
საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი ჩინეთი ოკუპირებულ აფხაზეთთან ეკონომიკურ თანამშრომლობას აღრმავებს
30/09/2025 17:06:00 კონფლიქტები
აფხაზური საინფორმაციო სააგენტოების თანახმად, აფხაზი მეწარმეების დელეგაციამ, დე ფაქტო სავაჭრო სამრეწველო პალატის ე.წ თავმჯდომარის თამილა მერცხულავას ხელმძღვანელობით, მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო გამოფენაში "Food2China Expo 2025", რომელიც ჩინეთის ქალაქ გუანჯოუში 25-27 სექტემბერს გაიმართა.
გავრცელებული ინფორმაციით, გამოფენაში მონაწილეობის გარდა, გაიმართა შეხვედრა გუანდუნის სავაჭრო პალატის წარმომადგენლებთან, რომლის დროსაც განხილულ იქნა პირდაპირი სავაჭრო ურთიერთობების პერსპექტივები და ხელი მოეწერა მეომურანდუმს თანამშრომლობის შესახებ.
როგორც თამილა მერცხულავამ აღნიშნა, ჩინეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ტვირთბრუნვა წლიდან წლამდე იზრდება. „აფხაზეთის ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში ჩინური ინვისტიციების მოზიდბა განსაკუთრებით მნიშვნელოვან მიმართულებად მივიჩნევთ და მზად ვართ ურთიერთმომგებიანი თანამშრომლობისთვის კომპლექსური პირობები შევთავაზოთ“, - განაცხადა მან.
ჩინეთში აფხაზეთის ე.წ დელეგაციის ვიზიტს როგორც "მნიშვნელოვან მოვლენას" ადგილობრივი ტელეგრამ-არხებიც გამოეხმაურნენ. მათი მხრიდან ხაზი გაესვა, რომ "ჩინეთის ბაზარზე გასვლა არა მხოლოდ ახალი ინვესტიციები და ექსპორტის გაზრდაა, არამედ აფხაზეთის საერთაშორისო პოზიციონირების გაძლიერებაა".
გუანდუნის სავაჭრო პალატის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, მას აქვს გუანდუნის პროვინციის სამოქალაქო საქმეთა დეპარტამენტის ავტორიზაცია და ასრულებს მრჩევლის ფუნქციას სამთავრო პოლიტიკისთვის.
აღსანიშნავია, რომ მაშინ, როდესაც ჩინეთის მთავრობა ოფიციალურად არ აღიარებს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობას, ეს არ არის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან კონუმიკაციის პირველი შემთხვევა.
წინა წლებში არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ჩინელი ბიზნესმენები ოკუპირებულ აფხაზეთს ეწვივნენ და საინვესტიციო გარემოს ადგილზე გაეცნენ. 2021 წელს ადგილი ჰქონდა "დიპლომატიურ კონტაქტსაც", როდესაც ჩინეთის ელჩმა სირიაში, ფენ ბიაომ ოკუპირებული აფხაზეთის „ელჩს“, ბაგრატ ხუტაბას უმასპინძლა. ინფორმაციას ამის შესახებ დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოსთან არსებული სტრატეგიული ურთიერთობების მიუხედავად, ჩინეთი „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ გაეროს რეზოლუციას მხარს ამ დრომდე არ უჭერს.