31-07-2024 16:13:20 ინტერვიუ
მსგავსად პარლამენტის თავმჯდომარისა, საქართველოს პრემიერ–მინისტრმაც სამეზობლო პოლიტიკის კონტექსტში შემოგვთავაზა სანქცირებულ ირანის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე ოფიციალური თბილისის უმაღლეს რანგში წარმოდგენილობის აუცილებლობა, ხოლო რადიკალური ისლამისტური დაჯგუფებების ლიდერების გარემოცვაში საქართველოს პრემიერის ყოფნით გამოწვეულ, მსუბუქად რომ ვთქვათ, უხერხულობაზე კითხვებს, „სამარცხვინო სპეკულაცია“.
თუმცა, მსგავსი განმარტებები დამაკმაყოფილებელი არ არის პროცესზე დამკვირვებელთა ნაწილისთვის ფართო კონტექსტის გათვალისწინებით, რომელიც სამეზობლო პოლიტიკას სცდება და საგარეო პოლიტიკური ვექტორის განვითარებას გულისხმობს. ეს კონტექსტია ერთის მხრივ, საქართველოს მკვეთრად გაუარესებული ურთიერთობები ტრადიციულ დასავლელ პარტნიორებთან, მათ შორის – აშშ–სთან; მეორეს მხრივ – ანტიდასავლური „კლუბის“ რიგ აქტორებთან საქართველოს ურთიერთობების ინტენსიფიკაცია ანტიდასავლური რიტორიკის თანხლებით. ამ ფონზე ერთგვარ დემარშად და დასავლეთთან ვაჭრობის მცდელობადაც შეფასდა საქართველოდან მაღალი რანგის დელეგაციის ვიზიტი თეირანში.
სწორედ საგარეო პოლიტიკური კურსის კონტექსტში განიხილავს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ხსენებულ ვიზიტს და იხსენებს რეგიონული თანამშრომლობის ჯერ კიდევ 2020 წელს დაანონსებულ პლატფორმას, რომელიც ანტიდასავლური კოალიციის შექმნის მცდელობად განიხილება და 2021 წელს „3+3“–ის (მოიაზრებდა კავკასიის სამი ქვეყნის და რუსეთ–თურქეთ–ირანის ჩართულობას) ნაცვლად „3+2“ფორმატში აიღო სტარტი – საქართველომ მასში მონაწილეობაზე უარი განაცხადა:
„ბიძინას ჩანაფიქრი განვითარების ვექტორის თაობაზე თავიდანვე ტრანზიტული იყო: ცხადია, ის პირდაპირ არ იტყვის, „ვბრუნდებით რუსეთის იმპერიაშიო“ – გარკვეული რაღაცის „ჩაფენა“ სჭირდება, რომ საბოლოო ჯამში, ამ მიმართულებით ვიაროთ და ეს არის 3+3 ფორმატი... ივანიშვილი თავის გეგმებში ამგვარად ფიქრობს, რომ მხოლოდ ორი პერსპექტივა აქვს: ან ერეკლე მეორე უნდა გახდეს ან სერგო ორჯონიკიძე და ცდილობს, ერეკლე II –ს მოდელი გაითამაშოს – შექმნას სიტუაცია, რომელიც იყო 1783 წლის წინა პერიოდში: სამი დიდი იმპერია გლეჯდა საქართველოს და საბოლოოდ, ერეკლე იძულებული გახდა, ამ სამი იმპერიიდან ერთმორწმუნე რუსეთი აერჩია და ტრაქტატზე მოეწერა ხელი. ახლაც იმპერიული ამბიციები აქვთ თურქეთს და ირანს, არა მხოლოდ რუსეთს. და რას ნიშნავს 3+3? სამმა რეგიონულმა ზესახელმწიფომ გადაინაწილოს გავლენები სამ კავკასიურ სახელმწიფოში. მაგრამ ვფიქრობ, გეგმა სტრატეგიულად უფრო შორს მიმავალია თუ ამ ფორმატში შეგვიტყუეს: ამას „ჩაეფინება“ შემდეგი ნარატივი, რომ „დასავლეთზე ჩვენ კი არ ვთქვით უარი – ჩვენ ყველაფერი სწორად გავაკეთეთ – თავად გვიღალატეს, მათ ჩაიქნიეს ხელი, ამიტომ, იძულებულები ვართ, ამ რეგიონულ სისტემაში მივიღოთ მონაწილეობაო“. თუ ეს „გადაყლაპა“ საზოგადოებამ და შევალთ ამ სისტემაში, ეს პირველი ეტაპი იქნება. მეორე ეტაპზე იწყება 1783 წლის წინა პერიოდის ფორმირება – გააქტიურდება მართლმადიდებლური ეკლესია, სხვა ფიგურანტებიც უკვე დამუშავებული თემებით ირანელებსა და თურქებზე და კი, თურქეთი ოკუპანტია, მაგრამ რაღაც პერსპექტივები გვიჩნდება [ტერიტორიული მთლიანობის] და ისევ „ერთმორწმუნე“ რუსეთიო“. ფაქტობრივად, ივანიშვილი ამზადებს „ტრაქტატი 2“–ს – სიტუაციას, როდესაც უალტერნატივობის განცდა გაჩნდება რუსეთთან მიმართებით“,–თქვა ხუხაშვილმა.
განსხვავებული დაკვირვება აქვს მკვლევარ გიორგი გობრონიძეს, „სამეზობლო პოლიტიკა გვჭირდება“,– ამბობს ის „აქცენტთან“ თემის კომენტირებისას და ხაზს უსვამს, რომ საქართველოს ურთიერთობები დასავლელ პარტნიორებთან და ურთიერთობები ირანთან, რომელიც სამეზობლოს ნაწილად განიხილება, ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს.
„ჩვენ არ ვართ ევროპის ცენტრში, არც დასავლეთ ევროპაში. გვინდა თუ არა, ესაა ჩვენი რეგიონი, ასეთია ჩვენი სამეზობლო. მარტივად რომ ვთქვათ, თბილისიდან თეირანამდე მანქანით 10 საათის გზაა... ამდენად, ჩემთვის ახსნადი და ლოგიკურია, რომ საქართველო შეიძლება, დაინტერესებული იყო ირანთან ურთიერთობების ინტენსიფიკაციით. ამის მცდელობები ადრეც იყო“,– იხსენებს გობრონიძე და დასძენს, რომ ტრადიციული პარტნიორები ამ ინტენსიფიკაციას „გაგებით“ ეკიდებოდნენ.
საქართველომ და ირანმა მოქალაქეთა უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას 2010 წლის ნოემბერში მოაწერეს ხელი ირანის მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის მანუჩერ მოთაქის თბილისში ვიზიტისას. „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროს, 2013 წელს საქართველომ ცალმხრივად შეაჩერა უვიზო რეჟიმი, 2016 წელიდან კი კვლავ აამოქმედა.
„მიუხედავად იმისა, რა დღის წესრიგი აქვს დასავლეთს ირანთან ურთიერთობებში, ირანთან ჩვენ კარგი ურთიერთობები გვჭირდება“,– დარწმუნებულია გობრონიძე და შემდეგი არგუმენტები მოჰყავს:
ამრიგად, მისი ხედვით, „გვჭირდება კარგი ურთიერთობები“ თეირანთან, მაგრამ აქვე საქართველო–ირანის ურთიერთობების კონტექსტში ხაზს უსვამს სიფრთხილის აუცილებლობას, ვინაიდან მეზობელი „არც თუ კონსტრუქციული აქტორია საერთაშოისო პოლიტიკაში“.
ამავდროულად გობრონიძე პრობლემა სხვა რამეში ხედავს:
„მთლიანად უნდა შევხედოთ ქართულ დიპლომატიას: იმ პირობებში, როდესაც ჩვენი დიპლომატია თითქოს ცდილობს, გადავიდეს მულტივექტორულ რელსებზე – ჩინეთთან ურთიერთობების ინტენსიფიკაციას ვცდილობთ, შავი ზღვის აუზში შემოვიყვანეთ ჩინეთი (ეს საერთოდ სიახლეა გეოპოლიტიკისთვის, რადგან განიხილებოდა, რომ ეს აუზი არ იყო საინტერესო პეკინისთვის) და ვცდილობთ ამ შესაძლებლობის გამოყენებას; ვაუმჯობესებთ ურთიერთობებს ირანთან... ამ ფონზე ქვეყნებთან და გაერთიანებებთან მიმართებით, რომლებიც ტრადიციულ პარტნიორებად ითვლებოდნენ, რიტორიკა მკვეთრად გაუარესებული გვაქვს. მულტივექტორული დიპლომატია იმგვარადაც შეიძლება აწარმოოს ქვეყანამ, რომ ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებზე იმ ტონალობაში არ ილაპარაკოს, როგორც ცხოვრებაში არ ულაპარაკია მაგალითად, ჩინეთის მმართველსაც კი და თვითონ ირანის აიათოლას. სწორედ აქაა პრობლემა“.
ამდენად, გობრონიძე დასკვნის სახით ამბობს, რომ საქართველო–ირანის ურთიერთობები არ უნდა იყოს მიბმული საქართველო დასავლეთის ურთიერთობებზე, მაგრამ ერთი საქმის კეთებისას მეორე უნდა დაზიანდეს: მეზობელი ქვეყნის მიწვეული ლიდერი რომ ჩავიდა ირანში, კარგია, მაგრამ დასავლეთთან კარგი ურთიერთობების ფონზე რომ განხორციელებულიყო ეს ვიზიტი, იქნებოდა უკეთესი“.