეს უსარგებლო იყო, იმის გათვალისწინებით, რომ აჯანყებულები დამარცხდებოდნენ ნებისმიერი სახელმწიფოს რეგულარულ არმიასთან - თუნდაც ისეთ პატარა სახელმწიფოსთან, როგორიც საქართველოა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს ხალხი ძალიან გაბედულად იცავდა სამშობლოს. სამივე დღე, სანამ რუსული არმია მიუახლოვდათ, ფაქტობრივად, მათ და ჩვენმა სამშვიდობოებმა შეაკავეს ქართული ფორმირებების ზეწოლა. ასე რომ, მათ თავიანთი როლი ითამაშეს... ამ გეგმის ფარგლებში მობილიზებული იყო ტექნიკაც - ეს საიდუმლო არ არის, ამაზე უკვე ვისაუბრეთ".
საქართველოში შეჭრის გეგმის ომამდე ბევრად ადრე არსებობის ფაქტი საჯაროდ აქვს დადასტურებული იური ბალუევსკისაც, რომელიც 2008 წლის 3 ივნისამდე რუსული გენშტაბის უფროსი იყო, ხოლო შემდეგ - უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე. უკვე ომის შემდეგ, 2012 წლის რუსულ დოკუმენტურ ფილმში "დაკარგული დღე" ბალუევსკიმ თქვა, რომ საქართველოში სამხედრო ოპერაციის ჩატარების გეგმის რეალიზების დაწყება პუტინმა ჯერ კიდევ პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევის ინაუგურაციამდე (2008 წლის მაისი) გადაწყვიტა - და სამხედრო შენაერთების მეთაურებს წინასწარ გაეგზავნათ კონკრეტული ბრძანებები.
აღსანიშნავია, რომ აგვისტოს ომის საქმეზე სახელმწიფოთაშორისი დავა რუსეთსა და საქართველოს შორის საქართველოს გამარჯვებით დასრულდა. 2008 წლის აგვისტოს ომზე გამოძიება დასრულდა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოშიც (ICC), სადაც ქართული მხარის პასუხისმგებლობა არ გამოვლენილა.
ბოლო ერთ წლის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე საუბარი უფრო გაააქტიურა.
"მთავარია, 2008 წლის დანაშაული, რომელიც ჩაიდინა სააკაშვილმა, "ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმმა, იყოს ბოლომდე გამოძიებული", – განაცხადა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე აგვისტოს ომის მე–16 წლისთავზე მისულმა ირაკლი კობახიძემ.
ამავე თემაზე: "ოცნების" ბრალდების "ბეწვის ხიდი": კითხვის ნიშნის ქვეშ დასვამს სახელმწიფოს პასუხისმგებლობას ტერიტორიული მთლიანობის საკითხში!
ომი „მშვიდობიანობაში“: „მე–16 წლისთავს რუსეთისკენ მარშით ვხვდებით!";
გაერო–ში რუსი დიპლომატი საქართველოს „აგრესორად“ გამოცხადებისას „ქართულ ოცნებას“ ციტირებდა;
"გენშტაბს შეფასებული აქვს": რატომ გაააქტიურეს 2008 წლის ომის გამოძიების თემა;
გიგი გიგიაძე: დღეს ქართული დიპლომატია დეკორაციიდან კარიკატურად გადაიქცა;