„მოსკოვი იმედგაცრუებულია“: რას ცდილობს კადიროვი

03-05-2023 19:11:24 კავკასია ,ანალიზი

ჩეჩნეთის კრემლის მიერ ხელდასმული ლიდერი რამზან კადიროვი, რომელიც ყურადღებას ხშირად იქცევს, მათ შორის, სკანდალური განცხადებებით, ამჯერად უცხოეთში გამოსაყენებლად საკუთარი არმიის შექმნას აანონსებს.

"ბოლო დროს ხშირად ვფიქრობ შევქმნა ისეთი კარგი არმია, რომელიც გადავიდოდა სხვადასხვა სახელმწიფოებში და დაიცავდა ხალხს, რომლებსაც დღეს ანადგურებენ, კლავენ ქვეყნები, თავიანთი დემოკრატიით", - გაუზიარა სურვილები ჟურნალისტებს კადიროვმა და დასძინა, რომ არმია მხოლოდ პატრიოტებით იქნება დაკომპლექტებული, რომლებიც "წესრიგის დასამყარებლად თავს გაწირავენ".

ზოგადად, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ რამზან კადიროვის პრივილეგიებით აღჭურვა, ხშირად იწვევდა არა მხოლოდ კრემლის პოლიტიკის კრიტიკოსების, არამედ მომხრეების შეშფოთებას. ამ კონტექსტში ცნობილმა რუსმა ჟურნალისტმა ალექსეი ვენედიქტოვმა კადიროვის თემაზე პუტინთან ერთი–ერთზე საუბარი გაიხსენა, რომელიც მისი თქმით, წლების წინ შედგა:

„პუტინისთვის კადიროვი ბასრი ინსტრუმენტია, შესაბამისად, თუ მას ხელში სწორად არ დაიჭერ, შესაძლოა, დაშავდე. პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ასეც იქცევა: „წესრიგი“ (პუტინის და კადიროვის გაგებით), სეპარტისტებთან, ტერორისტებთან ბრძოლა ... როგორც ვხედავთ, ამას კადიროვი უმკლავდება – ტერაქტებს ვერ ვხედავთ ჩრდილოეთ კავკასიაში. ამისთვის კი საფასურია საჭირო, საფასური კადიროვის გავლენის სფეროს გაფართოებით, ზოგიერთი მისი ეგზოტიკური გამოხტომის ატანით. კადიროვის ძალაუფლება დგას პუტინის მხრებზე და ეს კადიროვმაც კარგად იცის, არ უნდა მივიჩნიოთ ის პრიმიტიულ ველურად, ძალიან ცბიერია და გამოცდილებაც მიიღო რუსეთს შიგნით მართვის. როდესაც ამბობს, რომ პუტინის ქვეითია, ქვეითის არ ვიცი, მაგრამ პუტინის უფროსი ლეიტენანტი კი ნამდვილადაა“.

იხილეთ ასევე:

მაგრამ რამდენად ახდენადია კადიროვის ოცნებები, მით უფრო, რომ მისმა დაჯგუფებებმა თავი ვერაფრით გამოიჩინეს უკრაინის ომში?

„საკანონმდებლო ბაზაც არ არსებობს მსგავსი არმიის შესაქმნელად. ის ფორმირებებიც კი, რომლებიც მას ემორჩილებიან, არა თავდაცვის სამინისტროს, როსგვარდიის ბალანსზეა. ეს ფორმირებები დაახლოებით შინაგანი ჯარის ფუნქციას ასრულებენ“,– განმარტავს „აქცენტთან“ კავკასიოლოგი გელა ხმალაძე, რომელიც კადიროვის ანონსს არასერიოზულად აღიქვამს.

იხილეთ ასევე: „გვაძლევენ ტყვიამფრქვევს და მხოლოდ ოთხ მჭიდს, „უკრაინელებს წაართმევთო“ – ჩეჩენი „მოხალისე“ „კადიროველების“ აღჭურვილობაზე საუბრობს

ის კადიროვის რეალურ განზრახვას სხვა რამეში ხედავს:

„უკრაინის ომში კადიროვმა და მისმა ფორმირებებმა ვერ გაამართლეს ის იმედები, რასაც მოსკოვი ამყარებდა მათზე – თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. იმედგაცრუება ფედერალურ დონეზე და საზოგადოებაში აშკარად იგრძნობა. ამ პირობებში კადიროვმა ფედერალურ ხელისუფლებასთან აქცენტი გააკეთოს, „ამხელა მსხვერპლი გვაქვს, რუსეთისთვის თავი დავდეთო“, ასეც არაა საქმე – ჩეჩნებს შორის მსხვერპლი მაღალი არაა, რადგან ისინი წინა ხაზზე არ გადიან (საბრძოლო ოპერაციების მთელი დატვირთვა „ვაგნერზე“ და თავდაცვის ძალებზე მოდის). ამდენად, კადიროვის როლმა უკრაინის ომის კონტექსტში მოსკოვში ძალიან დიდი იმედგაცრუება გამოიწვია. შესაბამისად, კადიროვი ამ განცხადებებით ცდილობს საკუთარი თავის რეაბილიტაციას, მასზე დახარჯული თანხის გამართლებას (აღმოჩნდა, რომ მასზე დახარჯული სახსრები იმ მიზანს არ ემსახურებოდა, რისი მიღწევაც რუსეთს სურდა უკრაინაში), მტკიცებას, თითქოს ის ჯერ კიდევ საჭიროა არა მხოლოდ რუსეთის ტერიტორიაზე, არამედ მის ფარგლებს გარეთ მოქმედებისთვის და მზადაა, შეასრულოს პუტინის ნებისმიერი დავალება“.

იხილეთ ასევე: ჩეჩნეთის უმდიდრესი მმართველი: „სამ თვესაც ვერ გავძლებთ“

კავკასიოლოგი იზიარებს, მათ შორის, რუსი ანალიტიკოსების შეფასებას, კადიროვის ბედი უშუალოდ პუტინის კეთილგანწყობაზეა დამოკიდებული, ხოლო თავად კეთილგანწყობა ერთგულებასა და ეფექტურობაზე, ამიტომაც მისცეს მას უფლება, „შეექმნა სახელმწიფო სახელმწიფოში, რომელიც გასულია რუსეთის სამართლებრივი სივრციდან, ყველა ფედერალური უწყების დაქვემდებარებიდან“:

„კადიროვს აქვს სრული თავისუფლება მოქმედებაში, შეუზღუდავი დაფინანსება, ავტონომიური ბიუჯეტი, შეუძლია, მთელი რუსეთის მასშტაბით მოიქცეს სურვილისამებრ, ჩაატაროს სპეცოპერაციები და ამაზე ყველა ფედერალური უწყება თვალს ხუჭავს, რადგან იციან, რომ ის პუტინის პროექტია, ხელს არავინ უშლის, გაუსწორდეს საკუთარ კრიტიკოსებს ქვეყნის შიგნით და ფარგლებს გარეთაც, ჰყავს საკუთარი ფორმირებები – ნაციონალური გვარდიის შენაერთები რუსეთის ყველა სუბიექტში არსებობენ, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში არ ემორჩილებიან ამ სუბიექტის მეთაურს, გამონაკლისი მხოლოდ ჩეჩნეთია. კადიროვის ავტორიტეტი კი სწორედ მათზე – ძალადობაზე, იარაღზე, შიშზე დგას. თუ მას ფორმირებები აღარ ეყოლება, მისგან აღარაფერი დარჩება, მისი არსებობა ფუნქციას დაკარგავს. ეს იცის და აშინებს“.

კავკასიოლოგი დასძენს, რომ თუ პუტინმა მისი როლის მიმართ იმედგაცრუება იგრძნო, ის დაკარგავს ყველაფერს, შესაბამისად, დასრულდება „პროექტი“ კადიროვიც, „ამიტომაც ცდილობს, უპირველესად, პუტინს დაანახოს თავისი თავის საჭიროება“.

იხილეთ ასევე:

ახალი ამბები

სხვა სიახლეები