ფარკასის აზრით, საქართველო ბელარუსის წინააღმდეგ სანქციებს უნდა შეურთდეს

30-09-2022 10:47:54 კონფლიქტები ,პოლიტიკა

მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორის ეველინ ფარკასის განცხადებით, ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს სუვერენიტეტის შეურაცხყოფაა.

ამის შესახებ ობამას ადმინისტრაციის თავდაცვის მდივნის თანაშემწის ყოფილმა მოადგილემ, რომლის კომპეტენციის სფეროში შედიოდა რუსეთი, უკრაინა და ევრაზია, "აქცენტთან" საუბრისას განაცხადა.

„ძალიან უჩვეულოა, ერთი სახელმწიფოს მეთაური მეორე ქვეყანას ამ ქვეყნის კოლეგის მიწვევის გარეშე ეწვიოს. ამ შემთხვევაში, სეპარატისტულ რეგიონში, რომელიც რუსეთის ხელისუფლების კონტროლს ექვემდებარება, ბელორუსის ლიდერის ვიზიტი, საქართველოს სუვერენიტეტის შეურაცხყოფაც არის. მოსალოდნელია, რომ საქართველოს მთავრობა კატეგორიულად დაგმობს ამ ვიზიტს და ამ ფაქტზე საერთაშორისო საზოგადოებას ყურადღებას გაამახვილებინებს გაერო–სა და ყველა სხვა შესაბამისი არხების მეშვეობით. ბელარუსი არაერთი საერთაშორისო სანქციის ქვეშ იმყოფება. საქართველომ ასევე მკაფიოდ უნდა აჩვენოს, რომ ის მონაწილეობს ამ სანქციებში“, – განუცხადა "აქცენტს" ფარკასმა.

აღსანიშნავია, რომ საქართველო არ შეუერთდა რუსეთის და ბელარუსის წინააღმდეგ უკრაინის ომის გამო დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს.

ცნობისთვის: 28 სექტემბერს ლუკაშენკოს ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში თბილისის თანხმობის გარეშე შედგა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პრეზიდენტმა და საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადეს, რომ „მტკიცედ გმობენ ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში“. საქართველოს პირველმა პირებმა ვიზიტს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის დაუშვებელი დარღვევა“ უწოდეს.

28 სეტემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს ბელარუსის ელჩი, ხოლო საელჩოსთან პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ორგანიზებით საპროტესტო აქცია გაიმართა, სადაც პუტინისა და ლუკაშენკოს პორტრეტები დაწვეს.

ამავე თემაზე: ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში: რატომ ახლა?

ახალი ამბები

სხვა სიახლეები