
COVID-19, მასთან დაკავშირებული ანტიქართული სადეზინფორმაციო კამპანია და კოვიდიოტიზმი ოკუპირებულ რეგიონებში
19/06/2020 14:58:10 კონფლიქტები
COVID-19-მა, რომელიც გასული წლის ბოლოდან პლანეტის #1 პრობლემადაა ქცეული, რა გასაკვირია და არც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებს აუარა გვერდი და მართალია, თბილისზე ოდნავ გვიან, მაგრამ სოხუმსა და ცხინვალშიც გამოჩნდა. ამასთან, მთელი მსოფლიოს მსგავსად, იქაც COVID-19-თან ერთად მძვინვარებს მისი თანმდევი “ვირუსის” – კოვიდ-დისიდენტობის ეპიდემია და ე.წ. კოვიდიოტების ტომი, რომელიც სადღეისოდ კაცობრიობას შესაძლოა, მეტ საფრთხესაც კი უქმნიდეს, ვიდრე თავად COVID-19, ოკუპირებულ რეგიონებშიც იკრებს ძალას.
იხილეთ ასევე: კოვიდიოტების ჟამი: რატომ არ სჯერათ ადამიანებს COVID-19-ის არსებობის და რით არის ეს საშიში
დასაწყისისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ამ ეტაპზე აფხაზეთში, ცხინვალის რეგიონთან შედარებით, COVID-19-ის გავრცელების კუთხით უკეთესი ვითარებაა. საკმარისია, ოფიციალურ სტატისტიკას გადავხედოთ: თუ აფხაზეთში ამ დრომდე კოვიდ-ინფიცირებულთა რაოდენობა 40-ს არ აღწევს, ცხინვალის რეგიონში უკვე 80-მდე ინფიცირებულია აღრიცხული, ანუ დაახლოებით ორჯერ მეტი. ეს – იმ ფონზე, რომ მოსახლეობის რაოდენობა ნაკლებია.
იხილეთ ასევე: მწიფდება თუ არა კორონა-კატასტროფა ცხინვალის რეგიონში?
ამას, რაღა თქმა უნდა, თავისი მიზეზები აქვს და მათზე საუბრისას უნდა გავიხსენოთ საერთაშორისო კრიზისული ჯგუფის მიერ ამასწინათ გამოქვეყნებული მოხსენება «COVID-19-გამოწვევა პოსტსაბჭოთა სივრცეში არსებულ გამოყოფილ რეგიონებში». არაღიარებულ ან ნაწილობრივ აღიარებულ რეგიონებთან მიმართებაში საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის თვალსაზრისით განსხვავებული რეგულაციები მოქმედებს, საერთაშორისო ორგანიზაციები კი სადღეისოდ კორონავირუსთან ბრძოლის კუთხით ექსპერტიზისა და სამედიცინო აღჭურვილობის მთავარი მომწოდებლები გახლავთ. ვინაიდან ეს რეგიონები თავს დამოუკიდებლად მიიჩნევენ და ამ სტატუსს იცავენ, იქ, როგორც წესი, იქმნება იმის აღქმის პრობლემა, რომელმა საერთაშორისო სტრუქტურებმა და რა ხარისხში უნდა მიაწოდონ მათ დახმარება...
აფხაზეთი ამ კუთხით პოსტსაბჭოთა სივრცეში ძალზე წარმატებულ მაგალითად იქცა: სოხუმის ხელმძღვანელობამ შეძლო თანამშრომლობის ორგანიზება ყველასთან, ვისთანაც შესაძლებელი იყო, განურჩევლად იმისა, სად მდებარეობს ამ ორგანიზაციების წარმომადგენლობები – თბილისში თუ უცხოეთში, საიდან ჩამოდიან მათი წარმომადგენლები და რა სტატუსით. მნიშვნელოვანია ასევე, რომ აფხაზეთმა ოფიციალური მომართვა უკვე მარტის დასაწყისში დაიწყო, არაოფიციალურად – კიდევ უფრო ადრე. და ეს - მიუხედავად იმისა, რომ იმხანად - დე ფაქტო პრეზიდენტ ხაჯიმბას გადადგომის შემდეგ - ოკუპირებულ რეგიონს გარდამავალი მთავრობა მართავდა: ის ბიუროკრატიული ფუნქციონერები, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებაში პოლიტიკის ფორმირებით დაკავებულები არ არიან, გაცილებით ეფექტურები აღმოჩნდნენ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, თბილისთან, მოსკოვთან კორპორაციის თვალსაზრისით.
ცხინვალის რეგიონმა კი წმინდა პოლიტიკური მიზეზებით იმთავითვე შეუსრულებელი პირობები წამოაყენა (ვითარებაში, როცა ყველა საზღვრებს კეტავდა, დააყენა მოთხოვნა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სპეციალისტები ჩასულიყვნენ არა ქართული რეგიონების მხრიდან, არამედ თბილისიდან ვლადიკავკაზში და იქიდან ცხინვალში), ამით საერთაშორისო დახმარებაზე ფაქტობრივად, უარი თქვა და განაცხადა, “ყველაფერში, რაც დამჭირდება, სტრატეგიული მოკავშირე რუსეთი დამეხმარებაო”. დაიკარგა უამრავი ძვირფასი დრო და იმ მომენტისთვის, როცა მოახლოებული საფრთხის შემხედვარე დე ფაქტო მმართველებმა, როგორ იქნა, თავის შეწუხება დაიწყეს შესაძლო კოვიდ-ეპიდემიისთვის მზადების მიმართულებით, რუსეთში სამედიცინო საშუალებების ექსპორტი და გაყიდვა აიკრძალა. შედეგად ცხინვალის რეგიონი სრულიად მოუმზადებელი აღმოჩნდა რეალური საფრთხისათვის - ყოველგვარი მომზადების, საექსპერტო დახმარებისა და იმის ცოდნის გარეშე, რა ზომები და როგორ უნდა ყოფილიყო მიღებული, ადგილობრივი ჩინოსნები კატეგორიულ უარს აცხადებდნენ და არანაირი შეთავაზების მოსმენა არ სურდათ, მაშინ, როცა მოსახლეობა პანიკის ზღვარზე იყო ელემენტარული საშუალებების – ნიღბების არქონის გამო.
ახლა, როცა მსგავსი უპასუხისმგებლო მოქმედების შედეგად ცხინვალს სერიოზული პრობლემა აქვს, დე ფაქტო ხელისუფლება გონს მოგების ნაცვლად, ჩვეული – მოსახლეობის ყურადღების სხვა მიმართულებით გადატანის მეთოდით ცდილობს მოქმედებას და მოსკოვთან “დუეტში” გაუგონარ სადეზინფორმაციო-პროპაგანდისტულ კამპანიას აწარმოებს თბილისის, მათ შორის რიჩარდ ლუგარის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წინააღმდეგ.
იხილეთ ასევე: “ოსური პოპულაციის წერტილოვანი განადგურება” - ცხინვალი ლუგარის ცენტრის ირგვლივ სადეზინფორმაციო ისტერიას აგრძელებს
კრემლის მორიგი პროპაგანდა: ცხინვალი თბილისს “ბიოტერორიზმში” ადანაშაულებს
ეს – მაშინ, როცა ცხინვალის რეგიონში, ისევე, როგორც აფხაზეთში, კოვიდ-ინფიცირების დღემდე აღრიცხული ფაქტობრივად ყველა შემთხვევა რუსეთიდანაა იმპორტირებული (ინფიცირებულები ორივეგან უმთავრესად რუსეთის სამხედრო სასწავლებლებიდან დაბრუნებული კურსანტები არიან)… მსგავსი მოქმედებით – ყურადღების რეალური საფრთხიდან არარეალურზე გადატანით ცხინვალი რეალურად, კიდევ უფრო მეტ საფრთხეს უქმნის მოსახლეობას, რომელსაც საშველად ვერაფერს სთავაზობს…
აფხაზეთიდან მსგავსი სადეზინფორმაციო-პროპაგანდისული გზავნილები ჯერ-ჯერობით არ გაჟღერებულა, ყოველ შემთხვევაში – დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან. და ეს ალბათ, ნაწილობრივ მაინც COVID-19-თან ბრძოლაში საერთაშორისო ორგანიზაციებთან წარმატებული თანამშრომლობითაც აიხსნება, რომლის შედეგებს ოკუპირებულ რეგიონში, როგორც ჩანს, ხედავენ და აფასებენ....
აი, კოვიდ-დისიდენტებისა და ზოგადად კოვიდიოტიზმის კუთხით კი საქართველოს ამ ორ ოკუპირებულ რეგიონში ვითარება დაახლოებით ერთნაირია: “ბილ გეითსის ჩიპების”, “ვუჰანის სუპერანტენის”, “მასონების გეგმისა” და შეთქმულების სხვა მსგავსი თეორიების მოყვარულები ორივეგან საკმარისი რაოდენობით არიან – თუმცა ისევე, როგორც მსოფლიოს ფაქტობრივად ყველა სხვა წერტილში.
იხილეთ ასევე: პანდემია აფრიკაში: შიშველი შამანები - კორონავირუსის წინააღმდეგ
ამ მხრივ საქმეს ვერც იმ ცნობადი და ავტორიტეტული პიროვნებების განცხადებები შველის, რომელთაც COVID-19 გადაიტანეს. ამასწინათ, მაგალითად, კოვიდ-დისიდენტების მთელმა წყებამ ჩვეული ენთუზიაზმით შეუტია რუსეთში მოღვაწე ცნობილი აფხაზი საოპერო მომღერლის ხიბლა გერზმავას ფეისბუქ-პოსტს, რომელშიც კოვიდ-გადატანილი “დივა” მკითხველს შთაბეჭდილებებს უზიარებდა და სიფრთხილისკენ მოუწოდებდა:
«[…] მაისის შუა რიცხვებში ვიგრძენი სისუსტე, ამიწია სიცხემ, თუმცა კორონავირუსზე არც მიფიქრია, სანამ მეორე დღეს ყნოსვა და გემო არ დავკარგე... ეს საშინელება იყო! 10 დღის განმავლობაში მტკიოდა თავიც და მთელი სხეულიც, ძარღვებისა და კანის ჩათვლით, მქონდა მაღალი სიცხე, თვალების საშინელი წვა, თანდათანობით მთლიანად წამერთვა ყნოსვა და გემო.... მედიკოსებმა მსუბუქი ფორმა დამიდგინეს, ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობის გარეშე, სახლის პირობებში მკურნალობით. გაფიქრებაც კი მზარავს, თუ ჩემი ფორმა მსუბუქი იყო, მაშინ რის გამოვლა უწევთ მძიმე ავადმყოფებს?! ვირუსი არსებობს, მეგობრებო და მტერს არ ვუსურვებ ამ კოშმარის გადატანას! ვბრაზდები ადამიანებზე, რომლებიც ამ ყველაფერს არასერიოზულად ეკიდებიან, არ სჯერათ და ფიქრობენ, რომ ეს რაღაც გამოგონილი პრობლემაა… ყველას მოგმართავთ თხოვნით, დაიცავით საკუთარი თავიც და ახლობლებიც!».
კოვიდ-დისიდენტთა “სექტის” წარმომადგენლებმა ძალ-ღონე არც გერზმავას საპასუხოდ დაიშურეს:
- «რა თქმა უნდა, ვირუსი არსებობს, თანაც უკვე დიდი ხანია. პნევმონია ბოლო 10 წელია, ბოგინობს მსოფლიოში, თანაც საკმაოდ თავისუფლად…. უბრალოდ ახლა მოდაა, ყველაფერი “კოვიდ” მიაწერონ. ექიმმა თქვა, “კოვიდიო”? - ესე იგი, “კოვიდია”. მაინტერესებს, თუკი ეს “კოვიდი” ასეთი საშინელია და კოშმარული, რატომ დატოვეს გერზმავა და ტოვებენ სხვებსაც სახლში?!»;
- «აჰა, დაიწყო, აგორდა ისევ… ეს რა მოდა გადმოიღეს უცხოური მედიასაშუალებებისგან, რომლებიც ასევე ცნობად სახეებს იყენებენ ხალხის ტვინებში ამ “ვირუსის” ჩასატენად!… თქვენც დაიჯერეთ, არა?!».
და ასე შემდეგ და ასე შემდეგ…
ახალი ამბების სააგენტო "აქცენტი" და “საქართველოს რეფორმების ასოციაცია” (GRASS) უახლოეს ხანებში ჩეხეთის საელჩოს დაფინანსებით ერთობლივ პროექტს იწყებენ, რომლის ამოცანებს შორის აფხაზეთში გავრცელებული ყალბი ამბების - ე.წ. Fake New-ების გამოვლენა/ანალიზი და აფხაზი ჟურნალისტების ჩართულობით აფხაზური საზოგადოებისთვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდებაც იქნება.
მანამდე კი, რაკი კოვიდ-დისიდენტები ქართულ საზოგადოებაშიც მომრავლდნენ, ჯერ ჩვენს ქართველ მკითხველს გვსურს, მოკლედ შევახსენოთ პრობლემის არსი და მოვუყვანოთ რამდენიმე არგუმენტი მსგავსი შეთქმულებების თეორიების გასაბათილებლად.
რატომ ფიქრობენ ადამიანები, რომ კორონავირუსი არ არსებობს
აქ ერთდროულად რამდენიმე მიზეზია:
1, გარდაუვალის მიღების სტადია
როგორც წესი, ადამიანი სერიოზული განსაცდელის დროს 5 სტადიას გაივლის: უარყოფა, აგრესია, ვაჭრობა, დეპრესია და მიღება. ასე ეგუება ფსიქიკა ახალ ვითარებას. პანდემია თავისუფლად შეიძლება, ჩაითვალოს სერიოზულ განსაცდელად და უარყოფა ამ შემთხვევაში მძლავრი დაცვითი მექანიზმია: “კორონავირუსი არ არსებობს – მაშასადამე, მალე ყველაფერი ისევ ნორმაში ჩადგება”.
2. მოქმედების გადადების მცდელობა
თუ პრობლემის არსებობას ვაღიარებთ, ამას მოჰყვება სხვადასხვა გადაწყვეტილებებისა და მოქმედების აუცილებლობა. მაგალითად, ცხადი გახდება, რომ ეკონომიკა საფრთხეშია, მაშასადამე, საჭიროა ფინანსური უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ალტერნატივების მოძიება სამუშაოს დაკარგვის შემთხვევისთვის. ეს ყველაფერი უსიამოვნოა და მტკივნეული. გაცილებით ადვილია, თავი მოვიკატუნოთ, თითქოს არაფერი ხდებოდეს.
3. უნდობლობა
მრავალ ქვეყანაში პანდემიის ფონზე ხელისუფლებების რეიტინგები მნიშვნელოვნად გაიზარდა. მიუხედავად ამისა, ბევრი უნდობლობით ეკიდება იმას, რაც ოფიციალური სახელისუფლებო წყაროებისგან ესმის. რუსეთის შემთხვევაში, მაგალითად, ეს განსაკუთრებით ეხება სტატუსით გაუგებარ თვითიზოლაციას კარანტინის ნაცვლად და მოქალაქეთა გადაადგილების კონტროლს საგანგებო მდგომარეობის არარსებობის პირობებში.
4. სხვების ფონზე “გაჯგიმვის” მცდელობა
სანამ მთელი მსოფლიო ჭკუიდან გადადის, კოვიდ-დისიდენტი თავს რჩეულად გრძნობს: ის ხომ “საიდუმლოს შეეხო” და “ჭეშმარიტება გამოიცნო”, ახლა კი ისღა რჩება, დაელოდოს, როდის “აეხილებათ თვალი” დანარჩენებს და აღიარებენ მის “სიდიადეს”.
რით არის საშიში კორონავირუსული დისიდენტობა
რისიც არ უნდა სწამდეს კონკრეტულ კოვიდიოტს, მნიშვნელოვანია ერთი რამ: იგი არ იცავს რეკომენდაციებსა და შეზღუდვებს, რომლებმაც ვირუსის გავრცელება უნდა შეაკავოს. რაც მეტია ასეთი ადამიანი, მით მეტი იქნება ინფიცირებული. როგორც ზემოთ აღინიშნა, ჰოსპიტალიზებას ინფიცირებულთა საშუალოდ 20% საჭიროებს, მაგრამ 1000 ადამიანის 20% და 100 000 ადამიანის 20% - ეს სულ სხვადასხვა ციფრებია. შედეგად მნიშვნელოვნად იზრდება იმის რისკი, რომ ვიღაცას სუნთქვის ხელოვნური მართვის აპარატი არ ეყოს, ვიღაცასთან კი კრიტიკულ მომენტში ექიმიც ვერ მივიდეს.
თხოვნებისა და მოთხოვნების იგნორირებას იქამდე მოვყავართ, რომ ხელისუფლებები შეზღუდვებსა და კონტროლს ამკაცრებენ.
კიდევ უარესია, როცა დისიდენტობა თავად ხელისუფლებაში აღწევს. ამის არაერთი მაგალითი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში უკვე გვაქვს. მაგალითად, ბრაზილია სწორედ ახლა ქვეყნის პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონაროს კორონა-დისიდენტობის უმძიმეს შედეგებს იმკის.
აქ უნდა გავიხსენოთ, რით დაიწყო ყველაფერი — აივ-დისიდენტებით. ისინი იგივე სქემით მოქმედებენ და შედეგები უკვე ჩანს, მაგალითად რუსეთში. პრობლემაზე რომ თვალი დავხუჭოთ, ეს ლეტალური შედეგით დასრულდება. ტიუმენში შესაბამისი თერაპიის არჩატარების გამო 2 წლის ბავშვი გარდაიცვალა – მშობლებს აივ-ინფექციის არსებობის არ სჯეროდათ. პეტერბურგში ანალოგიურ გარემოებებში 4 წლის ბავშვი დაიღუპა. ეს შემთხვევები იმის გამო გახმაურდა, რომ ბავშვების მშობლები ორივე შემთხვევაში სასამართლოს წინაშე წარსდგნენ. თავად აივ-დისიდენტებისა და მათ მიერ “ინფიცირებული” მოქალაქეების სტატისტიკა კი, სამწუხაროდ, არ არსებობს.
SARS‑CoV‑2-ის შედარება შიდსთან არაკორექტულია: მეტისმეტად განსხვავებულია ეს ვირუსები. აი, აივ-დისიდენტების შედარება კოვიდიოტებთან — ძალიანაც კორექტული: ერთნიც და მეორენიც ექსპერიმენტებს ატარებენ გარშემომყოფ ადამიანებზე და ამ ექსპერიმენტების შედეგები შესაძლოა, სავალალო აღმოჩნდეს.